Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრების შეცვლისა და უცხოელი პროკურორების ჩამოყვანის კვირა


მინისტრების კანდიდატურების წარდგენა
მინისტრების კანდიდატურების წარდგენა

მიმოხილვა დავიწყოთ მოვლენით, რომელიც ბევრისთვის მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა. 21 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა შვიდი მინისტრი, საიდანაც ორი კვლავ დაბრუნდებოდა მინისტრთა კაბინეტში. ითქვა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე დავით დარახველიძეს შეცვლიდა, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს, ჩაანაცვლებდა.

ამ ოთხი მინისტრის გარდა, ცვლილებები შეეხო კიდევ სამ მინისტრს. გათავისუფლებულთა შორის ასევე დასახელდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რომლის ადგილზეც ოდნავ მოგვიანებით ოთარ დანელია დასახელდა; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, რომელიც მიხეილ გიორგაძემ ჩაანაცვლა, და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, რომლის ადგილიც გელა დუმბაძემ დაიკავა. სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გახდა, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად პრემიერმა დავით შავლიაშვილი წარადგინა. ძველ მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის, თუმცა იქვე გარკვევით მიანიშნა, რომ მათი მუშაობა არასაკმარისი იქნებოდა სამომავლოდ:

„მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ და სხვა ტემპებია საჭირო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები და ამით მთავრობის ეფექტიანობა გაიზარდოს“.

ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვგულისხმობ - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩვენ ყველაფერს მოვასწრებთ და გავაკეთებთ...
ირაკლი ღარიბაშვილი

იმის გამო, რომ პარლამენტის მიერ 20 მინისტრის დამტკიცების შემდეგ უკვე შეიცვალა 9 მინისტრი, ანუ მესამედზე მეტი, ხოლო კონსტიტუციის თანახმად, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს პარლამენტმა, მოვლენებიც სწორედ ამგვარად განვითარდა.

ხმაურიანი კამათით გამორჩეული და ემოციურად დაძაბული საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 25 ივლისს ცალ-ცალკე წარუდგინა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, უმცირესობის წარმომადგენლები მას მხოლოდ დემაგოგიურ, პოპულისტურ და სიცრუეზე აგებულ შეკითხვებს უსვამდნენ, რაზეც შეუძლებელი იყო სერიოზული პასუხების გაცემა.

უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი იგნორირებას უკეთებს ოპოზიციის მოსაზრებებს და კრიტიკას გაუგებარი ცინიზმით პასუხობს.

უმცირესობასთან შეხვედრის მსგავსად, კრიტიკისა და პოლიტიკური ბრალდებების ფონზე ჩაიარა 26 ივლისის რიგგარეშე სხდომამაც, რომელზეც, ოპოზიციის დემარშის ფონზე, პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. ოპონენტები მთავრობას ძირითადად წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაზე ელაპარაკებოდნენ. უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ პრემიერს შესთავაზა, რომ ცრუ დაპირებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ინტერნეტში მოეპოვებინა:

გიორგი თევდორაძე: dreammeter – არის ასეთი საიტი. თუკი შებრძანდებით ან შევლენ თქვენი აპარატის თანამშრომლები, უამრავ ასეთ დაპირებას ნახავთ - ელექტროენერგიის, გაზის ტარიფის თუ საწვავის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ძალიან გაგიჭირდათ, მგონი. dreammeter - ეს არის თქვენი შექმნილი საიტი - მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო. თქვენს მიერ შექმნილ საიტზე რა ინფორმაციასაც დადებთ, ამაზე მე მთხოვთ კომენტარს?! არასერიოზულია, უბრალოდ. თქვენ ძალიან გაგიჭირდათ...

გიორგი თევდორაძე: ფაქტები დევს იქ, ფაქტები... სატელევიზიო გამოსვლების ამონარიდები დევს იქ...

მთავრობის წევრები პარლამენტში
მთავრობის წევრები პარლამენტში

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ჩასაფრებული არაკეთილმოსურნის როლს ასრულებს და რომ ყოვლად უსაფუძვლოა კრიტიკა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებასთან დაკავშირებით:

”ჩვენ ყველა დაპირება შევასრულეთ. უფრო მეტს გეტყვით - ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, რაც არ დავპირდით მოსახლეობას... ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვგულისხმობ - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩვენ ყველაფერს მოვასწრებთ და გავაკეთებთ”.

რამდენიმესაათიანი მწვავე კამათის შემდეგ, ვიდრე პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიდა კენჭს, სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმცირესობამ.

მიმდინარე კვირაში პარლამენტის წიაღში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მეტიც, მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, რომელსაც 298 მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საგნადაც კი იქცა საქართველოში. ოპონენტები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურია რუსეთის დანაშაულებრივი ქმედების შეფასებისას, რითაც ემიჯნება საერთაშორისო მოკავშირეებს და, უპირველეს ყოვლისა, უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებს, რომელიც უკვე ღიად ადანაშაულებს თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსეთსა და მის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვდა, რომ პარლამენტს რეზოლუცია მიეღო ამ საკითხთან დაკავშირებით; საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ვიდრე საერთაშორისო გამოძიება თავის სიტყვას არ იტყვის და ერთიანი პოზიცია არ გამოიკვეთება, საქართველოს არ მოეთხოვება იყოს ”პაპზე უფრო დიდი კათოლიკე”.

აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის: პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა თუ საგარეო საქმეთა მინისტრმა. 17-18 ივლისს გამოქვეყნებულ თუ გახმოვანებულ განცხადებებში ისინი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ თვითმფრინავის კატასტროფის გამო და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველო აუცილებელი საერთაშორისო სამართლიანი გამოძიების შედეგებს დაელოდება. ამ განცხადებებში ნახსენები არ იყო რუსეთის ფედერაცია.

როგორც ჩანს, შემდეგი სამიზნე პრეზიდენტი სააკაშვილია,რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში...
მიხეილ მაჭავარიანი

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურატურის მოწვევით საქართველოში სისხლის სამართლის სფეროს გამოცდილი უცხოელი ექსპერტები, მოქმედი იურისტები ჩამოვიდნენ. მათ შორის არიან: გაეროს დაქვემდებარებული სტრუქტურის - ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის - ჰააგის ტრიბუნალის - მთავარი პროკურორის მოადგილედ ნამუშევარი ჯეფრი ნაისი; ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.

”ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს იმის ნიშანი აღმოჩნდა, რომ მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და რომ მალე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯერიც დადგება. ეჭვი ამის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა:

”დღევანდელი პროკურატურის ამოცანა, უბრალოდ, იმ კრიტიკის განეიტრალებაა, რაც ამ მთავრობას დამსახურებულად ერგო საერთაშორისო ასპარეზზე. და, როგორც ჩანს, შემდეგი სამიზნე პრეზიდენტი სააკაშვილია,რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში. პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის წამოწყება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი”.

ხელისუფლება ზოგადად არ მალავს, რომ უცხოელი ექსპერტების დახმარება მათ მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივი დევნის პროცესშიც დაეხმარება. გვარების დაკონკრეტების გარეშე, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების გამოძიების პროცესში - კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით - განსაკუთრებით ღირებული იქნება იმ ექსპერტების რეკომენდაციები, რომლებსაც აქვთ სასამართლოებში მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მხარდაჭერის გამოცდილება.

ჩეულებრივ პარლამენტის წევრს აქვს ხელფასი ასევე 2 000 ლარი, ამას დამატებული 1 790 ლარი - დანამატის სახით. რეალური ხელფასი პარლამენტარის არის 3 790 ლარი - დაქვითვის გარეშე...
ლევან ავალიშვილი

მიმდინარე კვირაში, კერძოდ, 24 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, როცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა „2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი წარადგინა, უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დასვა შეკითხვა, იგეგმება თუ არა 2015 წელს ხელფასის გაზრდა პარლამენტის წევრებისთვის:

”მესმის, რომ არაპოპულარულ საკითხს ვეხები, ვფიქრობ, რომ საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკაში სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ, რაც სამართლიანად არ მიმაჩნია“.

ხელფასების გაზრდა დაგეგმილი არ არის, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებებს იზიარებს დავით ონოფრიშვილი. მისი განმარტებით, პარლამენტარის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხელზე ასაღები თანხა კი 1600 ლარს არ აღემატება. ასეთ კალკულაციას არამართებულად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა. მაგალითად, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ, მაგალითად, ანაზღაურების სახით პირადად მას 3444 ლარი ჩაერიცხა.

როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან ავალიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელფასს დაარქმევენ თუ სხვა რამეს, ყოველთვიურად არც ერთი დეპუტატი არ ღებულობს 1600 ლარს:

„პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგალითად, აქვს 2 000 ლარი ხელფასი, დანამატი აქვს 3 905 ლარი. ჩეულებრივ პარლამენტის წევრს აქვს ხელფასი ასევე 2 000 ლარი, ამას დამატებული 1 790 ლარი - დანამატის სახით. რეალური ხელფასი პარლამენტარის არის 3 790 ლარი - დაქვითვის გარეშე. თავმჯდომარის მოადგილეს აქვს 5 500 ლარი, ფრაქციის თავმჯდომარეს - 4635, უმრავლესობის ლიდერის მოადგილეს - 3 970 და ა.შ...”

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG