Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირებისა და საყდრისის მცველთა კვირა


მიმოხილვა დავიწყოთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებით, მოვლენით, რომელიც არათუ მიმდინარე კვირის, არამედ ბოლო ათწლეულების მთავარ მოვლენადაც შეფასდა. 490 ხმა 76-ის წინააღმდეგ – კენჭისყრის ასეთი შედეგით დასრულდა რატიფიცირების პროცედურა 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სხდომაზე სტრასბურგში. მომხრე ევროპარლამენტარები ამ დოკუმენტს განიხილავენ საქართველოსკენ გაწვდილ დახმარების ხელად და შესაძლებლობად, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრებისთვის განკუთვნილ აივანზე ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, თანმხლებ პირებთან ერთად. დარბაზში ტაში ორივეს მისამართით დაუკრეს. განსხვავება ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა წარადგინა, ხოლო გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს სხდომის თავმჯდომარემ წარუდგინა. პრეზიდენტი მარგველაშვილი სხდომათა დარბაზში სიტყვით არ გამოსულა. მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მას რატიფიცირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მიეცა.

„დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ წინ მივიწევთ ევროპული ერების ოჯახისკენ, ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებსაც, კულტურული თუ ემოციური თვალსაზრისით, ჩემი ხალხის არაერთი თაობა დგამდა, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო “, – ეს სიტყვები პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რატიფიცირების პროცედურამდე რამდენიმე საათით ადრე წარმოთქვა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საქართველოს შესახებ მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრი ლატვიიდან ანდრეის მამიკინსი. „გახარებული და ბედნიერი ვარ“, – განაცხადა მან და 18 დეკემბერს უწოდა ისტორიული დღე საქართველოსთვის:

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ დავიწყებთ მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლის თაობაზე და შესაძლოა მომავალში ვილაპარაკოთ ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრინციპია გაფართოება, საქართველო კი ევროპული ქვეყანაა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს დღეს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. სტრასბურგში ასობით ევროპელი პარლამენტარის მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში...
ჯენ პსაკ

18 დეკემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა ასევე რეზოლუცია ანდრეის მამიკინსის იმ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც მან სექტემბერში საქართველოში სტუმრობის შემდეგ მოამზადა. თუმცა ტექსტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა ევროპის სახალხო პარტიის აქტიურობის შედეგად. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, მაგრამ აქვეა შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული აქცენტები. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოასწოროს ხარვეზები, რომლებიც ასახულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მიერ მომზადებულ ანგარიშში – სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში, სადაც განხილულია ყოფილი თანამდებობის პირების 14 საქმე.

ანგარიშში, სადაც რამდენიმე ათეული რეკომენდაციაა მოცემული, ვკითხულობთ: „მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის: კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლება, საზოგადოებრივი ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, საჯარო განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და დუმილის უფლება, თავისუფლების უფლება, მხარეთა თანასწორობა, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ადვოკატის ყოლის უფლება და მოწმეთა დაცვა. ზემოაღნიშნული სამართლიანი სასამართლოს უფლებების განხილვა შესაბამის თავებში შეზღუდულია სამართლიანი სასამართლოს უფლების კონკრეტული ასპექტებით, რომელთა პრობლემურობა იქნა იდენტიფიცირებული“.

შერჩევით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გარდა, რეზოლუცია ასევე მოიცავს საქართველოს ინტერესებისთვის მეტად პრინციპულ საკითხებს. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აქვეა მოწოდება, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა და საგანგებო ვიდეოგანცხადება გაავრცელა ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მაგრამ ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად ქვეყანამ უნდა განაგრძოს სასამართლო სისტემის რეფორმირება და კანონის უზენაესობის განმტკიცება. იოჰანეს ჰანი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს სეგმენტს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა წარმოადგენს, დროებით რეჟიმში უკვე მოქმედებს 2014 წლის სექტემბრიდან. ვიდეომიმართვაში ხაზი ესმება კონკრეტულ მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს:

იოჰანეს ჰანი
იოჰანეს ჰანი

„ვაჭრობის სფეროში 2014 წლის სექტემბრის მონაცემები ადასტურებს, რომ 50 პროცენტით გაიზარდა ევროკავშირში საქარველოდან იმპორტი – ძირითადად თხილისა და მინერალური პროდუქციის სახით. ცხადია, ევროკავშირთან გაზრდილ ვაჭრობას სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ვაჭრობის სფეროს რეფორმირებაში და, კერძოდ, დაეხმარება საშუალო და მცირე საწარმოებს, რათა შეძლონ ადაპტირება ბიზნესის ახლებურ პირობებთან. ამისთვის 51 მილიონი ევრო გამოიყოფა. ეს არის კონკრეტული სარგებელი თქვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა შეერთებულმა შტატებმა მიულოცა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, ეს არის საქართველოს მისამართით ევროპის მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის ახალი შესაძლებლობები:

„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს დღეს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. სტრასბურგში ასობით ევროპელი პარლამენტარის მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. კენჭისყრა არის საქართველოსადმი ევროპის მზარდი ნდობის დემონსტრირება და ქვეყნის მიერ მთელი რიგი რეფორმების გატარების დასტური. ამერიკის შეერთებული შტატები უერთდება ევროკავშირს ქართველი ხალხის მხარდაჭერაში“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმებას რატიფიცირება გაუკეთა 11-მა ქვეყანამ. ესენია: ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია. სრულყოფილ რეჟიმში ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინოს ევროკავშირის 28-ვე წევრმა ქვეყანამ.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატი 2 წლით გახანგრძლივდა. მანამდე მანდატის გახანგრძლივების ვადა ერთ წელიწადს წარმოადგენდა. მართალია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას ვერ ახერხებენ, მაგრამ არავინ დავობს, რომ ევროკავშირის 200-ზე მეტი მეთვალყურის საქმიანობა პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოში და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით. მიმდინარე კვირაში ასევე ცნობილი გახდა სამეთვალყურეო მისიის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. ამ პოსტზე ლიტველი დიპლომატი კესტუტის იანკაუსკასი დაინიშნა. მან გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო მუშაობა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბოლო წლებში ის იკავებდა ნატოში ლიტვის წარმომადგენლის პოსტს. ის ტოივო კლაარს შეცვლის, რომელიც სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე 2013 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება...
გიორგი მარგველაშვილი

მიმდინარე კვირაში გრძელდებოდა „საყდრისის მცველთა“ საპროტესტო აქციები სახელმწიფო სტრუქტურებთან და, უპირატესად, კულტურის სამინისტროსთან. ისინი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის ოქროს მაღაროს იმ ნაწილის შენარჩუნებას, რაც აფეთქებას გადაურჩა. თუმცა როგორც მადნის მომპოვებელი კომპანიის „RMG Gold“-ის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ამბობს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 12 დეკემბრის ბრძანების თანახმად, საყდრისის მაღარო მიჩნეულია „არქეოლოგიურ ობიექტად“ და არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად – ეს კი „RMG Gold“-ს ობიექტის დაშლისა და გადატანის უფლებას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის საკითხს ჯერ ისევ განიხილავს სასამართლო, კომპანია მაინც აგრძელებს მადნის მოპოვებას მძიმე ტექნიკის გამოყენებით. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა სულხან სალაძემ, აფეთქება და ბულდოზერების მუშაობა ვერანაირად ვერ ჩაითვლება არქეოლოგიური ობიექტის დაშლად, მით უფრო, რომ პროცესი არქეოლოგების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს.

20 დეკემბერს ამ საკითხზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საყდრის-ყაჩაღიანის თემის გააქტუალურება გრანტების მომპოვებელი „ვიწრო ჯგუფის“ ინტერესად დაასახელა. პრემიერი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას მიუღებლად მიიჩნევს, რადგანაც, მისი თქმით, ობიექტს თავდაპირველად სტატუსი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოეხსნა. თუკი ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით ვიმსჯელებთ, არჩევანი კომპანიაში დასაქმებულთა სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს:

„აქეთ არის 3 000 ოჯახის შენახვა, მათი კეთილდღეობა და აქეთ არის სტერილური არქეოლოგიური ობიექტი. მივმართავ საზოგადოებას, რომელი გვირჩევნია – გადავარჩინოთ ის 3 000 ოჯახი და ბოლნისის მუნიციპალიტეტი, რომელიც არის მიბმული მთლიანად ამ კომპანიაზე, თუ გადავარჩინოთ თუ შევინახოთ და არაფერში გამოგვადგეს ეს არქეოლოგიური ობიექტი?!“

პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე ერთი დღით ადრე – 19 დეკემბერს – საყდრის-ყაჩაღიანის პრობლემას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. „საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება", - განაცხადა პრეზიდენტმა. ის თვლის, რომ „თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას“.

19 დეკემბერს მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში, მოკლეს საქართველოს მოქალაქე – 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც უკრაინის მხარეს მოხალისედ იბრძოდა. ის მოკლეს ქალაქ სჩასტიაში პარასკევს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG