Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მისალოცი ბარათები მთელ საქართველოში ქუთაისის სოციალური საწარმოდან


ქუთაისი
ქუთაისი

კვილინგის ტექნიკით შესრულებული მისალოცი ბარათების ყიდვა რამდენიმე თვეა ტურისტებისთვის - და არამარტო მათთვის - სხვადასხვა ადგილზეა შესაძლებელი. წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდებით შესრულებული კომპოზიციები უამრავი დეტალისგან შედგება და დიდ ნებისყოფასა და ბევრ შრომას მოითხოვს. მისალოც ბარათებს ქუთაისში მდებარე სოციალურ საწარმო „ფარშევანგში“ ამზადებენ, სადაც სოციალურად დაუცველი, დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 10 ადამიანია დასაქმებული, რამდენიმე კი ჯერ სწავლობს და უახლოეს პერიოდში დასაქმდება.

სოციალური საწარმო ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელშეწყობით გასულ წელს შეიქმნა. რამდენიმე თვის წინ ცენტრმა და ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ ერთობლივი ძალისხმევით სოციალური საწარმოს განვითარების სამწლიანი ბიზნესგეგმა შეიმუშავეს. როგორც ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა კილაძე ამბობს, ბიზნესგეგმა პროდუქციის სახეობების გაზრდასა და საწარმოო პროცესის განვითარებას ეტაპობრივად ითვალისწინებს. ლიკა კილაძე იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლებიც პროდუქციის გაყიდვისას იქმნება.

მისი თქმით, მისალოცი ბარათები იყიდება წიგნის მაღაზიათა ქსელში საქართველოს მასშტაბით და გაყიდვების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაცაა დაგეგმილი.

დასაქმების პერსპექტივით, სპეციალურ სწავლებას საწარმოში ამჟამად 7 ადამიანი გადის. ლალი ბეგალიშვილი მათ კვილინგის ტექნიკას ასწავლის და მუშაობის პროცესს აჩვევს. როგორც პედაგოგი ამბობს, სწავლის პროცესი სასიამოვნოდ მიმდინარეობს.

თინათინ გაბისიანი უკვე ერთი თვეა კვილინგის ტექნიკას სწავლობს და მალე დასაქმდება. როგორც თავად ამბობს, მუშაობა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისალოცი ბარათების დამზადება კი არ უჭირს.

თინათინ გაბისიანის მსგავსად, სწავლის პროცესი სასიამოვნოა სოფიო ჭელიძისთვისაც. სოფიოს თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია იყოს დასაქმებული და თან სასიამოვნო საქმეს აკეთებდეს.

სოციალურ საწარმოში დამზადებული მისალოცი ბარათების გაყიდვით ადმინისტრაციული ხარჯები და დასაქმებულთა ხელფასი იფარება, რომელიც მათ გამომუშავების მიხედვით ეძლევათ. „ფარშევანგში“ ზოგჯერ კერძო დაკვეთებსაც ასრულებენ, თუმცა მისალოცი ბარათების ხელმისაწვდომი ფასის გამო საწარმო მოგებაზე ორიენტირებული არ არის. სოციალური საწარმოს მესვეურთა თქმით, მთავარია რაც შეიძლება მეტი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდეს და საკუთარი უნარების რეალიზებით გამოიმუშაოს ხელფასი.

XS
SM
MD
LG