ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 09:14

ეკონომიკა / საქართველო

საქართველოში მსოფლიო ბრენდების პროდუქციას კერავენ

ქუთაისის ფაბრიკა "იმერი"
ქუთაისის ფაბრიკა "იმერი"

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
მიხეილ სააკაშვილს არაერთი საწარმოს გახსნაში მიუღია მონაწილეობა. პრეზიდენტი ხშირად ამაყობს იმით, რომ საქართველოში ახალი ქარხნები და ფაბრიკები იხსნება, საზოგადოების ნაწილს კი ეს მხოლოდ პიარ-აქციები ჰგონია და ბევრი ამაზე ხუმრობს კიდეც. მაგრამ ხელისუფლება ირწმუნება, რომ, თუნდაც სამკერვალო სფეროში, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. საინტერესოა, როგორ ფუნქციონირებს ტანსაცმლის მწარმოებელი ფაბრიკები საქართველოში.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას, ქართულენოვან სოციალურ ქსლებში გავრცელდა იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურის ფოტო. ფოტოზე ”პუმის” ბრენდის ლოგოტიპის ქვევით ამოტვიფრული იყო წარწერა ”დამზადებულია საქართველოში”. ბევრს ეს ფოტომონტაჟი ეგონა, ბევრი კი ამტკიცებდა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურები საქართველოში დამზადდა.

ფაქტი, რომ ტანსაცმლის დიზაინითა და წარმოებით მსოფლიოში სახელგანთქმული იტალია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესამოსად საქართველოში დამზადებულ მაისურებს იყენებს, ერთი შეხედვით მართლაც დაუჯერებლად გამოიყურება. ეს თუნდაც იმითაა დაუჯერებელი, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე საქართველო იმდენად უხარისხო პროდუქციას აწარმოებდა, რომ მას, არათუ იტალიელები, ქართველებიც არ იყენებდნენ. ეს რომ ასე აღარ არის, ბათუმის მახლობელ დაბა ხელვაჩაურის სავაჭრო ცენტრში მიხვდებით, სადაც იაფად იყიდება იქვე, ხელვაჩაურის ფაბრიკაში, შეკერილი მსოფლიო ბრენდების ტანისამოსი.

თამაზ შავაძეთამაზ შავაძე
x
თამაზ შავაძე
თამაზ შავაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის თამაზ შავაძის განცხადებით, აჭარაში, სულ, ხუთი მსხვილი ფაბრიკა ფუნქციონირებს:

” ’პუმა’, ’ლოტო’, ’ზარა’, ’მარკ სპენსერი’, ’კოტონი’ და ასე შემდეგ. როდესაც ესენი ენდობიან ჩვენს საწარმოებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის. წელიწადში ორჯერ გზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც საწარმოო პროცესს აკვირდებიან...”

უცხოელი კონტრაქტორები, ქართული საწარმოების პროდუქციის ხარისხის მონიტორინგის გარდა, დიდ ყურადღებას აქცევენ დასაქმებული მუშახელის სამუშაო ადგილების კომფორტს, უსაფრთხოებას, დაზღვევას და სხვა სტანდარტებს. მთავარი, რაც მსოფლიო ბრენდებს საქართველოში იზიდავს, პროდუქციის დაბალი თვითღირებულება, დაბალი გადასახადები და მარტივი ბიუროკრატიული პროცედურებია. ამას ემატება ევროკავშირთან ”ჯი-ეს-პი პლუსის” სისტემა. თამაზ შავაძის განცხადებით, ამ სისტემის გამო თურქი ბიზნესმენებიც კი პროდუქციის საქართველოში წარმოებას ამჯობინებენ:

”თურქეთს აქვს ევროკავშირის კვოტა, რათა ტექსტილის პროდუქცია საბაჟო გადასახადების გარეშე შეიტანოს. ეს კვოტა უკვე მაისის თვეში ივსება და მას შემდეგ შეკერილი ტანსაცმელი ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადებით შედის. საქართველოს ეს კვოტა თავისუფალი აქვს და ამით სარგებლობენ. ბევრი ეძებს ბაზარს დსთ-ის ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს და ეს მომგებიანია.”

ამ და სხვა უპირატესობების გამო იმედოვნებენ, რომ ახალი დიდი ფაბრიკების გახსნასთან ერთად წვრილი საოჯახო სამკერვალოებიც მომრავლდება და ქსოვილების წარმოებასაც ჩაეყრება საფუძველი.
რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ...

აჭარის გარდა სამკერვალო ფაბრიკები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებს, მათ შორისაა ქუთაისიც.

სააქციო საზოგადოება ”იმერმა”, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში აშენდა,  საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის რთულ პერიოდს დიდი ძალისხმევის შედეგად გაუძლო. ”იმერმა”, ძველი საწარმოო რესურსების მეშვეობით, ინვესტიციების გარეშე შეძლო უცხოური კომპანიის ყურადღების დამსახურება ჯერ კიდევ 1995 წელს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამკერვალო საწარმოებმა ევროპიდან აზიისკენ გადასვლა იწყეს. ფაბრიკის ხელმძღვანელი მაია სიმონიძე იხსენებს, თუ რა რთულად დაიწყო გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობა:

”მაშინ გერმანელი ქალიც მოგვივლინეს ტექნოლოგად. დიდი უსიამოვნებები გვქონდა ამ ქალთან, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ იმ ქალმა მუშაობა გვასწავლა, მაგრამ ჩვენ არ მოგვწონდა. ის რომ ითხოვდა, გაგიჟებული ვიყავით, გვეჩხუბებოდა, კიოდა, მუშებსაც ეჩხუბებოდა... ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს - ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს...  - თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული... -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ... რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს.”

მაია სიმონიძემაია სიმონიძე
x
მაია სიმონიძე
მაია სიმონიძე
ახლა ფაბრიკას, რომელსაც მაია სიმონიძე ხელმძღვანელობს, ძირითადი უცხოური დამკვეთის გარდა, ადგილობრივებიც აკითხავენ. მათ შორისაა ცნობილი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე, რომელიც დიდი ხანია  თანამშრომლობს ”იმერის” ფაბრიკასთან. შედეგად, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტანისამოსის გამოშვებაც დაიწყო. შარშან ასეთი პროდუქციის მოცულობამ 300 ათასი ლარი შეადგინა, წელს კი 100 ათასით მეტის დამზადებას გეგმავენ.

თანამედროვე მოდელების, უცხოური მასალებისა და ხარისხიანი კერვის შედეგად, ”იმერის” პროდუქციამ, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი ფაბრიკების ნაწარმმა, თანდათან მოიპოვა ქართველი მომხმარებლის ნდობა. ამაში თავადაც დავრწმუნდი, როდესაც, თბილისიდან ჩასულმა რამდენიმე ჟურნალისტმა ფაბრიკის მაღაზიაში სხვა პროდუქციასთან ერთად ზამთრის სეზონის ტანისამოსიც შეიძინა.

სამკერვალო ბიზნესის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ახლო მომავალში პრესტიჟული ბრენდების ლოგოს გასწვრივ წარწერა ”დამზადებულია საქართველოში” აღარავის გაუკვირდება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
26.07.2012 13:51
ქალბატონ მაია სიმონიძეს და მის შესანიშავ ოჯახს პირადად ვიცნობ. ოჯახის ყველა წევრი თავის საქმის პროფესიონალია.

ასეთი ხალხი ბევრი ჭირდება საქართველოს

ავტორი: nino საიდან გვწერთ: nino
25.07.2012 16:29
კრიტიკოსს: წავედით, ჩავიცვით ძაძები, გადავღებეთ კედლები ნაცრისფრად და თვითგვემას მივეცით თავები! არ გავიხაროთ პატარ-პატარა წარმატებებით! ყოველთვის რაღაც გამოვჩხიკნოთ. დეპრესია, უიემედობა, და დაუნახაობა სულის ბუნებრივი მდგომარეობაა. ჩემი მტერი იყოს სულ დეპრესიაში!!! და კიდევ, მართალი გითხრათ შევდივარ თქვენი ცოლის/ქმრის/თუ შვილის ან მშობლის მდგომარეობაში. თქვენნაირს ხომ უნდა ატანა. იმედია გაგივლით

ავტორი: realisti
24.07.2012 16:41
კრიტიკოს, თქვენ ვინ დაგავალათ არცერთ პოსტს და კომენტარს უპასუხოდ რომ არ ტოვებთ? ეტყობა კარგად იხდის მილიარდერი საქართველოს უბედურ ქვეყნად წარმოჩენაში. ჩემი აზრით ამ მასალით კარგად ჩანს ის რაზეც არის დაწერილი, ანუ ის, რომ საქართველოში ბევრი ბრენდის ტანსაცმელი იკერება. ეს სტატია არ არის ფაბრიკაში დასაქმებული მუშების ყოფა-ცხოვრების და სოციალური მდგომარეობის შესახებ. თუ ასეთი მნიშვნელოვანია იქნებ ვთხოვოთ რადიო თავისუფლებას სპეციალური რეპორტაჟი მოამზადოს ამის ფაბრიკებში დასაქმებული მკერავების სამუშაო პირობების შესახებ.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
24.07.2012 17:20
შემიძლია მოგახსენოთ, რომ ასეთი რეპორტაჟის მომზადება მართლაც დაგეგმილი გვაქვს.

ავტორი: კრიტიკოსი საიდან გვწერთ: თბილისი
23.07.2012 23:02
realist-ს. ნაცმოძრაობის მანდატი კარგად შეინახე ან გადამალე....თორემ შვილები და შვილიშვილები რომ გინახავენ მერე რას უპასუხებ? :))) რომ წერს მუშები თურმე ზეკომფორტულ გარემოში მუშაობენო, იმიტომაც უნდა კითხოს მუშას, რომ მისი აზრი გაიგოს და არა კომფორტულ კაბინეტში მჯდომი დირექტორის. მაგას თუ ვერ ხვდები, საერთოდ შეეშვი აქ პოსტების წერას, მაგრამ რას იზამ დაგავალეს პარტიიდან "ტროლინგი" და "ტროლინგობ"...

ავტორი: realisti
23.07.2012 16:09
ჩელე ბათუმელო, აბა სად ნახე მონური შრომა? თუ სიზარმაცე და ნამუშევრის ხარისხი დაგიწუნეს და ახლა განაწყენებული ხარ უცხოელებზე?

ავტორი: chele საიდან გვწერთ: batumi
23.07.2012 02:24
უფრო სწორი იქნება გვეთქვა, რომ უცხოელებს მონური შრომა ხიბლავთთ............

ავტორი: realisti საიდან გვწერთ: ქუთაისი
23.07.2012 00:37
კრიტიკოს, მეოცნება უნდა გერქვას შენ :) გულზე მოგხვდათ ხომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად რომ არ არის. სტატიის სათაურს დააკვირდი და მუშების ინტერვიუ შემდეგ მოიკითხე.

ავტორი: კრიტიკოსი საიდან გვწერთ: თბილისი
22.07.2012 21:39
მე მგონი დღევანდელი რადიო "თავისუფლების" ქართული რედაქცია ჟურნალისტიკის დონით და სტატიების სიღმით და პროფესიონალიზმით (1-2 გამონაკლისის გარდა) ახლოსაც ვერ მივა 20-წლის წინანდელ რადიო "თავისუფლებასთან" ეს კონკრეტული სტატია არის კარგი ნიმუში თუ როგორ არ უნდა წეროს ჟურნალისტმა. სამკერვალოს არცერთი მუშისგან ინტერვიუ არ აუღია. სტატია არის წმინდა პროპაგანდისტული მოწოდებული რომ ვარდისფერ ფერებში დაანახოს მკითხველს ქართული რეალობა. თუ გადაავლებთ თვალს ამ ავტორის სხვა სტატიებს დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მას არა ჟურნალისტი, არამედ "ნაცმოძრაობის" რომელიმე აქტივისტი წერს.... ისე რადიო "თავისუფლებას" გარე შემფასებლები არ ჰყავს? აშშ-ს კონგრესის ფულს მოიხმარენ ბოლო ბოლო...

ავტორი: თამაზ შავაძე საიდან გვწერთ: ბათუმი
22.07.2012 10:03
დღეს აჭარაში 3200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ტექსტილის დარგში. წლის ბოლომდე მათი რიცხვი 4000 მეტი იქნება. ხელფასები 185 ლარიდან იწყება და 650 ლარს აღწევს. ადმინისტრაციულ რგოლში დასაქმებულტა ხელფასები 1000-1700 ლარს შორის მერყეობს. ყველა ფაბრიკაში ადგილზე არის მედპუნქტი და პერსონალს ემსახურება ექთანი. ყველა თანამშრომელი დაზღვეულია პირველადი სამედიცინო პაკეტით. აქვთ უფასო კვება და შრომითი კოდექსით გათვალისწინებული პირობები. დამატებითი სამუშაო საათებისათვის ორმაგი ანაზრაურება აქვთ. ასევე სარგებლობენ წელიწადში 25 დღიანი ფასიანი შვებულობით, ხოლო კვირა დრე უქმე დღეა. მათ ემსახურებათ ტრანსპორტი უფასოდ. რა თქმა უნდა სოციალური პირობები პირველ რიგში პროფკავშირების საქმეა და ამ ეტაპზე მათგან საკითხი მწვავედ არ დასმულა. ვფიქრობ ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარება ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდასაც. მთავარია ის 4000 ოჯახი, რომელიც ხელფას იღებს და შემოსავალი გააჩნია. ნეტა გურიაში, ზემო იმერეთში, ახალციხეშიც განვიტარდებოდეს ეს დარგი.

ავტორი: lukabak საიდან გვწერთ: Berlin
22.07.2012 01:41
ბატონო კახა, მე კონკრეტულად სამკერვალოებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო პირობებზე გკითხეთ. თუ გნებავთ დაგიკონკრეტებთ შეკითხვას: რამხელა ხელფასი აქვს ერთ ჩვეულებრივ მქსოველს საშუალოდ (ჩამოთვლილ ქარხნებში), რამდენ საათიანი სამუშაო კვირა და რამდენი დღე შვებულება წელიადში. რა პრინციპები ვრცელდება მათზე ავადმყოფობის, ორსულობის ან შვილის გაჩენის შემთხვევაში და ა.შ.
პასუხი

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: თბილისი
22.07.2012 02:42
აჭარის ფაბრიკებში სამუშაო პირობები არის კარგ დონეზე, რადგან ეს იმ ბრენდების მოთხოვნაა, რომლებიც ჩემს სიუჟეტშია ნახსენები. სახანძრო უსაფრთხოება, ეკოლოგია, განათება, სამუშაო ადგილის კომფორტისთვის საჭირო სხვა ბევრი რამ, მათ შორის გლუვი, სპეციალური საფარით დაფარული იატაკი, საევაკუაციო გასასვლელები და მანიშნებლები. მკერავებს ემსახურება ტრანსპორტი, აქვთ უფასო კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯამაგირი 150-დან იწყება და 550 ლარსაც აჭარბებს. 150 ლარი ჰქონდათ აჭარის მთიანეთის ერთ სოფელში გახსნილი ფაბრიკის მუშებს, მაგრამ არ მოეწონათ ანაზღაურება და მიატოვეს, ფაბრიკა დაიხურა. 350 ლარი აქვთ ქუთაისის ფაბრიკაში. შედარებისთვის, ქუთაისში 300 ლარის ფარგლებში მერყეობს კომერციული ბანკების ოპერატორების ხელფასიც. რაც შეეხება სამუშაო საათებს, შვებულებას და სხვას, არ ვიცი, რადგან არ მქონია ამ დეტალების კვლევის საშუალება. თუ რაიმე საგულისხმო ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით მოგვაწოდეთ და ვეცდები მის შესახებ დამატებითი დეტალები გავარკვიო.

ავტორი: რეალისტი
22.07.2012 01:00
მგონი რეპორტაჟი ტექსტილის ბიზნესს ეხება მთლიანად და არა ვინმეს სოციალურ მდგომარეობას. მეორეც, უცხოეთში ჩასული ქართველი პირველი რასაც კითხულობს ესაა, რამდენი გაქვთ ხელფასიო. ასე ასწავლიან: სხვისი ხელფასის კითხვა უზრდელობააო. ფაბრიკის მუშებს აქვთ იმდენი ხელფასი რაზეც ისინი და დამსაქმებლები შეთანხმდნენ. მაგალითად ზესტაფონელ მუშებს აღარ მოეწონათ თავიანთი ხელფასი და დამსაქმებლები გაფიცვით აიძულეს ხელფასი გაეზარდათ. მესამე ზარა, პუმა... არცერთ ფაბრიკასთან ურთიერთობას არ დაიჭერენ თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ევროსტანდარტის მოთხოვნებს თანამშრომელთა უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის კუთხით.

ავტორი: ალექსი
21.07.2012 19:49
ხელფასისა და სამუშაოს პირობების შესახებ რატომ, არაფერს ამბობთ? მაგალითად რამდენ საათს მუშაობენ კვირაში?

ავტორი: ანონიმი
21.07.2012 19:07
ბრენდები რომლებიც პროდუქციას საქართველოში აწარმოებენ: Tommy Hilfiger, Zara, Marks & Spencer, Koton, Puma, Mexx, Next, George, Miss etam, Lotto, Per Una, Autograph, Lebek, Hawes & Curtis, Primark.

ავტორი: lukabak საიდან გვწერთ: Berlin
21.07.2012 17:03
ბატონო კახა, ალბათ თქვენც იცით, რომ პროდუქცია დასავლეთიდან აზიაში იაფფასიანი მუშახელის გამო გადავიდა. ასევე ალბათ გაგონილიც გექნებათ, რომ ეგრეთწოდებული ბრენდების აზიელი იაფფასიანი მუშახელი არამარტო წარმოუდგენლად დაბალ ხელფასს იღებს, არამედ გაუსაძლის პირობებშიც უწევს მუშაობა (იქნება ეს ჰიგიენური და უსაფრთხოების პირობები, უგრძელესი სამუშაო დღე, შაბათ-კვირის არქონა თუ შვებულებების არ მიცემა). იქნებ ორი სიტყვა ამ სამკერვალოებში დასაქმებულ ადამიანებზეც და მათ სამუშაო პირობებზეც დაგეწერათ? ისე არასრულყოფილი ან თუ გნებავთ ცალმხრივი გამოვა თქვენი სტატია.
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
21.07.2012 18:58
ბატონო lukabak, ჩემს მასალაში მოკლედ არის აღწერილი ის სამუშაო პირობები, რომელსაც უცხოელებთან მომუშავე ფაბრიკები იცავენ. ისიც ვახსენე, რომ დაბალი თვითღირებულება არის ერთერთი მთავარი ფაქტორი, რაც ცნობილ ბრენდებს იზიდავს, ასევე დაბალი გადასახადები, მარტივი ბიუროკრატიული პროცედურები და დაბალი ტარიფები.

ავტორი: eka საიდან გვწერთ: Tbilisi
21.07.2012 16:51
ძალიან კარგი სტატიაა. არც კი ვიცოდი ამდენი ბრენდი თუ იკერებოდა :)
მენტალიტეტიც თანდათან იცვლება და ეს ძალიან სასარგებლო იქნება საბოლოოდ.

''...ჩვენ, ქართველებს, მაგის სასწავლებელი რა გვჭირს - ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ასპირანტურა გვაქვს დამთავრებული, ხარისხები გვაქვს დაცული, ამ ქალმა რა უნდა გვასწავლოს... - თურმე ამ ქალს ინსტიტუტიც არ ჰქონია დამთავრებული... -ჰოდა, ამის სასწავლებელი რა გვაქვს!.. მაგრამ... რაღაც ტვინში შეიცვალა -მუშაშიც, ინჟინერშიც, ტექნოლოგშიც, ჩემშიც, ყველაში რაღაცნაირად გარდატეხა მოხდა და ორ წელიწადში შევძელით ის, რომ პროდუქციას ვუშვებდით ნორმალურს''.
:)

ავტორი: რეზო
21.07.2012 16:40
საიდან დაასკვენით, რომ საქართველოში იმდენად უხარისხო პროდუქციას ქმნიდენ რომ საბჭოთა კავშირშიც ეთაკილებოდათ მისი ჩაცმა?
ან რატომ არის ასე დაუჯერებელი ტექსტილის წარმოება საქართველოში, არაფერი განსაკუთრებული მიღწევა, რომ არ დაეჯერებოდეს კაცს, ამაში არ არის...
არ გეკადრებათ რადიო თავისულება, ასეთი დაბალი დონის სტატიები