Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვატორთა მოულოდნელი გამარჯვება ბრიტანეთში


დევიდ კამერონი
დევიდ კამერონი

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ხუთშაბათს, 7 მაისს, გაიმართა, დიდი უპირატესობით და ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა კონსერვატიულმა პარტიამ. მოქმედი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული პოზიციით რჩება თანამდებობაზე.

დედოფალ ელისაბედთან ტრადიციით განსაზღვრული შეხვედრის შემდეგ კამერონი თავის კაბინეტში დაბრუნდა და განაცხადა, რომ კონსერვატიულ მთავრობას ჩამოაყალიბებს.

სიტყვა კამერონმა შემრიგებლური ინტონაციით წარმოთქვა და დადებითად ილაპარაკა თავის ყოფილ კოალიციურ პარტნიორზე, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერ ნიკ კლეგზე, და ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ედ მილიბენდზე. არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ, ორივე ლიდერმა - კლეგმაც და მილიბენდმაც - დატოვა ლიდერის პოსტი: „ცოტა ხნის წინ შევხვდი მის უდიდებულესობას, დედოფალს, და ახლა კონსერვატორთა უმრავლესობის მთავრობის ფორმირებას შევუდგები. ვამაყობ, რომ 70 წლის განმავლობაში პირველ კოალიციურ მთავრობას ვხელმძღვანელობდი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მთავრობის წარმატებისთვის ძალიან ბევრს მუშაობდა და, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, ნიკ კლეგს“.

„ჩვენ შევძლებთ ბრიტანეთი ვაქციოთ ადგილად, სადაც ცხოვრების კარგი დონე ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის, ვინც მზად არის იმუშაოს და სწორი ნაბიჯები გადადგასო“, - განაცხადა კამერონმა.

კონსერვატორთა მიერ მოპოვებულმა ამ გამარჯვებამ ძალიან გააკვირვა პოლიტიკის ანალიტიკოსები და მკვლევრები. არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებდა, რომ კონსერვატორებსა და ლეიბორისტებს ერთმანეთთან დაახლოებული მაჩვენებლები ჰქონდათ. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ არჩევნების შემდეგ ბრიტანეთს რამდენიმე კვირა დასჭირდებოდა მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების გასამართად.

ლეიბორისტებმა პარლამენტში 25-მდე მანდატი დაკარგეს. მათ ძირითადად იზარალეს შოტლანდიელი ნაციონალისტების გაძლიერებით, რომლებმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს საკუთრივ შოტლანდიაში.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვიპოვე წარმატებაო“, - განაცხადა მილიბენდმა, თუმცა დასძინა, უწინაც დავბრუნებულვართ და ეს პარტია მომავალშიც დაბრუნდებაო: „ეს არ არის ის სიტყვა, რომლითაც დღეს მსურდა გამოსვლა. ვინაიდან მე მჯერა, რომ ბრიტანეთს ლეიბორისტული მთავრობა სჭირდებოდა. მე ახლაც ასე ვთვლი, თუმცა ხალხმა წუხელ სხვაგვარი არჩევანი გააკეთა. დღეს უფრო ადრე დავიდ კამერონს დავურეკე და მივულოცე. ჩემს თავზე ვიღებ აბსოლუტურ და სრულ პასუხისმგებლობას ამ შედეგისა და არჩევნებში ჩვენი მარცხისთვის“.

არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვება ნიშნავს, რომ ბრიტანეთში, სავარაუდოდ, გაიმართება ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობის თაობაზე. გამოკითხვა 2017 წელს უნდა ჩატარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG