Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნალური ვაუჩერების პრაქტიკა გრძელდება


მერიის შენობა
მერიის შენობა

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, კომუნალური ვაუჩერების დარიგება ნოემბერ-დეკემბერში განახლდება. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით. კომუნალური ვაუჩერების დარიგება წინა ხელისუფლების დამკვიდრებული პრაქტიკაა.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განმარტებით, "იგეგმება ვაუჩერების გაცემა, გაცილებით გაუმჯობესებული ადმინისტრაციული რესურსებით“. კონკრეტული ციფრი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვისაც ყველაზე მეტი საჭიროება აქვს, ის მიიღებს უფრო მეტ თანხას, ვისაც ნაკლები საჭიროება აქვს, ის მიიღებს ნაკლებ თანხას. ეს არის პირობები და რაც შეეხება კონკრეტულად თანხებს და ერთეულ განფასებებს, ეს ჯერჯერობით მიმდინარე პროცესშია და ბიუჯეტის დამტკიცების დროს იქნება ცნობილი...
გელა ჩივიაშვილი

გელა ჩივიაშვილისვე განმარტებით, სავარაუდოდ, ვაუჩერს დაემატება ბუნებრივი აირის გადასახადიც და 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებები. ასეთი კი თბილისში 40 ათასი ოჯახია აღრიცხული.

„პროექტის დამუშავება მიმდინარეობს, რომელშიც ყველა პირობა იქნება. ვისაც ყველაზე მეტი საჭიროება აქვს, ის მიიღებს უფრო მეტ თანხას, ვისაც ნაკლები საჭიროება აქვს, ის მიიღებს ნაკლებ თანხას. ეს არის პირობები და რაც შეეხება კონკრეტულად თანხებს და ერთეულ განფასებებს, ეს ჯერჯერობით მიმდინარე პროცესშია და ბიუჯეტის დამტკიცების დროს იქნება ცნობილი“.

გელა ჩივიაშვილის თქმით, კომუნალური შეღავათი საჭიროებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, და, შესაბამისად, ის იქნება მეტი სოციალურად დაუცველებისთვის და ნაკლები სხვა დანარჩენებისთვის. მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიამ გასულ ორ წელს დედაქალაქში რეგისტრირებულ თითოეულ აბონენტს 100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერი დაურიგა. 5 თვის (ნოემბერ-მარტი) განმავლობაში თითოეულ ოჯახს ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელთაც 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, 250-ლარიან ვაუჩერს იღებდნენ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის სიტყვებით, ვაუჩერების დარიგება მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან დაიწყო და ამ პრაქტიკის გაგრძელებაში ცუდს ვერაფერს ხედავს, თუმცა, მისი თქმით, მერია არამიზნობრივ ხარჯებს რომ არ სწევდეს, სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერის თანხის გაორმაგებაც მოხერხდებოდა:

„მაგალითად, როგორიც არის კანცელარიის შენობის მხატვრული განათებისთვის 450 ათასი ლარის დახარჯვა და ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისთვის 460 ათასი ლარის განათების დაყენება. ამის ნაცვლად ეს კომუნალური ვაუჩერი უნდა დარიგებულიყო და უნდა დარიგებულიყო გაორმაგებული ოდენობით და ეს თანხები, რასაც ესენი საკუთარ და მინისტრების ფუფუნებაზე ხარჯავენ, იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი, რომ დაახლოებით 40 ათასამდე თბილისელ სოციალურად დაუცველ ოჯახს მიეღო ეს გაორმაგებული კომუნალური ვაუჩერი და ამას წლევანდელ ბიუჯეტში სულ, დამატებით, 2 მილიონი ლარის მობილიზება დასჭირდებოდა“.

ზვიად შვანგირაძე
ზვიად შვანგირაძე

გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ზვიად შვანგირაძე მერიის ამ გადაწყვეტილებაში პოპულიზმის ნიშნებსაც ხედავს და რეალურ სარგებელსაც. მისი თქმით, მაშინ როცა მოსახლეობის მსყიდველუარიანობა არ გაზრდილა, სუბსიდირების აუცილებლობა ჩნდება. მით უფრო ამის რეალური აუცილებლობის წინაშე დგანან სოციალურად დაუცველი ოჯახები.

„როცა ქალაქისა და ცენტრალური ხელისუფლება იცვლება, ძალიან არაპოპულარულია ხოლმე ისეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, როგორიც იქნებოდა ამ ვაუჩერის გაუქმება. ეს იწვევს მოსახლეობაში უკმაყოფილებას, მოსახლეობაში, რომელიც 2 წლის შემდგ უკვე ამომრჩევლად ყალიბდება და ყველას სურს, რომ მათი გული მოიგოს“.

ზვიად შვანგირაძის თქმით, სოციალურად დაუცველებს კომუნალური შეღავათები ერთმნიშვნელოვნად სჭირდებათ, მაგრამ სხვა დანარჩენი საჭიროებები კარგადაა დასათვლელი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG