Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომერციული ბანკების სტატისტიკა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 19.1 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.5 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.6 პროცენტი შეადგინა.

2014 წლის სექტემბრის თვისთვის წმინდა მოგება 45.0 მლნ ლარი იყო, ხოლო ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში - 75.1 პროცენტი.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2014 წლის პირველი ოქტომბრისათვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწია. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 60.34 პროცენტი შეადგინა - 0.53 პროცენტული პუნქტით მეტი, პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.4 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.2 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკაში საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2014 წლის სექტემბერში 11.5 მლრდ ლარი იყო. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2014 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.3 მლრდ ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით - 4.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში, ტრადიციულად, ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 29.4 პროცენტი - ვაჭრობის სფეროზე მოდის, თანხობრივად - 1.7 მლრდ ლარი.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 23.1 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი ოქტომბრისათვის 1.3 მლრდ ლარით განისაზღვრა. მშენებლობაზე 7.2 პროცენტი მოდის, რაც 408.0 მლნ ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 59.8 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

რაც შეეხება რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ოდენობას, ოქტომბრის მდგომარეობით, მან 5.5 მლრდ ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG