კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:18

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

ქართული არჩევნების რუსული დისკურსი

x
ტექსტის ზომა - +
საქართველოში 1990 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებს დიდწილად განსაზღვრავს ე.წ. რუსული დისკურსი. ტრადიცია გამძლეა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინარე პერიოდიც ძირითადად ამ დისკურსს უტრიალებს. ლოზუნგი „რუსი მოდის“ იმდენად ფესვგამჯდარია ქართულ ცნობიერებაში, რომ დამფრთხალი ელექტორატი დიდ ყურადღებას არ აქცევს პოლიტიკური ლიდერისა თუ მისი გუნდის ავანჩავანს და მზად არის, ბრმად გაჰყვეს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ულტრარადიკალური ლოზუნგებით წარმოგვიდგენს თავს, როგორც ყველაზე შეურიგებელი ანტირუსული ძალა.

ამ დისკურსის ერთგვარი არქეტიპია ზვიად გამსახურდია და მისი „მრგვალი მაგიდა“, რომელმაც ანტირუსული და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში იოლად დაამარცხა და შემდეგ პოლიტიკური ველიდან საერთოდ განდევნა საქართველოს კომუნისტური პარტია. მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ოპოზიციის და მისი მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ თავადვე იქნა დამხობილი და დევნილი, როგორც კრემლთან ფარულ გარიგებაში მყოფი ანტიდასავლური ძალა. ოპონენტთა მტკიცებით, ზვიად გამსახურდიამ არასრული წელიწადნახევრის განმავლობაში დააკანონა რუსეთის შინაგანი ჯარების სამშვიდობო მანდატი სამხრეთ ოსეთში, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების ხელით გზიდან ჩამოიშორა და ციხეში გამოამწყვდია გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონი“, აკრძალა პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, მიითვისა საპრეზიდენტო ძალაუფლება და შემდეგ თითქოს ე.წ. „იანაევის ოქმით“ ფარულად გაურიგდა რუსეთის უდღეურ „გეკაჩეპეს“ კვარტეტს.

მართალია, ეს "იანაევის ოქმი" თვალითაც არავის უნახავს, მაგრამ ზვიად გამსახურდიას მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებს დღემდე არ ეპარებათ ეჭვი, რომ გამსახურდია ანტირუსული ლოზუნგებით კრემლის თამაშს თამაშობდა. ასევე ურყევად დგანან საკუთარ პოზიციაზე გამსახურდიას მომხრეები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოსკოვისა და ვაშინგტონის ფარული გარიგებით დაამხეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, რათა საქართველოს ხელისუფლებისაკენ გზა გაეთავისუფლებინათ „პირსისხლიანი მასონისა“ და „კავკასიის ჟანდარმ“ ედუარდ შევარდნაძისათვის.

შესაბამისად, თავად შევარდნაძე და მისი თერთმეტწლიანი მმართველობა საკმაოდ მსუყე ფაქტოლოგიური მასალაა ფატალური რუსული დისკურსის იდეოლოგებისათვის. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც „ცივი ომის“ დასრულებასა და გერმანიის გაერთიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დეზინტეგრაციისაგან ვერ იხსნა საკუთარი ქვეყანა. მეტიც, სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩაღდა ომი აფხაზეთში, რომელიც ქართული სახელმწიფოს კატასტროფული მარცხით და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლით დასრულდა.

რამდენიც უნდა ამტკიცოს შევარდნაძემ, რომ ომი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს თენგიზ კიტოვანმა სახელმწიფო საბჭოსთან შეუთანხმებლად დაიწყო, ერთი რამ უდავო ფაქტია: ომი აფხაზეთში და რუსული აგრესიის საფრთხე დაეხმარა სწორედ ედუარდ შევარდნაძეს, გაემარჯვებინა 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში, განემტკიცებინა პირადი ძალაუფლება და გზიდან ჩამოეშორებინა არა მხოლოდ კიტოვან-იოსელიანის ტანდემი, არამედ გაენადგურებინა ზვიად გამსახურდია და ამით ბოლო მოეღო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნით დაწყებული ბრძოლისათვის.

იყო თუ არა შევარდნაძე პრორუსული პროექტი? მისი მოწინააღმდეგეები ამ შეკითხვის დასმასაც კი მკრეხელობად მიიჩნევენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს რუსეთის ხელდასხმულ მარიონეტად მოიხსენიებენ. სხვაგვარად თვლიან შევარდნაძის მომხრეები, რომლებიც ბევრ ფაქტს მოგიყვანენ იმის საილუსტრაციოდ, რომ დსთ-ში შესვლით, რაც ტაქტიკური სვლა იყო, შევარდნაძემ თავიდან აიცილა საქართველოს ორად გახლეჩის საფრთხე, მოიგო დრო, ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს და გზა გაუხსნა დასავლურ ენერგეტიკულ პროექტებს. ხოლო იმისათვის, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან უმტკივნეულოდ გაეცილებინა პრორუსული ძალები და დასავლეთზე ორიენტირებული რეფორმატორებისათვის დაეთმო პოლიტიკური ასპარეზი, „თეთრმა მელამ“ დადგა თავისი ცხოვრების მთავარი პოლიტიკური სპექტაკლი - „ვარდების რევოლუცია“, თავად კი ხელშეუხებლობის გარანტია და კრწანისის რეზიდენციაში მშვიდი ცხოვრების უფლება მოიპოვა.

მაგრამ კურიოზი ისაა, რომ „ვარდების რევოლუციაც“ საბოლოო ჯამში ქართული პოლიტიკის თანამდევ რუსულ დისკურსში მოიაზრება. როგორც ამ მოსაზრების ავტორები ამტკიცებენ, პირველ ყოვლისა რუსეთი იყო დაინტერსებული, რომ საქართველოში გაპრეზიდენტებულიყო ყველაზე უფრო რადიკალური, არაპროგნოზირებადი და კონფლიქტური მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, როგორც ზვიად გამსახურდია, თავისი რადიკალიზმით ნებსით თუ უნებლიეთ შეუწყობდა ხელს საქართველოში რუსული სცენარის განხორციელებას.

უბრალოდ, 8 წლის წინ კრემლმა შეცვალა მიზანსცენა. თუკი, 1991 წელს რუსეთმა ზვიად გამსახურდია შეიარაღებული ოპოზიციის დახმარებით დაამხო, 2003 წლის ნოემბერში ეს მოხდა ხავერდოვნად - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ხელით, რომლის ჩამოსვლამ წერტილი დაუსვა სამკვირიან დაპირისპირებას მთავრობის სახლის წინ. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე „სახლში წავიდა“, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 25 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96,27 % მიიღო და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. იმავე იგორ ივანოვმა ერთი წლის შემდეგ კვლავ გაიმეორა „სამშვიდობო მისია“ და მოსკოვში წაიყვანა მიხეილ სააკაშვილთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული აჭარის ავტონომიის ლიდერი ასლან აბაშიძე.

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგისმენიათ ანალოგიური შეთქმულების თეორიები, რაც კარგ ფურაჟს წარმოადგენს რუსული დისკურსით გაჯერებულ ქართულ სინამდვილეში?

ამ ფატალისტური მსოფლმხედველობითა და ლოგიკით გამოდის, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში მოხდა, ან უშუალოდ რუსეთის მიერ დაიგეგმა, ანდა ფიცხი ქართველი პოლიტიკოსები თავისდაუნებურად ჩაეწერნენ რუსულ სცენარში.

სწორედ ამ დისკურსის, ამ მოჯადოებული წრის მსხვერპლია მთელი პოლიტიკური პროცესი საქართველოში, რომელიც ძირითადად ორ ბანაკადაა გაყოფილი:

პირველს, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მომხრეთა ბანაკს, გულმხურვალედ სჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს ებრძვის მოსკოვი და მისი „მეხუთე კოლონა“ ხან ბადრი პატარკაციშვილის, ხან „გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს“, ხან ნინო ბურჯანაძისა და სახალხო კრების, ახლა კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით. ამ რუსული დისკურსით ყველა დაღდასმულია, მაგრამ მათთვის, ხელისუფლების მხარდამჭერთათვის, ბიძინა ივანიშვილი მაინც ყველაზე საშიში პრორუსული პროექტია. სააკაშვილის მომხრეთა მტკიცებით, ივანიშვილი ის პოლიტიკური ქამელეონია, რომელიც მთელი 10 წლის განმავლობაში ოსტატურად ინიღბებოდა ქველმოქმედებითა და მეცენატობით. ერთი მხრივ, ივანიშვილი აფინანსებდა პოლიციასა და არმიას, სახელმწიფო მოხელეებს, კულტურის, სპორტისა და ხელოვნების წარმომადგენლებს, აშენებდა ეკლესიებს, ბიბლიოთეკებს, საკონცერტო დარბაზებსა და სტადიონებს. მეორე მხრივ კი, ელოდა ხელსაყრელ დროს, რათა ავანსცენაზე გამოსულიყო და განეხორციელებინა მოსკოვის ნანატრი გეგმა - ფულითა და პოპულარობით შეეცვალა პუტინის საძულველი მიხეილ სააკაშვილი.

შეგნებულად არ ვიყენებ არავითარ ბმულებს და წყაროებს. შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ასეთი ბრალდებები ნიაღვარივით მოედინება სახელისუფლებო საინფორმაციო არხებიდან და ვეჭვობ, რომ 1 ოქტომბრამდე ეს „ბრეინუოშინგი“ ოდნავადაც არ განელდება.

თუმცა, არც მეორე ბანაკის წარმომადგენლები უჩივიან ფანტაზიის დეფიციტს. რაკი ქართული პოლიტიკის რუსული დისკურსი ნაცად საშუალებას წარმოადგენს მოწინააღმდეგის დისკრედიტაციისათვის, ოპონენტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან არანაკლები „წარმატებით“ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე უფრო აწყობს პუტინს, რომელმაც სწორედ საქართველოს ხელისუფლების დახმარებით მოიპოვა მცირე „ძლევამოსილი გამარჯვება“ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში, დაასრულა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია, შექმნა მძლავრი სამხედრო პლაცდარმი კოდორის, ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, შეაჩერა ნატოს გაფართოება მის საზღვრებთან და აიძულა საქართველოს ხელისუფლება, მისთვის დაეთმო სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები.

მოკლედ, მთავარია მოინდომო, მეტი გაქანება მისცე კონსპიროლოგიურ ფანტაზიას და ამ რუსულ დისკურსს მოარგებ ყველას და ყველაფერს საქართველოში: იქნება ეს პოლიტიკური ძალის სამოქმედო პროგრამა, რძალ-დედამთილის ჩხუბი თუ სტიქიური მოვლენა. აკი იხუმრა კიდეც რუსთავის დატბორვის შემდეგ ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით კირკიტაძემ, ცუდი ფეხი აქვს „ქართულ ოცნებასო“. ხომ შეიძლება კირკიტაძის ეს აზრი მავანმა სახელისუფლებო ექსპერტმა კიდევ უფრო განავითაროს და თქვას, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით საქართველოში წყალდიდობებს და სტიქიურ უბედურებებს გეგმავსო?

საქმეც ისაა, რომ მეორე ბანაკიდან არანაკლებ ფანტასმაგორიულ წინასწარმეტყველებას გაიგონებთ. თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ გაიმარჯვებს, „საქართველო რუკიდან წაიშლებაო,“ - ამტკიცებს კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს რუსეთთან ბნელ თამაშში ადანაშაულებს.

აი, ასეთი ყოვლისმომცველი რუსული დისკურსის პირობებში გვიწევს არჩევანის გაკეთება ქართველ ამომრჩევლებს, რომლებიც, ამ რთული საკომუნიკაციო მოვლენის ფონზე, გამოდის, რომ 1 ოქტომბერს არჩევანს ძირითადად ორ პრორუსულ ძალას შორის ვაკეთებთ. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს.

Tags: არჩევნები, ბლოგი



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: saxicha საიდან გვწერთ: tbilisi
05.09.2012 11:28
კაცო უბრალო ხალხმა რა ვქნათ - ბრალო ხალხმა...

ავტორი: აგენტი საიდან გვწერთ: სააგენტოდან
02.09.2012 22:59
ავტორი: ანონიმი
01.09.2012 22:36
ჩვენში დარჩეს და ირგვლივ ყველა აგენტი რომ გვახვევია გვგონია, რადა გვაქვს ეს ასე წესად, ამიხსენი ბარემ ისიც, გაფიცებ რაა მენჟინსკის და ეჟოვის სულებსაც!

ავტორი: თამილა ოხ-ანაშვილ-ვახ-ვარი
02.09.2012 15:22
ანტირუსული დისკურსებით გამოირჩეოდნენ ალექსანდრე ბატონიშვილიც, 1801,1804,1812 წლების აჯანყებულები და 1832 წლის შეთქმულებიც. ოხ,რა ხართ ეს ქართველები,ოხ!!! და ვახ!!!

ავტორი: ანონიმი
01.09.2012 22:36
ბატონო აგენტო დაიცავით 1956 წელს ნდროპოვის მიერ დახვრეტილი და დასახვრეტად გადადებული უნგრელები, თარგმნეთ, გამოეცით ფარულად და რუსეთში რუსებს წააკითხეთ აკრძალული სოლჟენიცინის აკრძალული არქიპელაგ გულაგის ნაირი ნაშრომი,გამოათრიეთ საბჭოთა საგიჟეთებიდან კგბს მიერ იქ ჩაყრილი ნორმალური ნიჭიერი რუსები როგორც ამას ბატონი ზვიად გამსახურდია აკეთებდა და მერე მართლაც რომ მოინანიოთ გეფიცებით ძერჟინსკის უმანკო სულს არ დაგიძახებთ კგბს აგენტს.

ავტორი: Kavkasieli
01.09.2012 11:33
ლაფანყურის საეჭვო სპეცოპერაციაში 11 ჩრდილოკავკასიელი მებრძოლის განადგურებით სააკაშვილმა ლახვარი ჩასცა თავისუფლებისათვისმებრძოლ კავკასიელებს და კოჭი გაუგორა მის დიდ მასწავლებელს ვლადიმირ პუწინს! ასე რომ დისკურსი კი არა, მთიანად რუსულ პროექტთან გვაქვს საქმე, სააკაშვილის სახით.

ავტორი: ილია საიდან გვწერთ: თბილისი
30.08.2012 18:40
ბატონო კობა, თუ პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ყოფიხართ, მაშინ ამ უზუსტობისთვის ბოდიშს გიხდით. :) თუმცა ალბათ, საინტერესოა, ვინ აფინანსებდა ფონდ დემოკრატიულ საქართველოს, ვინ დაარსა. რა მიზნები ჰქონდა მას და რა სასიკეთო ფუნქცია გქონდათ პირადად თქვენ. რამდენადაც ვხვდები, ეს არ არის ფონდი ღია საზოგადოება საქართველო! :) გულმოდგინედ ვგუგლავ ფონდ დემოკრატიულ საქართველოზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერს მივაგენი. ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ ნინო ბურჯანაძესთან თქვენი თანამშრომლობის მიზეზებთან, მიზნებთან და მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს შეიტანთ. :) ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში ჯერ-ჯერობით ღია ინფორმაციას ვერ მივაგენი. რადგან ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძის გვერდით მყავხართ ნანახი, რადგან ინტერნეტში ფონდ დემოკრატიულ საქართველოზე პრაქტიკულად ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაგენი, თქვენს მიუკერძოებელ მოღვაწეობაზე მცირედი ეჭვი მიჩნდება. გულწრფელად გამიხარდება, თუ თქვენი პასუხების მოსმენის შემდეგ ეს ეჭვი გამიქარწყლდება. კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურასთან თანამშრომლობის დროს, პარალელურად რადიო თავისუფლებაშიც მუშაობდით? თუ მუშაობდით, ეს რამდენად თავსებადია ჟურნალისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან?
პასუხი

ავტორი: კობა
31.08.2012 12:48
ილია, იმ ფონდის სრული სახელწოდება იყო "დემოკრატიისა და განვითარების ფონდი". მის საკონსულტაციო ჯგუფში ყოფნა,- თავსებადი იყო ჩემს იმჟამინდელ სტატუსთან. ცნობისთვის, სამი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ვიყავი საქართველოში,- ვთანამშრომლობდი სხვა საზოგადოებრივ საბჭოსთან, როგორიც იყო მაგალითად „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო", რომელიც წელიწადში ორჯერ ხვდებოდა მაშინდელ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. შედეგებზე კი რა გითხრათ აბა - ყველგან ვცდილობდი საქმიანი რჩევები მიმეცა იქამდე, სანამ ეს შესაძლებლად მიმაჩნდა. დაბოლოს ილია, ისევ ძველ თქვენს მთავარ შეკითხვას რომ დავუბრუნდე: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი არაანაზღაურებადი საზოგადოებრივი დატვირთვა არ მოდიოდა წინააღმდეგობაში ჩემს იმჟამინდელ სტატუსთან რადიო თავისუფლებაში და საკმაო რეზისტენტულობაც მქონდა, არ შევსულიყავი "სახიფათო ურთიერთობებში" :)) - ახლა ვინმემ რომ მკითხოს, ყველა დამწყებ თუ მოქმედ ჟურნალისტს ვურჩევდი, რომ ასეთი თანაშრომლობისგანაც კი მაქსიმალურად შეიკავონ თავი. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს არა მხოლოდ დღევანდელ საქართველოში შეიძლება იყოს ძნელი, არამედ დიდი დემოკრატიის ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც.

ავტორი: ილია საიდან გვწერთ: თბილისი
30.08.2012 14:47
ბატონო კობა, იქნებ აგვიხსნათ, ჟურნალისტმა მოქალაქე მიუკერძოებლობაში როგორ უნდა დაარწმუნოს, როცა ჯერ ჟურნალისტია, შემდეგ პოლიტიკური პარტიის წევრი, ბრიფინგზე ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის გვერდით მდგომი პიროვნება, ბოლოს კი ისევ ჟურნალისტი? ასეთ დროს, მიუკერძოებლობისთვის რამხელა ადგილი რჩება? :) თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს თქვენი ისტორიაცაა. ვგულისხმობ, ნინო ბურჯანაძესთან თქვენს კავშირს. მეშლება?
პასუხი

ავტორი: კობა
30.08.2012 17:23
ილია, არ გეშლებათ. ოღონდ "კავშირის" დაზუსტებაა საჭრიოა: მე ვიყავი ფონდ "დემოკრატიული საქართველოს" მრჩეველთა საბჭოს წევრი მედიასთან ურთიერთობის საკითხში ძალიან მცირე ხნით, 2008 წლის მაისიდან სექტემბრამდე. და არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი. დგომით კი ბევრ ადამიანთან ვმდგარვარ სტუდენტური მოძრაობიდან დაწყებული და საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საბრძოლო მოქმედებით დასრულებული. ბევრთან დღემდე ვინარჩუნებ ურთიერთობას და ეს სულაც არ მიშლის ხელს ვიყო მიუკერძოებელი.

ავტორი: თამარი საიდან გვწერთ: თბილისი
29.08.2012 20:32
არაა კობა ლიკლიკაძე დასაკარგი კაცი. სად არიან ისეთი ადამიანები ვისაც მიანდობ ქვეყნისა და საკუთარ ბედს?! მე მივანდობდი, მაგრამ მე ვინ მკითხავს, არც კობას ეკითხებიან მაინცდამაინც ასე მგონია და ცუდი რომ არის ეგ ნამდვილად ვიცი.
საზოგადოება სად არის კობა გამაგებინე, ვინ ვართ, სად ვართ?!
ყანწი თუ უშველის ჩვენს საქმეს, ყანწის და დოლ-გარმონის გარეშე არ გამოდის არაფერი. მერე ხომ ყველაფერი კარგადაა და თან მერე ეგ ყველაფერი გვკიდია... ვის სად შეუძლია იქ.

ავტორი: აგენტი საიდან გვწერთ: სააგენტოდან
29.08.2012 13:54
მეც მაინტერესებს იყო თუ არა საკუთარი დისიდენტიზმის მომნანიებელი და სხვების დამგმობი გამსახურდია კაგებეს გავლენის აგენტი? ანკი რატომ არის ფსბ-ს გენერალი ბიძიას მუდმივი მფარველობის ქვეშ მისი დისშვილი, თუ ესეც მითია და თუთაშხიაზე რომანისა არ იყოს სახალხოდ ეფერებიან და სინამდვილეში მტრობა აქვთ გაჩაღებული ერთმანეთში ბიძა-დისწულს?

ავტორი: zz საიდან გვწერთ: საქართველო
28.08.2012 20:06
დისკურსი "...გამოიყენება ლოგიკასა და ფილოსოფიაშიც: იგი განსაზღვრულია როგორც სამეტყველო კომუნიკაციის სახეობა, რომელიც გულისხმობს სოციალური ცხოვრების ღირებულებათა, ნორმათა და წესთა რაციონალურ კრიტიკულ განხილვას და რომლის ერთადერთი მოტივია ურთიერთგაგების მიღწევა (ი. ჰაბერმასი) (ლექსიკონი 2001: 111).
"ურთიერთგაგების" ჩამონათვალი (#0 = #10) :

0. "გამოდის, რომ 1 ოქტომბერს არჩევანს ძირითადად ორ პრორუსულ ძალას შორის ვაკეთებთ." - აჰა, როგორც იქნა ითქვა სათქმელი... საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, კგბ-ს გენერალი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსული ოცნება - ფსბ-ს "ბიზნესმენი" - ერთი და იგივეა, ვაშაააააააააა!!! (ზოგიერთს ეს ძალიან წყინსა მაგრამ ეს რეგალიები ფაქტია, დამოუკიდებლად იმისა მგვწონს ეს ჩვენ თუ არა.

1. "საქართველოში 1990 წლიდან ჩატარებულ ყველა არჩევნებს დიდწილად განსაზღვრავს ე.წ. რუსული დისკურსი." - და რუსეთი მანამდე სხვაგან იყო?
2. "ლოზუნგი „რუსი მოდის“ იმდენად ფესვგამჯდარია ქართულ ცნობიერებაში," - მეტი რა უნდა ქნას რუსეთმა...
3. "ამ დისკურსის ერთგვარი არქეტიპია ზვიად გამსახურდია და მისი „მრგვალი მაგიდა“, რომელმაც ანტირუსული და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში იოლად დაამარცხა და შემდეგ პოლიტიკური ველიდან საერთოდ განდევნა საქართველოს კომუნისტური პარტია" - სამწუხაროდ კომპარტია ისევ აქ არის, ეს "ანტირუსული" -ს თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კლასიკურ ლიტერატურას
4. "მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ ოპოზიციის და მისი მომხრე შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ თავადვე იქნა დამხობილი და დევნილი, როგორც კრემლთან ფარულ გარიგებაში მყოფი ანტიდასავლური ძალა." - ეს რეკორდია!!!, მსგავსი შრფასება და ცილისწამება ლენინსაც შეშურდებოდა,,,
5, "ოპონენტთა მტკიცებით, ზვიად გამსახურდიამ ,,, ციხეში გამოამწყვდია გასამხედროებული ორგანიზაცია „მხედრიონი“, - სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო, კრემლიდან კარგად ჩანდა,,, რუსი ინსტრუქტორი ოფიცრები როგორ ხელმძღვანელობდნენ "ოპონენტებს"
6, "ომი აფხაზეთში და რუსული აგრესიის საფრთხე დაეხმარა სწორედ ედუარდ შევარდნაძეს, გაემარჯვებინა 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში" - და ეს რამეთი გავდა არჩევნებს? არჩევნებში მას დახმარება ნამდვილად არ სჭირდებოდა... ეს დავალება კგბ-ს გენერალს კრემლიდან გამოატანეს...
7, "იყო თუ არა შევარდნაძე პრორუსული პროექტი?" - მოდი კითხვა დავაკონკრეტოთ იყო თუ არა კგბ-ს გენერალი? დიახ, ის კგბ-ს გენერალი იყო და არის... და არა "პროექტი".
8, "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მომხრეთა ბანაკს, გულმხურვალედ სჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს ებრძვის მოსკოვი და მისი „მეხუთე კოლონა“ ხან ბადრი პატარკაციშვილის, ხან „გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს“, ხან ნინო ბურჯანაძისა და სახალხო კრების, ახლა კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ სახით." - სამწუხაროდ კრემლი, იგივე კგბ, იგივე ფსბ, იგივე ფსბ-ს "ბიზნესმენები" (ესენი ყველა ყოფილ რესპუბლიკაში არიან ადგილობრივი გვარებით და მანქურთის იდეოლოგიით) ებრძვიან საქართველოს და არა ხელისუფლებას, ეს ედიკას დროს ცხადად დადასტურდა.
9. "აქმეც ისაა, რომ მეორე ბანაკიდან არანაკლებ ფანტასმაგორიულ წინასწარმეტყველებას გაიგონებთ. თუკი არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ გაიმარჯვებს, „საქართველო რუკიდან წაიშლებაო,“ - მეორე ბანაკზე მეტი არაფერია სათქმელი?
10. "გამოდის, რომ 1 ოქტომბერს არჩევანს ძირითადად ორ პრორუსულ ძალას შორის ვაკეთებთ." - აჰა, როგორც იქნა ითქვა სათქმელი... ზვიად გამსახურდია, კგბ-ს გენერალი, მიხეილ სააკაშვილი, პუწინის რუსული ოცნება - ფსბ-ს "ბიზნესმენი" - ერთი და იგივეა, ვაშაააააააააა

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
27.08.2012 16:10
რაღაც ცუდად აჭიკჭიკდნენ "საქართველოს მეგობრები" საქართველოს ეგვიპტიზაცია-სირიიზაცაიის შესახებ

რაღაც ცუდი აურა დგას ჩვენში, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ქართველების გარდა, ყველა მისი "მეგობარი" ჩვენში დენთის ასაალებლად ემზადება

და თუ ეს მოხდა, მაშინ სუდანი, ავღანეთი და პალესტინა და მისნაირი დაბეჩავებულ-დაქსაქსული ქვეყნები მონაგონი იქნება

90-იანი წლები და ჯაბა-,ხედრიონ-კიტოვანი სანატრელი გაგვიხდება

აბა ვნახოთ როგორ ვისახელებთ თავს ქართველები

ავტორი: არჩილ საიდან გვწერთ: სახლიდან
27.08.2012 00:01
"რუსეთის შინაგანი ჯარების სამშვიდობო მანდატი სამხრეთ ოსეთში" 1991 წელს რაღაც არ ჟღერს...

ავტორი: ხუთკუნჭულა
26.08.2012 21:50
რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს?
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
27.08.2012 02:59
ამ ფორუმზე თქვენი კომენტარი არ მოსულა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.08.2012 09:09
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე უკვე მეცინება მიშას ლაპარაკზე ხუმრობის გარეშე

მაგრამ მეორეც დიდად ძვირფასად მეტყველი გვყავს და...

დედა რა გვეშველება? არც ერთი არჩევანი არაფრად ვარგა და რა ვქნათ?

ვაის გავეყარეო, ვუის შევეყარეო... მეშინია :D

ავტორი: Sun jish
26.08.2012 00:21
მაღალი მოწოდების სიმაღლეზეა "1-ელი ოქტომბერი ყველა კრიმინალური ელემენტის, ყველა კორუმპირებული ელემენტის, ჩვენი დამპყრობლის ბოლო გაფართხალება იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხონში, მოსახლეობასთან გუშინდელი შეხვედრისას განაცხადა. დაიჯერეთ, იცის ამ კაცმა მომავლის განჭვრეტა და უდესიან, ვარძელაშვილ, კუბლაშვილ, მოგელაძის ხელით იხსნის საქართველოს პუწინის მუმიმფიცირებული ლეგინისგან:)))

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
25.08.2012 19:21
ისე ყველა ადამიანი ცდილობს საკვების მომზადებისას არც ჭურჭელი დაწვას და არც საკვები

ასე უკეთესია, სარჩოც გადაგირჩება და მისი მოსამზადებელი ჭურჭელიც

თუმცა ამის შეგნება ქართველისთვის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა რომ დაუმწვარი მწვადი ურჩევნიათ, მაინც რადიკალიზმის სიბნელესა და გაუთვიცნობიერებაში ეფლობიან მუდმივად ისინი

ჯერ ერთ პრეზიდენტს მოკლავენ, მერე მათ გამანადგურებელს დაუჩოქებენ, მერე ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას შეუდგებიან ზედმიწევნით გულმოდგინედ- ჩესტს და ბირჟის სიწმინდეს ხო დაცვა უნდა... ამას მესამის გაღმერთება და მისგან წიხლი მოყვა

წიხლი არ მოეწონათ და გადაგომა მოსთხოვეს იმას ვინც გუშინ ლამის ბზობით მიიღეს საუფლოს

რადიკალიზმი უმეცრების და სიბნელის ერთ ერთი გამოვლინებაა, ჩვენ სხვა ბევრი გამოვლინებაც გვაქვს

ხოდა არამგონია დამწვარი მწვადი გიყვარდეს მეგობარო, მაგრამ შამფური თუ თხილის წკნელისგან გააკეთე, მოფრთხილდი თორემ შემდეგ "შელაგება" მწვადზე ახლის გამოთლა მოგიწევს

ასე ვთლით ჩვენ პრეზიდენტებსაც ;)

ბანანა

ავტორი: ანონიმი
25.08.2012 10:38
"არც მწვადი დავწვათ, არც შამფური" - რადიო "თავისუფლების" არათავისუფალი ქართული რედაქციის დევიზი.

ავტორი: iram საიდან გვწერთ: თბილისი
25.08.2012 09:11
კობა გმადლობთ პასუხისთვის. ჩემი აზრით პოლიტიკური პარტიები იძულებულები არიან წამოწიონ რუსეთის თემა, რადგან ეს თემა მაინც განიხილება როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. თუ აღმოჩნდა, რომ არსებული პარტიები მართლაც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან, მაშინ გასაგები ხდება რას უნდა ელოდეს საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ რეფორმებში, ევროპულ და ევროატლანტიურ ინტეგრაციაში და ა.შ. არა მგონია, რომ ამ საკითხების ამოგდება შესაძლებელი იყოს ქართული, თუ საერთაშორისო დისკურსიდან.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
25.08.2012 01:57
საზოგადოებას კონსოლიდაციამდე ერუდიცია სჭირდება, თორემ არ იქნებოდა მაშინ ჯაბას და კიტოვანის მაგვარების ზეობა ქვეყანაში

ვხოცეთ ერთმანეთი, ვიჩხირეთ და ვიძველბიჭეთ... მივაკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ამ უკანასკნელს ჩვენვე დავარქვით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა

მერე ვირევოლუციონერეთ, და მოკლედ რა აღარ ვაკეთეთ

და რა ბოლოს? სირატაკე, სიბნელე და უპერსპექტივობა

ცოტა მეტი განათლება და ინტელექტი რომ გვქონოდა ასე არ დაგვემართებოდა, მაგრამ ცხვრის ფარას მდელოზეც და სასაკლაოზეც უფრო "ხიტრი" თხა მიუძღვება წინ

ზატო უბანში ბირჯა არ გაგრილებულა ადერ უკვე 20წელიწადზე მეტია

ყოჩაღ გრუზინებს

ავტორი: ანონიმი
25.08.2012 01:37
ასეთი ღრმა ანალიზი დიდი ხანია არ წამიკითხავს

ავტორი: თამაზი საიდან გვწერთ: დუშეთი
24.08.2012 21:14
მშვენიერი წერილია, მაგრამ მარტო ანალიზების და მიმოხილვების კეთებამ რა გვიშველოს თუ თქვენ-დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა ალტერნატიული, პოზიტიური თვასაზრისების და კონცეფციების შემუშავებაზეც არ იფიქრეთ და იმუშავეთ, რაც საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიის კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
24.08.2012 20:27
პატარა და არასრულყოფილების კომპლექსებით გაჯერებული ფსიქოლოგიის მქონე ერი დამოკიდებული კი არა ჩამოკიდებულია რუსეთზე

თან მუდმივად ვლანძღავთ, თან ჩვენი ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთში გვყავს, თან სატანას ვუწოდებთ და თან იქ ნაშოვნი და გამოგზავნილით ვცხოვრობთ, ვერ ვიტანთ და კი მივტირით შუქიან-დენიან-სამუშაოებიან სსრკ-ს

ესე არ მოქცეულა ბალტიისპირეთი, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში შეგნებული, განათლებული, მშრომელი და უსადღეგრძელოთ პატრიოტი ხალხი ცხოვრობდა და ცხოვრობს

ასეთი დისკურსი მანამ გაგრძელდება სანამ პრორუსული აზრის მქონე ბევრი გვეყოლება ქვეყანაში, მათ შორის ხელისუფლება და სახელისუფლებო პარტია (ბევრს კი ყვირიან რუსეთის ლანძღვას მაგრამ ყველა სტრატეგიულ ობიექტს კი მათზე ყიდიან- ასე რომ არ ვიცი, არა)

ავტორი: izo საიდან გვწერთ: tbilisi
24.08.2012 15:57
ფაქტების მოხმობით გამყარებული საინტერესო ანალიზია.

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 14:52
დისკურსი რაია არ ვიცი მაგრამ ზვიად გამსახურდიამ თბილისში არ დაახურინა პუშკინის მეგობარი სმირნოვა როსეტის მუზეუმი. მის დროს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორად დანიშნეს ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ,ოღვაწე ეკატერინე ლეონიდეს ასული (ეკა) პრივალოვა. დავით სარაჯიშვილის ნათესავი და ქსნის ერისთავთა შთამომავალი სხვათა შორის! ხოდა ქართველთა საბჭოთა დემოკრატებმა ეს კაცი გამოაცხადეს პროვინციელ ფაშისტად და ეკა პრივალოვას მაგივრად დანიშნეს კალაშნიკოვით მაწანწალა პროფესორი ლომოური რომელიც საბჭოთა ტელევიზიით თავად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს ბანდიტს უძახოდა! ასეთ დემოკრატიაზე ახია ყველაფერი! საქართველოა ცოდო!!!

ავტორი: Far a
24.08.2012 14:18
წინასაარჩევნო ქცევის უკვე შემუშავებულ კოდექსს, იქნებ დაემატოს მუხლი: პოლიტიკური პარტიები თავს შეიკავებენ ერთმანეთს უწოდონ, რუსეთის მარიონეტები, დათვის ფეხვის მლოკველები, მუმიები, უწმინდურები, ბნელეთის ძალები. მით უფრო, რომ დიდი სისპეტაკით და მყარი დასავლური ფასეულობებით არავინ გამოირჩევა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში

ავტორი: ანონიმი
24.08.2012 14:12
ამოვიდა ყელში ეს პრო ის და პრო ეს... მთავარი პროქართული, რომელიც მართლაც ინოვატორული იქნება გლობალური სამყაროსათვის, ამაზე რაიმე იდეის მსგავსიც ჯერ არ მომისმენია.

ავტორი: iram საიდან გვწერთ: თბილისი
24.08.2012 09:34
ბოლო-ბოლო რაში მდგომარეობს სტატიის დასკვნა, მართლა არიან ეს პარტიები პრორუსული, თუ არ არიან?
პასუხი

ავტორი: კობა საიდან გვწერთ: პრაღა
24.08.2012 15:54
ირაკლი, ეს სტატია არ არის, ბლოგია და დასკვნა ყველა მკითხველმა თავად უნდა გააკეთოს. ფაქტი ისაა, რომ არსებობს ეს რუსული დისკურსი. და კურიოზიც ისაა, რომ ამ დიკურსის არსებობა და "სამ დურაკის" პრინციპით ერთმანეთის ლანძღვა წინასაარჩევნო პროცესში, კიდევ უფრო გვაშორებს დასავლურ ფასეულობებს, რაც შესაძლოა ასევე იყოს რუსული სცენარის შემადგენელი ნაწილი.

ავტორი: Ina uri საიდან გვწერთ: Gurjistanidan
24.08.2012 01:06
ამ რუსული დისკურსის და ულტრარადიკალური, ფორმით პროდასავლური და შინაარსით ღრმად პრორუსული ძალების შემთხვევაში ისეა, როგორც ერთ რუსულ ანდაზაშია: держи вора, кричить вор

ავტორი: raul chilachava საიდან გვწერთ: kiev
23.08.2012 20:44
რა ვქნათ ჩემო კობა, რას გზას დავადგეთ? ნუთუ მართლა ასეთი გაუტანლები ან ასეთი უვარგისები ვართ? დაიბნა რიგითი ამომრჩეველი, აერია გზაკვალი. ყოველ ნაბიჯზე აშინებენ გამცემლებით, მოღალატეებით, გარეშე და შინაური მტრებით, თვითონ დამშინებლებს კი არავისი და არაფრის ეშინიათ, არინ არხეინად და მილიონერდებიან. თქვენ, სპეციალიტებმა, ხომ ყველაფერი მშვენივრად იცით, ჰოდა ამ ისედაც დაბნეულ ხალხს უფრო რატომ აბნევთ? დაალაგეთ კატლეტები ცალკე და ბუზები ცალკე. ქვეყანა მადლიერი დაგრჩებათ. უმეტესობა მაინც. ისე მსჯელობა მომეწონა, მართლაც ბევრ საფიქრალს აღძრავს, მაგრამ თავისი ბინარულობით სიმართლეს კიდევ უფრო გვაშორებს.

ავტორი: ნინო საიდან გვწერთ: აშშ
23.08.2012 20:38
როგორც ყოველთვის, საინტერესო და კარგ ანალიზს გვთავაზობ, კობა.
მნიშვნელოვანია გაკეთდეს მეტი ანალიზი რა უბედურება გვჭირს, რომ დაავადებას სათავეშივე ვუმკურნალოთ.
ვისურვებდი 90-იანი წლების ანალიზი უფრო დეტალურად გააკეთო, ოდესმე, რადგან "ყველაფერი" იქედან მოდის!!! გმადლობ

ავტორი: დავით ლაცუზბაია საიდან გვწერთ: თბილისი
23.08.2012 19:07
კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაღმა ფარცხეს...

ავტორი: DABNEULI საიდან გვწერთ: qalaqi anara
23.08.2012 18:59
ამართალი ბრძანდებით ბატონო კობა. ძალან დამაბნეველი სიტუაციაა(მე ხო ისედაც დაბნეული ვარ) . ისე გაზრდილი გამზრდელს არ გავს. ძალინ ფიცხი და დაუფიქრებელია. ისე ლანძღავს რუსეთს დარიგებული გეგონება, ლექსივით სხაპასხუპით არაკრაკებს ერთსა და იმავეს.საქმით კი სხვა რამე ჩანს. მეოცნებეებისაც ვერაფერი გავიგე. მართლა ოცნებობენ, ოღონდ ძალიან ცუდად. არ შეიძლება საზოგადოების ასე გახლეჩა და ასე დამამცირებლად მოსყიდვა. (თუმცა სხვა შესაძლებლობა არც აქვთ). მოკლედ ჯერჯერობით გზა არ ჩანს. ასე მგონია მიშაც თავისი გამზრდელივით ცდილობს მშვიდად წავიდეს სახლში, მაგრამ არა მგონა მისმა დაგებულმა გზებმა იქამდე მიიყვანოს.რაც შეეხება რუსეთს ის არასოდეს შეეშვება ჩვენს ცხოვრებაში ჩარევას. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ქართველებს ქართველზე დიდი მტერი რომ არ გვყავს. მაპატიეთ ჩემი დაბნეულობა. თქვენ კი დიდი მადლობა ბატონო კობა ასეთი საინტერესო სტატიებისთვის.

ავტორი: ანტიკონსპირატორი
23.08.2012 18:55
ქართველი პოლიტიკოსები აღარც პროქართულები არიან, არც პროდასავლელები და არც პრორუსები..მათი ნებელობა უბრალოდ პოლიტიკურ ამინდზეა დამოკიდებული.. არადა სინგაპურის ქარიც უკვე მძლავრად უბერავს, პროსინგაპურული ორიენტაციის გაჩენასაც აქვს ჩვენთან პოლიტ. პოტენციალი უკვე

ავტორი: ანონიმი
23.08.2012 18:50
ბოდიში მაგრამ 1990 წლის არჩევნებში იყო საბჭოთა და არა მხოლოდ რუსული დისკურსი. თუ გახსოვთ მაშინ საბჭოთა კავშირის სათავეში დღევანდელი საქართველოს საპატიო პენსიონერი ედუარდ შევარდნაძეც ბრძანდებოდა. სწორედ მაგ საბჭოთა კავშირში შემუშავდა სტალინის მიერ შეთითხნილი საქართველოს დასჯის კონცეფცია //იხილეთ ბერიას ყოფილი ხელქვეითი აკადემიკოსი სახაროვის კონსტიტუციის პროექტი//. ასეთი საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგე ზვიად გამსახურდია წარმოშობით მგონი ბერძენი ანდროპოვის მიერ პოლიტიკური მოსაზრებებით საგიჟეთში ჩაყრილ რუსებსაც იცავდა. მერე,უკვე საბჭოთა ზარბაზნებით გაძევებული კი ტოლსტოიზე შესანიშნავ წერილებსაც აქვეყნებდა სხვათა შორის რუსულ ლიტერატურნაია გაზეტაში. ევროპაში თათარიახლად დაბრუნებიული ქართველების გაზეთებმა ამის გამოქვეყნება რა თქმა უნდა ითაკილეს. ეს წერილი პატიმრობაში ყოფნისას დაწერა.ასე რომ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის აღმდგენის მსურველებს,იმათ ვისაც პროვინციელი ფაშისტები უწოდეთ,სულაც არ სძულდათ და არ სძულთ რუსეთი როგორც მსოფლიო ისტორიის და კულტურის მოვლენა. მათ არ მოსწონთ არამარტორუსული კრეტინიზმი და ნაძირლობა. იცოცხლეთ და გაიხარეთ.

ავტორი: K.K. საიდან გვწერთ: Yerevan
23.08.2012 18:49
როგორც ყოველთვის საინტერესო და ყოვლის მომცველი იმფორმაციაა

ყველაზე პოპულარული