Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კითხვები ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით - საქმის კვალიფიკაცია და იარაღის ამბავი


ეროსი კიწმარიშვილი, 2011 წელი
ეროსი კიწმარიშვილი, 2011 წელი

მთავარ პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, არ არის გამორიცხული, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმეს მომავალში კვალიფიკაცია შეეცვალოს. საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. პროკურატურის ცნობით, ეროსი კიწმარიშვილის გვამი 15 ივლისს მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მდგომ მანქანაში აღმოაჩინეს. პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი თანაპარტიელები, იმ მაღაზიის თანამშრომლები, რომელშიც, მედიის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა. ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის ცნობით, ოჯახი მომხდართან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, ამ დრომდე საქმეზე აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს და ექსპერტიზის პროცესში ჩართული იქნება დამოუკიდებელი ექსპერტიც:

კოკა კაციტაძე
კოკა კაციტაძე

„ამ დროისათვის ხდება სხვადასხვა საგამოძიებო ვერსიების შემოწმება და წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, რომ სახეზე გვაქვს თვითმკვლელობა, მკვლელობა ან უბედური შემთხვევა, არის ნაადრევი. საგამოძიები ჯგუფი ძალიან აქტიურად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთებში ხდება ამოღებული ვიდეომასალის გაშიფვრა საგამოძიებო ორგანოში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობას მიიღებს, თვითონ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრების მოთხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი“.

გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა დღის ბოლოს გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ:

„ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას".

ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში 16 ივლისის დილით გადაასვენეს. ექსპერტიზას, კიწმარიშვილის ადვოკატის თხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტიც ესწრებოდა. მაია ნიკოლაიშვილის თქმით, ექსპერტიზის შედეგად მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ გასროლა განხორციელდა იარაღის მიბჯენით:

„ვერც მე და ვერც ერთი სამედიცინო ექსპერტი ვერ გეტყვით, მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა. ეს არის გამოძიების პრეროგატივა, მაგრამ ის, რაც ნანახია, სხვა მონაცემებთან ერთად, რა თქმა უნდა, - უნდა შეჯერდეს შემთხვევის ადგილი და ეს ყველაფერი ერთმანეთთან, - ფაქტია, რომ ადგილი აქვს მიბჯენით სროლას. აღბეჭდილია ტიპიური შანც მარკა, ანუ ლულის ანაბეჭდი, და ძალიან მძლავრი იარაღი, გამომდინარე იქიდან, რომ ქალას ძვლების საკმაოდ ძლიერი დაზიანებებია“.

ისიც გვახსოვს, რომ 90-იანი წლების რუსეთში – მე არავის თითს არ ვადებ, მაგრამ იმ რუსეთში, სადაც დააგროვა ქონება ბატონმა ივანიშვილმა, დღევანდელმა უფლებამოსილებას გაქცეულმა ოლიგარქმა – შეკვეთილი მკვლელობები იყო ყოველდღიურობის ნაწილი...
გიორკი კანდელაკი

მთავარი პროკურატურის მიერ15 ივლისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. სწორედ ამ მუხლით საქმის აღძვრის გამო აკრიტიკებენ საგამოძიებო ორგანოებს ხელისუფლების ოპონენტები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორკი კანდელაკი ეჭვის თვალით უყურებს იარაღის შეძენის ფაქტსაც:

„თუკი ბატონ კიწმარიშვილს სურდა თვითმკვლელობა, მაშინ გაუგებარია, რატომ გაივლიდა ის ხანგრძლივ პროცედურებს, რათა დაერეგისტრირებინა აღნიშნული იარაღი? მას ბოლო დროს აქვს მიცემული რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერვიუ „რუსთავი 2“-ის შესახებ და ამ ინტერვიუებიდან გამომდინარეობს, რომ დღევანდელი მთავრობა აპირებს აგრესიულად ჩაიგდოს ხელში „რუსთავი 2“. ჩვენ, ამავე დროს, ისიც გვახსოვს, რომ 90-იანი წლების რუსეთში – მე არავის თითს არ ვადებ, მაგრამ იმ რუსეთში, სადაც დააგროვა ქონება ბატონმა ივანიშვილმა, დღევანდელმა უფლებამოსილებას გაქცეულმა ოლიგარქმა – შეკვეთილი მკვლელობები იყო ყოველდღიურობის ნაწილი“.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია აგრეთვე, რატომ უნდა შეეძინა ეროსი კიწმარიშვილს იარაღი იმავე დღეს, როცა ფაქტი მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ეროსი კიწმარიშვილის მეგობარმა ბადრი ნანეტაშვილმა, რომელმაც პირველად გუშინ დაადასტურა, რომ კიწმარიშვილმა მართლაც შეიძინა იარაღი CZ 75 ძმისთვის საჩუქრად, 16 ივლისს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა: ეროსი თავიდან ძმისთვის საკუთარი იარაღის ჩუქებას აპირებდა, მაგრამ, გაფორმების სირთულეების გამო, ახლის შეძენა გადაწყვიტაო. ანუ კიწმარიშვილს იარაღი მანამდეც ჰქონდა.

საქმის ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველანაირი - მათ შორის პოლიტიკური - სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:

„არაფერი არ არის უფრო დიდი უბედურება, ვიდრე ის, რომ ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სპობს. გამოძიება მიმდინარეობს. პირველადი ნიშნები გვიჩვენებს, რომ საქმე უნდა გვქონდეს იმასთან, რაც თქვა ექსპერტიზამ, რომ არის მიბჯენით ნასროლი და რომ დაზიანებულია სერიოზულად თავის ქალა. ეს არის ფაქტი, რომელიც არის დადგენილი. ამის კვალიფიკაციას და სხვა ფაქტებს დაადგენს საგამოძიებო ორგანო და შეიძლება კვალიფიკაცია შეიცვალოს და შეიძლება არა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან. სამართლებრივი კვალიფიკაცია არავისი საქმე არ არის. ეს არის ერთადერთი პროკურატურის უფლებამოსილება და დავაცადოთ პროკურატურას“.

მე მინდა ბატონი ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს...
გიორგი მარგველაშვილი

გამოძიებას უკვე აქვს ის ვიდეოკამერები, რომელიც მომხდარის ადგილიდან არის ამოღებული. საგამოძიებო ორგანოში დაიკითხა პარტია „ჩვენი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ხევიაშვილიც, რომელიც ფაქტის პირველი თვითმხილველია - მან გამოიძახა სასწრაფოც და პოლიციაც. გია ხევიაშვილი მედიასთან საუბარში დეტალებზე არ ლაპარაკობს და ამბობს, რომ გამოძიებას მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც კი მოეპოვებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს მისი გარდაცვალება მიუსამძიმრა და მომხდარს „საზარელი მკვლელობა“ უწოდა:

„მე მინდა ბატონი ეროსის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო ეს ტრაგიკული ფაქტი. აუცილებლად უსწრაფესად უნდა მოხდეს გამოძიება. ბუნებრივია, ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს და, პირველ რიგში, მე ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ამ ფაქტან დაკავშირებით“.

პრეზიდენტის გამონათქვამი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კრიტიკულად შეაფასა:

„ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგის ეს განცხადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას და ამის მერე შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება“.

ეროსი კიწმარიშვილი იყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 10 წლის განმავლობაში. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მან ტელეკომპანია დატოვა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გახდა. შემდეგ საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა. 2007 წელს დაბრუნდა საქართველოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მრჩევლად. ამავე წელს იყო მიხელ სააკაშვილის საარჩევნო კამპანის სტრატეგიის ჯგუფის ხელმძღვანელი. 2008 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთის ფედერაციაში. 2010 წელს დააფუძნა ხელისუფლების ოპოზიციური „ქართულ პარტია“ და ამავე წლებში იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის კომპანიის ხელმძღვანელი. ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მდგომ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG