Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრების გადასახლების მორიგი წლისთავი


კიევი
კიევი

უკრაინაში ყირიმელი თათრების დეპორტაციის 71-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1944 წელს საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის, ბრძანებით, ყირიმის ნახევარკუნძულიდან გადაასახლეს 180 ათასზე მეტი თათარი, რაც ათასობით ადამიანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

კიევში 18 მაისს გაიმართა აქცია „მე ვარ ყირიმელი თათარი“. 1944 წელს სწორედ 18 მაისს დაიწყო თათრების ყირიმიდან გადასახლება ... როგორც კიევის აქციის ორგანიზატორები (ყირიმელი თათარი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი) ამბობენ, მათ ორი მიზანი ამოძრავებთ: პატივი მიაგონ დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნას და იმ თათრებს, ვინც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიღუპა.

კიევში, ჰოლოსივსკის პარკში, რამდენიმე კარავი აღმართეს იმათთვის, ვისაც სურს სხვებთან ერთად გაიხსენოს, რა გადახდათ თავს ყირიმელი თათრების წინაპრებს, ან მოისმინოს, რა მდგომარეობაში არიან თათრები, ვინც რუსეთთან უკანონოდ მიერთებულ ყირიმში ცხოვრობდა და ცხოვრობს.

დეპორტაციის მსხვერპლთა გასახსენებლად 17 მაისსაც შეიკრიბნენ კიევში.

„ჩემი დიდი ბებია, ნასლიხან ჯამილიდინოვა, სოფელ კუჩკუზინიდან გადაასახლეს ხუთ შვილთან ერთად. საუბედუროდ, ერთი ბავშვი მოუკვდა მატარებელში. მინდა გთხოვოთ: როცა სანთელს დაანთებთ, ისიც გაიხსენეთ. გახსოვდეთ ათასობით მსხვერპლი, რომელთა საფლავიც კი არ ვიცით. გმადლობთ“, - ასე მიმართა კიევში შეკრებილებს აქციის მონაწილე ახალგაზრდა ქალმა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გამოელაპარაკა: „ეს არის ხსოვნა. მთელი ხალხის ხსოვნა. ეს უბედურება ყველა ოჯახს შეეხო. ასეთი აქციები იმას აჩვენებს, რომ გვახსოვს და არასოდეს დავივიწყებთ ამ უბედურებას, ამ ტკივილს“.

ყირიმელი თათრების გადასახლების მორიგ, 71-ე, წლისთავთან დაკავშირებით 16 მაისიდან იმართება აქციები არა მარტო კიევში - უკრაინის მრავალ კუთხეში. მანამდე კი, 14 მაისს, უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 18 მაისს ყირიმელ თათართა გადასახლების ხსოვნის დღედ აცხადებს. განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ამ დღეს სკოლებმა საგანგებო გაკვეთილი უნდა დაუთმონ ყირიმიდან თათრებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა შუა აზიაში გადასახლების ისტორიას.

1944 წელს თათრები ყირიმის მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს შეადგენდნენ და გადასახლებით დაისაჯნენ ვითომ ნაცისტ ოკუპანტებთან კოლაბორაციისათვის. ათიათასობით ადამიანი დაიღუპა გზაში და შუა აზიაში ჩასვლის შემდეგ.

80-იან და 90-იან წლებში ბევრი ყირიმელი თათარი ან მათი შთამომავალი დაუბრუნდა მშობლიურ მიწას, მაგრამ უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ეს ხალხი კვლავ განიცდის დისკრიმინაციას და ჩაგვრას მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს ნახევარკუნძულის, ანუ უკრაინის ტერიტორიის, უკანონო ანექსია მოახდინა.

განვლილი წლის განმავლობაში რამდენიმე ყირიმელი თათარი მოკლეს, კიდევ უფრო მეტი დააპატიმრეს, ხოლო ცნობილ უფლებადამცველს მუსტაფა ჯემილევსა და ყირიმელი თათრების თვითმმართველობის ორგანოს - მეჯლისის -თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვს ყირიმში ჩასვლა აუკრძალეს. ამ რეპრესიებს ნახევარკუნძულის ახალმა - მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედმა - მმართველებმა გასულ თვეში დაამატეს ყირიმელი თათრების ერთადერთი ტეელეარხისა და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების დახურვა.

მიზეზი ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს. ყირიმელი თათრების უმრავლესობა იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა ყირიმის ანექსიას, რომელიც მალე მოჰყვა რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთების მიერ ნახევარკუნძულის ოკუპაციასა და სახელდახელო რეფერენდუმის ჩატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG