პარასკევი, 29 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 05:12

კულტურა

კინოში სანახავი ფილმები

კადრი ფილმიდან "Django Unchained"კადრი ფილმიდან "Django Unchained"
x
კადრი ფილმიდან "Django Unchained"
კადრი ფილმიდან "Django Unchained"

მულტიმედია

აუდიო
გასულ კვირას ქართულ ინტერნეტსაიტებზე, სადაც ახალი ფილმების ლინკებს დებენ ხოლმე (ცხადია, საავტორო უფლებების დარღვევით), მოულოდნელად გაქრა კვენტინ ტარანტინოს ფილმი “ჯანგო”... თუმცა არსებობს რუსული საიტები და ეგრეთ წოდებულ პირატულ ვერსიებს იქ მაინც მიაგნებთ... თავად ტარანტინო, მისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, მაინც და მაინც მკაცრად არ განიხილავს საავტორო უფლებების საკითხს, თუმცა ჰოლივუდის რომელიმე სხვა რეჟისორიც რომ ყოფილიყო, მისი ახალი ფილმი მაინც მოხვდებოდა “რუსულ ინტერნეტში” და შესაბამისად, ქართულ საიტებზეც. ასეა თუ ისე, ამ საიტებმა გაითვალისწინეს კინოთეატრების თხოვნა (ყოველ შემთხვევაში ამ საკითხს აქამდე სწორდ მოლაპარაკება არეგულირებდა) და როგორც დღეს ამბობენ ხოლმე – “აიღეს ლინკები”. ახლა ტარანტინოს მოყვარულებს 24 იანვრამდე მოუწევთ მოცდა, როცა “ჯანგო” საქართველოს კინოთეატრებში გაჩნდება.

მეც იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნია, რომ ტარანტინოს ფილმებს მხოლოდ დიდ ეკრანზე უნდა უყურო, ამიტომ არც მიცდია “ჯანგოს” ნახვა კომპიუტერში, პირატული გზით. თუმცა საეჭვოა, დედაქალაქის კინოთეატრებში ჩვენებისას ამ ფილმმა სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოს. გაგახსენებთ, რომ ფილმების უმრავლესობას საქართველოს კინოთეატრებში ისევ რუსულად ახმოვანებენ, რადგანაც ფილმის ასლის ჩამოტანა მოსკოვიდან ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ევროპის რომელიმე სხვა ქალაქიდან. ამ საკითხზე დისკუსია ქვეყანაში ისევ არ დაწყებულა, ამიტომაც უნდა დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომელიც პირადად ჩემთან არაერთ ადამიანს გამოუთქვამს: როგორი ცინიზმია მსჯელობა იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, როცა თუნდაც ყველა კინოთეატრში ფილმებს რუსულ ენაზე უჩვენებენო...

ტარანტინოს ახალი ფილმის ნახვას დიდი ხანია ელიან მისი მოყვარულები. ახლა, როცა ფილმი მოიხსნა ქართული საიტებიდან, “ჯინგოს” ნახვა შეიძლება გაუჭირდეთ იქ, სადაც არაა კინოთეატრები. კინოთეატრი კი, თანამედროვე სახით ქვეყანაში სულ 3 ქალაქში მუშაობს და ფილმებს ნახევრად ცარიელ დარბაზებში უჩვენებენ მრავალი მიზეზის გამო, რომელთაგანაც მთავარი სამია: 1. რუსულად გახმოვანებული ფილმი არ ესმით, რადგან ახალგაზრდების უმეტესობამ რუსული არ იცის, 2. ფილმების “პირატული ვერსიები” ზოგჯერ პრემიერამდე  ვრცელდება; 3. ბილეთი ღირს ძვირი, ძალიან ძვირი!.. ახალი წლის დღეებში, მაგალითად, ბილეთის ფასმა ფილმ-კონცერტ “ლედ ზეპელინზე” სარეკორდო ციფრს მიაღწია - 16-დან 25 ლარამდე ღირდა.

სხვათა შორის, სწორედ ახალი წლის დღეების აფიშების ხილვის შემდეგ მითხრეს კოლეგებმა, რომ კინოგაქირავების ინდუსტრიის კრიზისმა დღეს კულმინაციას მიაღწია. იმ სამ კინოთეატრში, რომლებიც თბილისშია გახსნილი, ზოგჯერ სეანსებს ჩავარდნა ემუქრება იმის გამო, რომ საშუალო და ცუდი ხარისხის, იაფად ნაშოვნ ფილმებზე ხალხი არ დადის.

იანვრის მიწურულს თბილისის კინოთეატრებში სტივენ სპილბერგის  “ლინკოლნის” პრემიერა გაიმართება. ეს სურათი 6 ამერიკულ “გლობუსზეა” წარდგენილი და, სავარაუდოდ, წლევანდელი “ოსკარის” ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. დენიელ დეი ლუისის ნამუშევარს ზოგიერთი კრიტიკოსი ათწლეულის შედევრს უწოდებს. მიუხედავად ამისა, კინობაზრობებზე “ლინკოლნს” პროდიუსერებმა საკმაოდ დაბალი ფასი დაადეს, რამაც შესაძლებელი გახადა ფილმის პრემიერა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც... რაც გასაგებიცაა – “ლინკოლნი”, როგორც ჩანს, პირველ რიგში პოლიტიკური სურათია. ფილმი აღადგენს ამერიკას სამოქალაქო ომის წლებში და კიდევ ერთხელ ამკვიდრებს ჰოლივუდის პოლიტიკური კინოსთვის დამახასიათებელ იდეას: ადამიანს შეუძლია ისტორიის შეცვლა; ნამდვილი თავისუფლება – ეს ისტორიის კანონებზე მაღლა ყოფნის უნარია!..

თუმცა თავისუფლება რომ იგრძნო პირველ რიგში იმ მუხრუჭებზე უნდა თქვა უარი, რომელიც განვითარებაში ხელს გიშლის. მიუხედავად იმისა, რომ ტარანტინო და სპილბერგი განსხვავებულად წარმოაჩენენ ამერიკის ისტორიას, ორივე ცდილობს ახლებურად გამოხატოს წარსულის სახეები... ჰოლივუდი ყოველთვის გამოირჩეოდა ამით: ძველ მითებს ხელს არ ახლებდა, მაგრამ ცდილობდა ახალი მითები შეექმნა, რათა ძველები ასე განედევნა ცნობიერებიდან.

ადამიანთა განთავისუფლებაში, ღრმად დამკვიდრებული სტერეოტიპებისგან ცნობიერების განთავისუფლებაში მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მასობრივმა კულტურამ... ამიტომაცაა ალბათ, რომ ქედმაღლური საუბარი პოპულარულ კულტურაზე კარგა ხანია ცუდ ტონად იქცა დასავლეთში. როგორც გაირკვა, დემოკრატიზაციას, პიროვნების თავისუფლებას, ადამიანთა სოლიდარობას ხშირად არა ინტელექტუალური, საავტორო კინო, არამედ სწორედ ბლოკბასტერები და განსაკუთრებით სერიალები უწყობენ ხელს. საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ასე არ ხდებოდა - სერიალები, როგორც წესი, მხოლოდ ფიქრის  დეფიციტს აძლიერებდნენ და ზოგადად, კონფორმიზმისკენ უბიძგებდნენ საზოგადოებას.

ამ თვალსაზრისით ბევრი რამ შეიცვალა „რუსთავი 2“-ის სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” ჩვენების შემდეგ: ეკრანზე გაჩნდნენ დამოუკიდებელი ქალები (შეიძლება ითქვას ფემინისტები); გამოჩნდა ქალების სოლიდარობის მაგალითები; გამოჩნდნენ მამაკაცები, რომლებიც უარს ამბობენ დომინანტის როლზე ოჯახში; მათ გვერდით თანაარსებობენ ისინი, ვინც ტრადიციულ ყოფას ანიჭებენ უპირატესობას; კონფლიქტიც არის, მაგრამ ეს კონფლიქტი აღარაა დამანგრეველი – ეს ჩვეულებრივი, ადამიანური კონფლიქტია... შეიძლება ამანაც განაპირობა “ჩემი ცოლის დაქალების” პოპულარობა, სერიალისა, რომლის გმირები ამ კვირაში უკვე დიდ ეკრანზე იხილა მაყურებელმა. კინოთეატრებში გამოვიდა ფილმი “ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი”.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: დუდა
28.01.2013 00:06
ვუყურე ფილმს, ვესტერნის სტილში ერთ ერთი საუკეთესოა, შთამბეჭდავია და ძალიამნ მომეწონა

ავტორი: elene
24.01.2013 22:12
როგორც ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, ქართულ ტელერადიოსივრცეში ძნელია მოისმინო სასიამოვნო გადაცემას

ავტორი: ghgfjh
22.01.2013 13:51
არა მხოლოდ ბიზნესი ჩაკლეს მაგ კინოთეატრების მფლობელებმა, არამედ კინოში წასვლის სურვილი და ტრადიციაც მოსპეს:(

ავტორი: ჯემალი საიდან გვწერთ: თბილისი
15.01.2013 13:23
რუსულ ტორენტებზე დევს "ჯანგო". სერიოზული ფილმია! მადლობა სტატიისთვის ბატონო გოგი! http://nnm-club.ru/forum/viewtopic.php?t=599935&sid=18ca057a20dfaff4a9f80754ccd80eb8

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
15.01.2013 10:54
შენ მართლა პრიმიტივი ყოფილხარ, თანაც ღრმად იდეოლოგიზირებული, სოცრეალიზმის პრინციპებით გაჯერებული პრიმიტივი... თუმცა, კვესიტაძე-უტაშვილის ოჯახის მეგობარი სხვანაირი როგორ იქნებოდა

ავტორი: gvantsa green საიდან გვწერთ: Tbilisi
15.01.2013 09:42
მოკლედ, სტივენის ხომ არის და რა მნიშვნელობა აქვს რომლის <3 <3 ახლა დავფიქრდი მეც კინოთეატრში ხომ არ ვნახო "ლინკოლნი" :?

ავტორი: HE1SENBERG საიდან გვწერთ: TBILISI
15.01.2013 01:01
გოგი IMAX-იც ჩაგეკვეხა სადმე რა... :))

ავტორი: nino საიდან გვწერთ: tbilisi
15.01.2013 00:52
"იანვრის მიწურულს თბილისის კინოთეატრებში სტივენ სპილბერგის “ლინკოლნის” პრემიერა გაიმართება. ეს სურათი 6 ამერიკულ “გლობუსზეა” წარდგენილი და, სავარაუდოდ, წლევანდელი “ოსკარის” ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია." სად წერია სოდენბერგი?

ავტორი: მამუკა საიდან გვწერთ: თბილისის
14.01.2013 16:06
ვეთანხმები გოგის, კინოთეატრებში ბილეთები მართლაც ძვირი ღირს.
როგორ უნდა ავუხსნათ კინოთეატრების მფლობელებს, რომ თუ ბილეთებს გააიაფებენ, მაყურებელი მოიმატებს და შემოსავალსაც გაეზრდებათ. ჩემი ოჯახი, სიძვირის გამო, ფილმებს ინტერნეტში უყურებს:(

ავტორი: ანონიმი
14.01.2013 16:00
კაია,ლენინსაც უყვარდა კინო

ავტორი: თამუნა საიდან გვწერთ: თბილისი
14.01.2013 15:14
მე ვნახე "ლინკოლნი" და ჩემი აზრით, ეს ფილმი რომ კარგად გაიგო, ამერიკის ისტორიის რაღაც ნიუანსები უნდა იცოდე. მე რაღაცეები წავიკითხე მერე, უფრო რომ გავრკვეულიყავი. რუსულად გახმოვანებული ფილმები საშინელებაა. ამიტომ ჩემითვის ფაქტიურად, არ არსებობს კინოთეატრები. ან რუსულად გახმოვანებული ფილმები გადის, ან ცუდი ქართული ფილმები (უდიდესი უმრავლესობა).

ავტორი: chrdileli საიდან გვწერთ: chrdilidan
14.01.2013 00:50
როგორი მოგვწონს ალბათ თავი როცა გვახარიას ასწავლი ვინ არის რეჟისორი ფილმ ლინკოლნისა:))))

ავტორი: გოგი გვახარია
13.01.2013 22:28
მადლობა. გასწორდება ტექსტში აუცილებლად

ავტორი: ნიკოლოზ
13.01.2013 22:01
დიდ ეკრანზე რატომ უნდა უყურო ჯანგოს?

ავტორი: ბესო საიდან გვწერთ: ბერლინი
13.01.2013 21:28
ლინკოლნი სოდერბერგის კი არა სპილბერგის გადაღებულია! დენიელ დეი ლუისის განსახიერებული ლინკოლნი შედევრალურია.

ავტორი: Floydian საიდან გვწერთ: თბილისი
13.01.2013 21:07
სპილბერგი ბატონო გოგი და არა სოდერბერგი :შ

ავტორი: misha საიდან გვწერთ: tbilisi
13.01.2013 21:03
სტივენ სოდენბერგის თუ სილბერგის, რამდენადაც ვიცი ლინკოლნი სპილბერგის ფილმია

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული