Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერაცია ხე-ტყის უკანონოდ მომპოვებელთა წინააღმდეგ


ორი დღეა გორსა და ატენში ისევ იმ ოპერაციაზე საუბრობენ, რომლის დროსაც 12 ადამიანი დააკავეს. მათ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღებისა და ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თავიდან 30-ზე მეტი მოქალაქე მიიყვანეს, აქედან 12-ს ბრალი წაუყენეს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ატენის ხეობის ტყიდან უკანონოდ სისტემატიურად გამოჰქონდა ძვირფასი სამასალე ჯიშის მრგვალი ხის მორები, ხოლო დანაშაულისთვის კანონიერი სახის მისაცემად სახერხ საამქროებში უკანონოდ დახერხვის შემდეგ, გაყიდვის ზედნადების ნაცვლად, წერდნენ მასალის შიდა გადაზიდვის ფორმით ტრანპორტირებას, რეალურად კი ახორციელებდნენ ხე-მასალის რეალიზაციას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი გრძელიშვილი აცხადებს, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს გორის სატყეო უბნის ტყის მცველი მიხეილ ყორანაშვილი, რომელიც მის დაქვემდებარებულ ტყეკაფის ტერიტორიაზე უკანონოდ ხე-მასალის მოჭრაში პერიოდულად, ქრთამის სახით, სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა.

ატენის ხეობიდან ხე-ტყე რომ ყოველ ღამით გამოდიოდა, ეს გორშიც და ატენშიც კარგად იცოდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხშირად წერდა. ისიც ცნობილი იყო, რომ ხეობაში სახერხი საამქროების რიცხვი ყოველთვიურად იზრდებოდა, მაგრამ შესაბამისი სამსახურები ამას თითქოს ვერ ამჩნევდნენ. ატენის ხეობაში ხე-ტყის უკანონოდ ჩეხისა და განადგურების პრობლემა წლების განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ღამით ატენის, ბნავისისა და გორიჯვრის მხრიდან ხის მორებით და მასალით დატვირთული სატვირთო მანქანები გორის მიმართულებით ისე გადაადგილდებოდა, თითქოს ვერავინ ამჩნევდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი უსაბუთოდ ტყეში შეშის დამზადებას უკრძალავენ.

აღსანიშნავია, რომ ატენის ხეობის ტყე გორთან ყველაზე ახლოსაა და მას ქალაქის ფილტვებს უწოდებენ. იქ არსებულ მდგომარეობასა და ხე-ტყის ჩეხაზე საზოგადოების წარმომადგენლები მძაფრად რეაგირებენ. ამ თემაზე სოციალურ ქსელებში დისკუსია მიმდინარეობს. გორის დარბაზის ჯგუფში კომენტატორების ნაწილი დაკავებულთა უმკაცრესად დასჯას, ნაწილი კი იმ თანამდებობის პირთა დასახელებას მოითხოვს, ვისთანაც კავშირში იყვნენ ამ სახერხების წარმომადგენლები, რადგან, მათი აზრით, მფარველების გარეშე ისინი ასეთ საქმიანობას ვერ განახორციელებდნენ.

XS
SM
MD
LG