Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კალათბურთის წარმატება კრიზისის ფონზე


27 აგვისტოს ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა 71:59-ით სძლია პორტუგალიას და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა კალათბურთელებმა განაცხადეს, რომ ნაკრების ამგვარი წარმატების ფონზე უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ეროვნულ ჩამპიონატში, რომლის დაწყებას საფრთხეს უქმნის გუნდების სავალალო ფინანსური მდგომარეობა. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით მხოლოდ ორ გუნდს აქვს გაკეთებული. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა დახმარებისათვის პრემიერ-მინისტრსა და ქვეყნის მთავრობას მიმართეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა და სპორტის სასახლეში მისულმა გულშემატკივრებმა გამარჯვება ეროვნული ჰიმნის შესრულებითა და პატრიოტული შეძახილებით აღნიშნეს. მილოცვისა და მადლობის გადახდის შემდეგ ნაკრების ქომაგები გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გაამხნევა:

„საქართველოს გაუ-მარ-ჯოს! გაუ-მარ-ჯოს! გაუ-მარ-ჯოს!“

დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორად ორი გუნდი: რუსთავის და ქუთაისის. მეტი გუნდი არ არსებობს. და ისიც ვიცი ჩემი გუნდელებისგან, რომ მათი დიდი ნაწილი საერთოდ უგუნდოდ არის დარჩენილი...
ზაზა ფაჩულია

თუმცა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამარჯვებით გამოწვეული სიხარული და აღმაფრენა მნიშვნელოვნად გაანელა ეროვნულ ჩემპიონატში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე საუბარმა. ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კალათბურთელების თავდადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით საქართველო მესამედ გავიდა ევროპის ჩამპიონატზე, მათი დიდი ნაწილი შესაძლოა გუნდის გარეშე დარჩეს იმის გამო, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობას ფინანსური პრობლემები აქვს:

„დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორად ორი გუნდი: რუსთავის და ქუთაისის. მეტი გუნდი არ არსებობს. და ისიც ვიცი ჩემი გუნდელებისგან, რომ მათი დიდი ნაწილი საერთოდ უგუნდოდ არის დარჩენილი. ამიტომ გვინდა თხოვნით მივმართოთ პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და მთელ მთავრობას: დღევანდელი ქართული კალათბურთი უკეთეს სიტუაციას იმსახურებს“.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანმა შემცირებამ. ძირითადად ლაპარაკია უწყებრივ, ანუ სამინისტროების (თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სხვა), გუნდებზე. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ირაკლი პერტაია ამბობს, იცვლება კლუბების დაფინანსების სისტემა, რომელიც დასრულებულ სახეს კალათბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შემდეგ მიიღებს:

„კალათბურთელების ეს განცხადებაც მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს ამ პროგრამის მიღებას, რითაც ქართული კალათბურთი ახალ ეტაპზე გავა და უფრო განვითარდება საკლუბო კალათბურთი. ეროვნული ნაკრები რა დონეზეა და რა წარმატებები აქვს, ყველამ ვიცით. მესამე გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ამჯერად ჯგუფში დავიკავეთ პირველი ადგილი, ახლა კი ლაპარაკია საკლუბო კალათბურთის სახელმწიფო დახმარებაზე“.

როგორც ჩანს, თვისებრივად შეიცვლება დახმარების სტრუქტურაც - ცენტრალური უწყებების ნაცვლად, ძირითადი ტვირთი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გადავა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ თქვა, მთავრობა აპირებს მთელი რიგი ცვლილებების შეტანას კანონებში, რათა ბიზნესი დაინტერესდეს სპორტში და, მათ შორის, საკალათბურთო ჩემპიონატში ფულის ჩადებით.

„საკანონმდებლო ინიციატივა დაკავშირებულია რეკლამის კანონთან, სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებასთან, სპონსორობასთან, ქველმოქმედებასთან, ფონდებთან და ა.შ. პარალელურად განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები სპორტის სხვადასხვა სახეობების და, მათ შორის, კალათბურთის განვითარებისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კალათბურთის ფედერაციამ ზუსტად აღწეროს დღეს შექმნილი ვითარება. მათი პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს ეროვნული ჩემპიონატი და კლუბური სისტემა, რადგანაც ეს არის განვითარების საფუძველი. თქმა არ უნდა, ლეგიონერების თამაშმა ნაკრებში გაამართლა, მაგრამ განვითარებისთვის ერთხელ და სამუდამოდ შესაქმნელია სტაბილური სისტემა, რომელიც გააძლიერებს ეროვნულ ჩემპიონატს, ანუ ბაზისი უნდა იყოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ზედნაშენი იქნება ეროვნული ნაკრები“, უთხრა თამაზ თევზაძემ რადიო თავისუფლებას.

იმედია, იმ დონეზე მაინც დაეხმარება სახელმწიფო კალათბურთს, რომ სამინისტროების კლუბები მაინც შეძლებენ ძველი დაფინანსებით ჩემპიონატში მონაწილეობას...
ოთარ მაღლაკელიძე

კალათბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით აპირებს პრემიერ-მინისტრიც ქართველი კალათბურთელების მონდომებისა და ღვაწლის დაფასებას. 28 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს კალათბურთელებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ. საქართველოში კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, ქართველი გულშემატკივარი არაერთი დიდი წარმატების მომსწრე გამხდარა. ამიტომაც ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, მის პოპულარიზაციას და ეროვნული ჩემპიონატების მაღალ დონეზე ჩატარებას, რაც, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ტურნირებში კიდევ ბევრი გამარჯვების წინაპირობა გახდება".

ქართველი კალათბურთელების სამომავლო წარმატების იმედი აქვთ სპორტის ჟურნალისტებსაც. რადიო თავისუფლების სპორტული ამბების მიმომხილველის ოთარ მაღლაკელიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ოქტომბერში იწყება, მთავრობას აჩქარება მართებს:

„იმედია, იმ დონეზე მაინც დაეხმარება სახელმწიფო კალათბურთს, რომ სამინისტროების კლუბები მაინც შეძლებენ ძველი დაფინანსებით ჩემპიონატში მონაწილეობას. ასევე წინა ჩემპიონატებში უნივერსიტეტებსაც (ჯვახიშვილის სახელობის, ტექნიკურს და ა.შ.) ჰყავდათ გუნდები და კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკაც არ მოიშლება, რათა არ ჩაიშალოს ჩემპიონატი. სამომავლოდ კი, იმედია, ნელ-ნელა წინ წავა ქართული კალათბურთი“.

ოთარ მაღლაკელიძის თქმით, სიმპტომურია, რომ ქართველი კალათბურთელები მესამედ გადიან ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ კლუბებს არანაირი წარმატება არ აქვთ ევროტურნირებეზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG