Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ფილმების ფესტივალი ლონდონში


ქართული ფილმების ფესტივალის სტუმრები
ქართული ფილმების ფესტივალის სტუმრები

ჯეისონ ოსბორნი სტუმრებს კართან ხვდება, ყველას ღიმილით ესალმება და დარბაზში ეპატიჟება, სადაც ქართული ფილმების ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია იმართება. ოსბორნი აქ მასპინძელია, სტუმრებს ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობს, სიტყვით გამომსვლელებს თვითონ გადასცემს მიკროფონს, მიდის კომპიუტერთან და საზოგადოებას ქართული ფილმებიდან ნაწყვეტებს უჩვენებს, ბრიტანელ და ქართველ სტუმრებს ქართული კინოს შესახებ უამბობს. ჯეისონ ოსბორნი ფალავანდიშვილებისა და ამირეჯიბების შთამომავალია. მართალია, ქართული ენა არ იცის, მაგრამ კარგად იცის ქართული კულტურა, რომლის პოპულარიზაციასაც ეწევა ბრიტანეთში.

„კინოში ასახული ცხოვრება“ - ამ სახელწოდებით ჩატარდება წლევანდელი ფესტივალი. ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება. ორგანიზატორების თქმით, ეს არის ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც თანამედროვე ქართული ფილმები, ასევე უკვე კლასიკად ქცეული ქართული კინო. საქართველოდან რეჟისორებს ელოდებიან და განსაკუთრებული სამზადისია. ბრიტანულ-ქართული საზოგადოება, ქართული დიასპორა, ქართველთა კიდევ ერთი ჯგუფი, სახელწოდებით „ქართველი“, საქართველოს საელჩო ბრიტანეთში, საქართველოს კულტურის სამინისტრო - ყველა მონდომებულია, რომ ფესტივალმა მაღალ დონეზე ჩაიაროს და ბრიტანელებმა ქართული ხელოვნების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქეთი ჯაფარიძე, ამბობს, რომ ინგლისში ქართული კინო ახსოვთ და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე. საფესტივალო ჩვენებაზე მისი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ფილმებიც იქნება წარმოდგენილი. კინოჩვენებების შემდეგ აკა მორჩილაძე გაუძღვება დისკუსიებს, ისაუბრებს ლიტერატურაზე და აუდიტორიას ქართული კინოსა და ხელოვნების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის. ფილმების ჩვენება ლონდონის ცენტრში, ვესტმინსტერის უძველეს დარბაზში გაიმართება. მორჩილაძის აზრით, ქართული კინოს მე-100 წლისთავთან დაკავშირებით ფესტივალიც განსაკუთრებული გამოდის.

ლონდონში ქართული ფილმების ფესტივალი ერთ-ერთი აგურია იმ მიმართულებით, რასაც საქართველოს კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო დონეზე გატანა ჰქვია, - ამბობს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში რევაზ გაჩეჩილაძე.

ფესტივალი ზაზა ურუშაძის „მანდარინებით“ გაიხსნება. პირველი ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ოთარ იოსელიანის, ნანა ექვთიმიშვილის, გიორგი ოვაშვილის, ლევან თუთბერიძის, ნანა მჭედლიძის, ნინო კირთაძის და სხვა ქართველი რეჟისორების ფილმები.

გოგა აფციაურის მივლინება ლონდონში ორგანიზებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ. 2014 წელს გოგა აფციაურს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მიენიჭა მშვიდობის ჟურნალისტიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG