გორში გაიმართა "ქართული ოცნების" აქცია
"ქართული ოცნების" აქცია გორში x
"ქართული ოცნების" აქცია გორში
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღადგენს ერგნეთის ბაზრობას. ამის შესახებ მან გორში გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ბაზრობის წყალობით, წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობების აღდგენა და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ ადგილზე... საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ ქართველებმა და ოსებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ-ოსური ურთიერთობის მოგვარების პირობად მიიჩნევს პატიებას, მონანიებასა და ბრალის აღიარებას.
„ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ დიალოგს ჩვენ ოს ძბემთან“, – განაცხადა მან გორში ჩატარებულ აქციაზე გამოსვლისას. ივანიშვილის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები სამძიმარს ეტყვიან ოს დედებს, დაეხმარებიან მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩაატარებენ სამართლიან გამოძიებას. გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც კიდევ შესაძლებელიაო, დასძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების საკითხსაც შეეხო:
„მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ეს არ შეიძლება, ვინმეს ახარებდეს. ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას.“
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, თუმცა, ალტერნატივა არა აქვს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს - დასავლური ორიენტაციას, ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.
ცნობების თანახმად, გორში აქციაზე შეიკრიბა 15 000-მდე ადამიანი. როგორც იუწყებიან, შეკრებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)