Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-რუსული ექსპერტული დიალოგი: განსხვავებული მოსაზრებები და შეხების წერტილები


კონფერენცია
კონფერენცია

ქობულეთში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით „საქართველო-რუსეთი - რეგიონალური უსაფრთხოება სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში“. ამ კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი და რუსეთში საერთაშორისო საქმეების საბჭო. ქართულ-რუსულ საექსპერტო დიალოგს 2008 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და მას „სტამბოლის პროცესი“ ეწოდა. მისი ავტორი იყო აწ გარდაცვლილი ცნობილი კონფლიქტოლოგი, პროფესორი გიორგი ხუციშვილი.

2008 წლიდან დღემდე თოთხმეტი საექსპერტო შეხვედრა ჩატარდა, რომლებშიც ორივე მხრიდან 50-მდე ცნობილმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. თემატიკა მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს: უსაფრთხოება, ეკონომიკა, კულტურა, ისტორია, საგარეო და საშინაო ფაქტორების ზემოქმედება ორმხრივ ურთიერთობებზე. ამ ფორმატის თავისებურება ისიცაა, რომ მასში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ქობულეთის კონფერენციას საქართველოში შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბიუხლერი ესწრებოდა, რომელმაც მკაფიო გზავნილი გააკეთა მონაწილეების მიმართ. მისი თქმით, ევროპა თავისუფალი უნდა იყოს ძალადობისგან და სწორედ თავისუფალი ევროპა უნდა აღუდგეს წინ შეიარაღებულ დაპირისპირებებს. ეს შეფასება მან კავკასიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების კონტექსტში გააკეთა.

ხშირ შემთხვევაში ქართველი და რუსი ექსპერტების მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხშირად კამათიც მიმდინარეობს, მაგრამ დიალოგი კორექტულობის ფარგლებს არ სცდება. მაგალითად, რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანისადმი კრემლის დამოკიდებულება, კავკასიაში არსებული კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები - ამ საკითხებზე შეხების წერტილების მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ეკონომიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის საკითხებში ასეთ შეხვედრებზე კონკრეტული იდეები გაჟღერდება ხოლმე. ყველასთვის ცხადია, რომ ამ შეხვედრებს რუსეთიდან კრემლთან დაახლოებული პოლიტოლოგები ესწრებიან, ამიტომ მათ მიერ გამოთქმული აზრები რუსეთის ხელისუფლების აზრებსა და გეგმებთან ყოველთვის თანხვედრაშია.

ბოლო შეხვედრისას ტერორიზმისა და პოლიტიკური ისლამისგან წამოსულ საფრთხეზე გაკეთდა აქცენტი. როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან. ეს კი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა, ამიტომ, პოლიტოლოგების აზრით, ამ გლობალური საფრთხის წინაშეც შეიძლება საქართველომ და რუსეთმა საერთო შეხების წერტილები მოძებნონ. პოლიტოლოგ ემილ პაინის აზრით, იყო შემთხვევები, როცა რუსეთიც და საქართველოც რადიკალურ რელიგიურ თუ პოლიტიკურ დაჯგუფებებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ, მაგრამ ამას ყოველთვის მოჰქონდა ზიანი. მისი ინფორმაციით, რუსეთში 12 649 ადამიანი ტერორისტული აქტების მსხვერპლი გახდა.

პოლიტოლოგები და კონფლიქტოლოგები ორივე მხრიდან აღნიშნავენ, რომ იმ დროს, როცა საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ერთადერთ საკომუნიკაციო არხად აბაშიძე-კარასინის შეხვედრები რჩება, აუცილებელია, რომ სამოქალაქო სექტორმა, ექსპერტულმა საზოგადოებამ დიალოგი გააგრძელოს და ხელისუფლებათა წარმომადგენლებს გარკვეული რეკომენდაციებიც მისცეს. ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ექსპერტული დიალოგის ფარგლებში გახმაურებული იდეები, წინადადებები და რეკომენდაციები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ხელისუფლების ყურამდე მიდის, მით უმეტეს, რომ რუსი ექსპერტების უკან ყოველთვის გარკვეული ძალები დგანან.

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს წარმომადგენელი ივან ტიმოფეევი აღნიშნავს, რომ რუსეთში ექსპერტული საზოგადოების მოსაზრებებს ყურადღებით უსმენენ, ამიტომ ასეთი ფორმატის შეხვედრების პროდუქტიულობა და შედეგიანობა სულ უფრო გაიზრდება.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ციხისთავი-ხუციშვილი აცხადებს, რომ, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სამოქალაქო და საექსპერტო დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან იზოლაციის შემთხვევაში ისევ შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხე იზრდება.

სტამბოლის პროცესის ფარგლებში, არაერთი ანალიტიკური სტატია და პუბლიკაცია მომზადდა, ბოლოს კი გამოიცა წიგნი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ძირითადი მიმართულებების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG