Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის სკოლების ნაწილში ქართულ ენაზე სწავლა ჯერ კიდევ შესაძლებელია


ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში ახალი სასწავლო წლისთვის დაანონსებული აკრძალვა ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, ჯერ არ ამოქმედებულა. გალის რაიონის ათამდე სკოლაში, სადაც უფროსკლასელები განათლებას ჯერ კიდევ ქართულ ენაზე იღებენ, 1 სექტემბრიდან პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა. მიუხედავად ამისა, გალელებს აქვთ მოლოდინი, რომ დე ფაქტო მთავრობა დაპირებას ადრე თუ გვიან მაინც შეასრულებს.

„რუსულ ენაზე სწავლაა პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში სწავლა მიდის ქართულად ჯერჯერობით და მერე ვნახოთ“, - ამბობს, გალში მცხოვრები მამაკაცი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ინფორმაციას ადასტურებენ აფხაზეთის სოფლებიდან ზუგდიდში გადმოსული მგზავრები, რომელთაც რადიო თავისუფლება ენგურის ხიდზე ესაუბრა:

„არ არის აკრძალული. გალში სულ 33 სოფელია და აქედან რვაში სწავლა ქართულადაა“;

„რა ვიცი, ისე ამბობენ სოფლებში, რომ სადაც ქართული სწავლებაა, უნდა შეწყდესო და რუსულზე უნდა გადავიდესო“;

„კოხორაში (სოფელი) დიდი ხანია სწავლა ქართულად არ არის. საერთოდ არ არის იქ ქართული. რას იზამ, თუ ისინი გიბრძანებენ. ბავშვებმა იციან რუსული უკვე, ქართული ენა არ არის და ისწავლეს“;

„თავიდანვე ვინც სწავლობს, პატარები, იმათმა იციან რუსული“, - ამბობენ ენგურის ხიდით ზუგდიდში გადმოსული მგზავრები.

1 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაანონსებული აკრძალვების გარეშე დაიწყო წალენჯიხისმუნიციპალიტეტის წყოუშის თემის მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ საბერიოშიც. წყოუშის თემის სკოლის დირექტორის ვახტანგ გოგოხიას განცხადებით, მას ასეთი ინფორმაცია იქ მომუშავე მასწავლებლისგან აქვს:

„ახლა მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მე იქ ერთი სკოლის დირექტორს ველაპარაკე და იქ ერთი თუ ორი საათი არის ქართული ენა. ე.ი. არ შემწყდარა“.

წყოუშის სკოლა, რომლის დირექტორიც ვახტანგ გოგოხიაა, ოკუპირებული საბერიოდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. მოზარდები, რომელთაც განათლების მიღება ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურდათ, სწორედ მის სკოლაში მოდიოდნენ, თუმცა ბოლო წლებში მოსწავლეებისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე დადგენილი შეზღუდვების გამო ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. წყოუშის სკოლაში მოსაზღვრე საბერიოდან ადრე 60 მოზარდი მოდიოდა, შარშანდელი მონაცემებით კი, მათი რიცხვი 13-ს არ აღემატება. რა ვითარება იქნება წელს, დირექტორს პროგნოზის გაკეთება უჭირს. მისი თქმით, ეს 14 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, გამოჩნდება.

აფხაზეთის სკოლებში დაგეგმილი სიახლეების, მათ შორის, ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვის შესახებ ცნობები აგვისტოში გავრცელდა. განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ გალის რაიონზე იყო, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი ეთნიკურად ქართველია დასახლებული და სადაც სწავლა-განათლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. ამასთან, გალის რაიონის სკოლის მასწავლებლებისთვის აგვისტოში ამოქმედდა სპეციალური რუსულენოვანი კურსი, რომელიც სამსახურის შენარჩუნების მსურველთათვის სავალდებულო იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG