Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა შეაჩეროს საქართველომ რუსეთი


აქციის მონაწილეები ხურვალეთში
აქციის მონაწილეები ხურვალეთში

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, როგორც წესი, პოლიტიკური საკითხები არ განიხილება, 15 ივლისის შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს სწორედ ასეთ საკითხებზე მოუხდა ლაპარაკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. თბილისი კვლავაც აპროტესტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვას. იოლად მისახვედრი იყო, რომ ამ საკითხთან მიმართებით პრაღის შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებდა და ამაზე მეტყველებდა განმარტება, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებამ პრაღის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. რა ბერკეტებს ფლობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის შესაჩერებლად და რამდენად ეფექტიანად იყენებს ის ამ ბერკეტებს?

მისამართი შეგეშალათ, – ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა თავის ქართველ კოლეგას, დავით დონდუას, როცა მან სატელეფონო საუბრისას აღშფოთება გამოხატა და პრეტენზია გამოთქვა საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის გამო. კარასინმა თბილისი ცხინვალისკენ გადაამისამართა და განმარტა, რომ „სასაზღვრო ზოლის გავლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრობლემა უნდა განიხილებოდეს სამხრეთ ოსეთის მხარესთან“, რომელმაც, მისი თქმით, „არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა დაწყებულიყო დიალოგი საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ“. რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გრიგორი კარასინი საქართველოს შეშფოთებას გამოგონილ „პროპაგანდისტულ ხმაურს“ უწოდებს. ამავე განცხადებაში ვხვდებით ერთგვარი ულტიმატუმის შემცველ აბზაცსაც:

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

„საქართველოს მხარე უნდა ჩამოყალიბდეს, აპირებს მისდიოს რუსეთთან ურთიერთობების გაჯანსაღების დადებით ლოგიკას თუ აპირებს განაგრძოს პროვოკაციული გამოგონებების პრაქტიკა, რომელიც ყოველ ჯერზე სწევს უკან ორმხრივი ნორმალიზების პროცესს“.

რუსეთის ასეთი რეაქციები გასაკვირი არ არის, თუკი უახლოესი წარსულის გამოცდილებას გადავხედავთ. მაგრამ 14 ივლისს, როცა, საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის კვალდაკვალ, საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისა და ზედმეტი აჟიოტაჟის დაცხრომისკენ მოუწოდებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთისგან სულ სხვაგვარი რეაქციის ნახვის იმედიც გამოთქვა:

„აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ამგვარი ქმედება. მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და შეჩერდება ეს პროცესი“.

პრემიერ-მინისტრის ასეთი სიტყვების შემდეგ კიდევ უფრო აღშფოთდნენ პოლიტიკური ოპონენტები თუ ანალიტიკოსები, რომლებიც ისედაც უკმაყოფილო იყვნენ ხელისუფლების არასათანადო აქტიურობით საერთაშორისო სარბიელზე. 14 ივლისს გამოქვეყნდა 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა მთავრობისადმი. წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რის გარეშეც ვერც ერთი ზომა ვერ იქნება შედეგიანი და რომ მთავარი პრინციპი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობითა და მონაწილეობით.

ეს პროცესი დროში ემთხვევა საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებას ნატოსთან და ევროკავშირთან. საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას წინ უძღოდა ის, რომ: საქართველომ თავის ტერიტორიაზე ჩაატარა ორი მსხვილმასშტაბიანი, უპრეცედენტო სამხედრო სწავლება ნატოს ხაზით; გადაწყდა, რომ საქართველოში რეალურად (და მალე) გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ბაზა...
ზაალ ანჯაფარიძე

მე-3 სექტორის წარმომადგენელთა ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, თბილისი უნდა ცდილობდეს გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს მუდმივი საბჭოების მოწვევასა და პრობლემის აქტუალიზაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. როგორც განცხადების ერთ-ერთმა თანაავტორმა და ხელმომწერი ორგანიზაციის – „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ - თანადამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შეჩერება შესაძლებელია:

„ამ პროცესს შეაჩერებს სერიოზული დიპლომატიური ძალისხმევა და ამ პრობლემის ყურადღების ქვეშ მოქცევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა ამას ყურადღება არ ექცევა. არის სპონტანური რეაგირების რეჟიმი და არ არის მუდმივად ყურადღების ქვეშ. როგორც კი იქნება ეს საუბრის მთავარი თემა, მათ შორის, რუსეთთან და, ცხადია, ჩვენს პარტნიორებთან, მაშინ მოგვარდება ეს პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოგვარდება“.

განსხვავებულ პოზიციაზეა დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. ის ფიქრობს, რომ რუსეთის საოკუპაციო მანქანის შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ძალიან მწირი ბერკეტები აქვს. ანალიტიკოსის აზრით, იმას, რაც დღეს ხდება, არა საქართველოს პასიურობა, არამედ აქტიურობა უდევს საფუძვლად:

„თუ დავაკვირდებით, ეს პროცესი დროში ემთხვევა საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებას ნატოსთან და ევროკავშირთან. საოკუპაციო საზღვრის გადმოწევას წინ უძღოდა ის, რომ: საქართველომ თავის ტერიტორიაზე ჩაატარა ორი მსხვილმასშტაბიანი, უპრეცედენტო სამხედრო სწავლება ნატოს ხაზით; გადაწყდა, რომ საქართველოში რეალურად (და მალე) გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ბაზა; მაისში გაიმართა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების რიგის სამიტი; საქართველომ საფრანგეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს თავდაცვითი საშუალებების შეძენის მიზნით... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტებმა გამოიწვია კრემლის გაღიზიანება და საქართველოს ნაბიჯებს მათ საოკუპაციო ხაზის გადმოწევით უპასუხეს“.

პლაკატები ხურვალეთის აქციაზე
პლაკატები ხურვალეთის აქციაზე

სათანადოდ ქმედითია თუ უმოქმედო საქართველოს ხელისუფლება საერთაშოირისო ასპარეზზე, ამის შესახებ 15 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზეც მსჯელობდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახლა აუცილებელია ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „აგრესიული საერთაშორისო კამპანია“ და რომ სწორედ ასეთი პოლიტიკის წყალობით, წინა მთავრობის პირობებში, რუსეთი მსგავს თავხედობას ვერ ბედავდა. ასეთი შეფასება არასერიოზულად მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატ დავით ბერძენიშვილს და ოპონენტს განუმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობის პირობებში, მნიშვნელოვნად წაიწია წინ ევროკავშირისა და ნატოსკენ და რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და მყისიერი მხარდაჭერით ხერხდება.

15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ 10 ივლისს თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს აღმართული ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, „რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას“. შვეიცარიის მხარეს, როგორც შუამავალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცა საპროტესტო ნოტა და სთხოვა რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა. ელჩმა ბეხლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება უბრალო ნაბიჯი არ არის და რომ ამას ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს. საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მაქსიმალურად მობილიზებისთვის და რომ, მაგალითად, ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია 16 ივლისს ეუთოში დაგეგმილი პოლიტიკური კომიტეტის სესია, რომელზეც მოისმენენ საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ანგარიშს რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის გეგმის განხორციელების შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG