Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჩამტვრეული იატაკები კოტეჯებში


კარალეთის დევნილთა დასახლებაში ზოგიერთი კოტეჯი საცხოვრებლად უკვე გამოუყენებელია და იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები სხვა საცხოვრებლებს ეძებენ. ლიახვის ხეობიდან დევნილი ცხოვრებაშვილების ოჯახი ნათესავებთან იმის გამო გადავიდა, რომ კოტეჯის ყველა ოთახში იატაკი ჩაიმტვრა და იქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო. სხვა არაერთ კოტეჯშიც ანალოგიური მდგომარეობაა და ათეულობით ადამიანი იძულებულია საცხოვრებელი დატოვოს. ბევრი მათგანი დაზიანებული სახლების საკუთარი ხარჯებით აღდგენას ვერ ახერხებს და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ნათია ცხოვრებაშვილი აცხადებს, რომ, არაერთი თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემაზე რეაგირება არ ხდება.

დევნილთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ იატაკების პრობლემა ბოლო ერთი წელია, რაც დადგა, მაგრამ ამ დრომდე ამ პრობლემის გადაჭრის გზა ვერ მოიძებნა. მათი თქმით, ეს სახლები 2008 წლის ომის შემდეგ, ზამთრის პერიოდში აშენდა, ამიტომ სამშენებლო ხარვეზები მალევე გამოვლინდა. კარალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯები ორჯერ უკვე შეკეთდა, მაგრამ სამშენებლო ხარვეზების აღმოფხვრა ბოლომდე ვერ მოხერხდა. დასახლებაში არსებული ნესტის გამო იატაკი და სხვა ხის მასალა სწრაფად ფუჭდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ დიდი ხანია იციან და სახელმწიფო მუშაობს მის მოგვარებაზე. სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე აცხადებს, რომ დღევანდელი პრობლემა რამდენიმე წლის წინ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგია. მისი თქმით, დაზარალებული ოჯახების პრობლემების მოგვარებაზე იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც უნდა იზრუნონ საიდანაც ეს ადამიანები არიან იძულებით გადაადგილებული.

კარალეთის დევნილთა დასახლების გარდა, იატაკების ჩანგრევა სხვა დასახლებებშიც დაფიქსირდა. იძულებით გადაადგილებული პირები რამდენიმე თვეა უკვე ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. დევნილთა სამინისტრო დაზარალებულ ოჯახებს ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებისკენ ამისამართებს, თუმცა ამ დრომდე პრობლემის გადაჭრის გზა ხელისუფლებაში ვერ მოძებნეს.

XS
SM
MD
LG