Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

STOP C - კამპანია C ჰეპატიტის დასამარცხებლად


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წელი C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. უპრეცედენტო პროექტი, რომლის განხორციელებაც თებერვლიდან უნდა დაიწყოს, დაავადების პრევენციას, დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და ყველა აუცილებელი მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს. ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქე, ასევე ყველა პატიმარი ჩაერთვება, სამ წელიწადში კი საქართველო C ჰეპატიტს დაამარცხებს. ამ მიზნის მისაღწევად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისაკენ მოუწოდებს.

ხელისგული, წარწერით „STOP C (შეაჩერე C)“,C ჰეპატიტთან ბრძოლის კამპანიის სიმბოლო გახდა. სოციალური ქსელი მოიცვა სხვადასხვა შინაარსის მესიჯებმა, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადების დამარცხება. 14 იანვარს, კამპანიის წამოწყებისა და პროგრამის ოფიციალური წარდგენისას, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოწოდების შემდეგ, კამპანიას არაერთი სახელმწიფო უწყება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი შეუერთდა. „C ჰეპატიტი დაავადებაა, რომელიც იკურნება“, „ნუ დამალავთ დიაგნოზს, დაავადების დროულად აღმოჩენა მის დროულად დამარცხებას ნიშნავს“, „საზოგადოების მხარდაჭერა მედიკამენტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“ - ასეთია მთავარი სლოგანები. კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მან 15 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა ამ დაავადების დაძლევა, სრული ელიმინაცია იქნება:

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

„2015 წელს ვაცხადებთ C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად. ჩვენ მალე დავიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომლის მიზანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ პროგრამაში ჩაერთვება C ჰეპატიტით დაავადებული საქართველოს ყველა მოქალაქე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც“.

C ჰეპატიტის დაძლევის პროგრამა არ გულისხმობს მხოლოდ იაფი წამლის მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, განმარტავს დავით სერგეენკო. საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ეს პროექტი კომპლექსური ხასიათისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველამ, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მიიღოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისი და, რაც მთავარია, მინიმუმამდე შემცირდეს C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების აღმოცენება. პრევენციის გარეშე პროექტი ეფექტურად ვერ განხორციელდება:

„პრევენცია ამ შემთხვევაში გამოიხატება არა მკაცრ და ხისტ, არამედ ადეკვატურ კონტროლში ყველა იმ წერტილისა, სადაც C ჰეპატიტის აღმოცენების თეორიული რისკი არსებობს. ეს არის უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულება, სტომატოლოგიური კაბინეტები, ტატუ და კოსმეტიკური სალონები, რომელთა გაკონტროლებაც მთავრობის ვალდებულება გახდება“.

დავით სერგეენკო მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიას, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია პროექტის შესახებ, აუხსნან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რას ნიშნავს ამ დაავადების ელიმინაცია. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინფექციის გავრცელების სავარაუდო დაწესებულებების კონტროლი საკმარისი არ იქნება, თუ მათ მიმართ საზოგადოების მოთხოვნებიც არ გაიზარდა და გამკაცრდა, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. სწორედ ამიტომ დავით სერგეენკო გამოდის ინიციატივით საინფორმაციო კამპანიამ მასშტაბური ხასიათი მიიღოს, მასში ჩართულმა ყველა პირმა მოიფიქროს სამი მხარდამჭერი გზავნილი და სოციალური ქსელის მეშვეობით მეგობრებიც გამოიწვიოს. პროექტს სამი მონაწილე მხარე ეყოლება: პრეპარატის მწარმოებელი კომპანია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის მართვის ცენტრი და საქართველოს მთავრობა. შეთანხმების დოკუმენტს ხელი, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს მოეწერება და პროექტის პირველი ეტაპიც დაიწყება. დავით სერგეენკო ჯერჯერობით არ ასახელებს პრეპარატის ფასს, თუმცა ადასტურებს, რომ ის ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი იქნება. რაც შეეხება ინფექციების კონტროლს:

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

„ეს კი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: დეზინფექცია-სტერილიზაცია-ვენტილაცია, შესაბამისი სივრცეების დაცვა და ხელების დამუშავება. ეს არის ნებისმიერი ინფექციის კონტროლის ოთხი უნივერსალური გასაღები. საავადმყოფოებში ეს წესები გაწერილია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზედამხედველობა უფრო ინტენსიური გავხადოთ. სტომატოლოგიურ კაბინეტებზე რამდენიმე რეგულაცია იქნება დასამატებელი. რაც შეეხება ტატუ სალონებსა და კოსმეტიკურ სალონებს, იქ არანაირი რეგულაცია ამ დრომდე არ არსებობდა, ამიტომ იმავე ლოგიკით, იქაც იქნება გარკვეული რეგულაციები დაწესებული“.

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ 2015 წელს საქართველოში „ყოვლისშემძლე პრეპარატი „სოფოსბუვირი“ შემოდის, რაც უკვე დიდი გამარჯვებაა“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით კი, C ჰეპატიტის პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2014 წლიდან მიმდინარეობს. გამოკვლეულია 7 000-ზე მეტი პატიმარი, მკურნალობის პროცესში ჩართული 300 მსჯავრდებულიდან კი სრულიად განიკურნა 180 პატიმარი.​

„ზიანის შემცირების ქსელის“ პროგრამების მენეჯერი პაატა საბელაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. მისი მესიჯი ამ კამპანიაში ასე ჟღერს: ეს პროგრამა არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მომსახურების ხარისხით, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს პაციენტისთვის და შემდეგ მოდიოდეს კომპანიის ინტერესი. პაატა საბელაშვილი გვიხსნის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ახალი მედიკამენტების ბაზარზე გამოჩენამდე არსებული წამლები - ინტერფერონი და რიბავირინი - პაციენტების ორ მესამედში უკუჩვენებას იწვევდა. ახლა ბაზარზე შემოდის მედიკამენტების უინტერფერონო ფორმები, რაც პაციენტთა წრეს აფართოებს და მოიცავს იმ პაციენტებსაც, ვისაც ეს ინფექცია ჯერჯერობით არ უქმნის ღვიძლის ფიბროზულ დაზიანებას თუ სხვა გართულებებს. ასეთი პაციენტები შესაძლოა დიდხანს ვერ მიხვდნენ, რომ ვირუსის მატარებლები არიან, თუმცა ინფექციის გავრცელების წყაროდ რჩებიან:

პაატა საბელაშვილი
პაატა საბელაშვილი

„ამიტომ ელიმინაცია სწორედ ამას გულისხმობს - ყველა პაციენტის მკურნალობას. ოღონდ, ცხადია, პირველ რიგში უმკურნალებენ იმ პაციენტებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და შემდეგ მათ, ვინც ინფექციის გადადების კუთხით მაღალი რისკის ჯგუფში შედის“.

პაატა საბელაშვილი ასევე ამბობს, რომ ამერიკული კომპანია „გილიად საიენსი“ თავიდან დაინტერესებული იყო ამ პროგრამის განხორციელებით ეგვიპტეში, სადაც ყოველი მეხუთე ინფექციის მატარებელია და, სტატისტიკის თანახმად, მათი საერთო რაოდენობა 8-10 მილიონს აღწევს. ამ ფონზე იქ დაავადების ელიმინაციაზე საუბარი უფრო რთულია, ვიდრე საქართველოში, სადაც ინფექციის მატარებელ 150-200 000 ადამიანს ითვლიან. პაატა საბელაშვილს ვკითხეთ, რა რისკები არსებობს ამ პროგრამის განხორციელების პროცესში:

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ წამლის ფასი განუზომლად დიდია, კომპანია ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ამ პრეპარატის არამართლზომიერად გავრცელებას ქვეყანაში ან მის გარეთ. კომპანია ამისათვის, ცხადია, ითხოვს გარკვეულ გარანტიებს, თუ რას გააკეთებს ქვეყანა, რომ პროგრამა კორუფციის წყარო არ გახდეს, გამართულად იმუშაოს, ხოლო მასში ჩართულმა პაციენტებმა პრეპარატი (მაღალი ფასის გამო) არ გაყიდონ. ამიტომ ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესში ვართ, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი გართულებები. ამავე დროს, ვცდილობთ უსაფრთხოების წესები პაციენტებისათვის ზედმეტ ტვირთად არ იქცეს და ამით ამ პროგრამის საყოველთაობა საფრთხის წინაშე არ დადგეს“.

უფრო მეტი დეტალი პროგრამაში ჩართვის, პრეპარატის ფასისა და მისი მიღების წესის შესახებ თებერვლის ბოლოსათვის გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ვიცით, რომ მხოლოდ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამის შემთხვევაში შეძლებს საქართველო C ჰეპატიტის დამარცხებას.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG