Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები შერიგებისათვის: არქივში მოძიებული აფხაზური ფოლკლორი


გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და „ფოლკრადიომ“ ერთობლივი ძალისხმევით აღადგინეს და კომპაქტდისკზე ჩაწერეს საქართველოს არქივებში დაცული 30 აფხაზური ხალხური სიმღერა. კრებულს თან ერთვის ვრცელი ანოტაცია და წერილი აფხაზური ფოლკლორის შესახებ ქართულ, აფხაზურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ინიციატივა, რომლის მიზანია სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობა და აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის ნდობის აღდგენა, განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის პროექტის, „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის“, ფარგლებში. ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ სიმღერების კრებული სახალხო დიპლომატიის მეშვეობით აფხაზეთში მოხვდება და ნაწილობრივ მაინც შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი ომის დროს აფხაზური არქივების სრულმა განადგურებამ გააჩინა.

30 ჩანაწერიდან ერთ-ერთია სიმღერა სახალხო გმირ ხაჯარათ კიახბაზე, რომელსაც ასრულებს აფხაზეთის ხალხური შემოქმედების სახლის გუნდი, ივანე ქორთუას ხელმძღვანელობით. სოლისტები არიან კ. საქანია და ლ. კვაჭრელია. ჩანაწერი გაკეთებულია გრამფირფიტიდან 1956 წელს. ყველაზე ძველი ჩანაწერი, „სიმღერა აიბაზე“, რომელსაც ასრულებს აფხაზურ-ქართული ჯგუფი, კიწი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით,1938 წლით თარიღდება.

„ფოლკრადიოს“ მუსიკალური ხელმძღვანელის გიორგი უშიკიშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების განყოფილებაში მუშაობისას საგანგებოდ შეირჩა ისეთი მასალები, რომლებიც მაქსიმალურად ახლოსაა ტრადიციებსა და ავთენტურ შესრულებებთან. კრებულში ძირითადად შევიდა მე-20 საუკუნის 30-70-იან წლებში აფხაზეთში მოქმედი სხვადასხვა ანსამბლებიდან ჩაწერილი სიმღერა-დასაკრავები, რომელთა დიდი ნაწილი, ციფრული მატარებლების სახით, აქამდე არ გამოცემულა და, შესაბამისად, უცნობია როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მუსიკოსებისთვის. გიორგი უშიკიშვილის თქმით, აფხაზური ხალხური მუსიკის დისკის გამოცემას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული მნიშვნელობა.

ამ შეხვედრებზე გამოითქვა წუხილი აფხაზების მხრიდან, რომ მათი არქივი დაიწვა და რომ მათ არ აქვთ შემორჩენილი ძველი ფოლკლორი, მუსიკა, სიმღერები და, ზოგადად, რაც კი არქივში იყო, მთელი ისტორია და ა.შ.,ყველაფერი განადგურდა...
ხათუნა კუნჭულია

„ამ დისკის მნიშვნელობა არა მარტო ისაა, რომ ჩანს ჩვენი დამოკიდებულება, რომ არ დაიკარგოს ეს ჩანაწერები, არამედ ისიც, რომ მისი გამოცემა კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს ფოლკლორულ ანსამბლებს, რომ თავის რეპერტუარში არსებულ აფხაზურ სიმღერებთან ერთად სხვა აფხაზური სიმღერებიც შეიტანონ. ჩვენთვის ცნობილია, ფაქტობრივად, რამდენიმე სიმღერა, რომელიც ჩვენი ანსამბლების რეპერტუარშია. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არის აჭარპანზე (მწყემსების საკრავი, უენო სალამურის მსგავსი) შესრულებული კარგი ნიმუშები, არის შერეული ქალთა და მამაკაცთა გუნდები, არის მამაკაცთა გუნდები. ყველა სიმღერა ძალიან ლამაზია. მოვისმინე რამდენიმე მათგანი და ვაპირებ ჩემი ანსაბლის რეპერტუარშიც შევიტანო“, უთხრა გიორგი უშიკიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცხადია, აფხაზური ხალხური მუსიკის ნიმუშების საქართველოს არქივებში მოძიებას და ჩაწერას აქვს ასევე ჰუმანიტარული მნიშვნელობაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის ხათუნა კუნჭულიას თქმით, ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქალთა როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში, რასაც დიდწილად შეუწყობს ხელს დისკის როგორც გამოცემა, ასევე აფხაზებისათვის გადაცემა. საქმე ისაა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია კარგად იცნობს აფხაზეთის საზოგადოების განწყობას, რადგანაც ხშირად აწყობს შეხვედრებს დაპირისპირებული მხარეების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით - იქნებიან ეს ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მწერლები.

„ამ შეხვედრებზე გამოითქვა წუხილი აფხაზების მხრიდან, რომ მათი არქივი დაიწვა და რომ მათ არ აქვთ შემორჩენილი ძველი ფოლკლორი, მუსიკა, სიმღერები და, ზოგადად, რაც კი არქივში იყო, მთელი ისტორია და ა.შ.,ყველაფერი განადგურდა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, გამოვედით ინიციატივით, რომ მომხდარიყო აფხაზური ფოლკლორული სიმღერის აღდგენა“, უთხრა ხათუნა კუნჭულიამ რადიო თავისუფლებას.

ოფიციალური პილიტიკური მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების მოგვარებას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც ამ გზით მიღწეული შედეგები ვერასოდეს ვერ გაამთელებენ იარებს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სხვა არსებული საშუალებებით მოხდეს საზოგადოებებს შორის არსებული განსხვავების დაკავშირება, მეგობრობის ხიდების ხელახლა აღდგენა...
ერიკა კვაპილოვა

საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალურ არქივსა და აფხაზეთის ისტორიის, ენისა და ლიტერატურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაცული მდიდარი ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა განადგურდა საეჭვო ვითარებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1992 წლის 22 ოქტომბერს, როცა სოხუმს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. დაიწვა ასევე აფხაზეთის თეატრის სახელმწიფო მუზეუმი და კულტურის სხვა მნიშვნელოვანი კერები. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა მიიჩნევს, რომ ომის შედეგად ჩატეხილი ხიდისა და დაკარგული ნდობის აღსადგენად საჭიროა მთელი საზოგადოების ძალისხმევა და არამხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით:

„ოფიციალური პილიტიკური მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების მოგვარებას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც ამ გზით მიღწეული შედეგები ვერასოდეს ვერ გაამთელებენ იარებს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი სხვა არსებული საშუალებებით მოხდეს საზოგადოებებს შორის არსებული განსხვავების დაკავშირება, მეგობრობის ხიდების ხელახლა აღდგენა. ამ მხრივ მუსიკას აქვს განსაკუთრებული ძალა, ასაუბროს ადამიანები ერთმანეთთან ენის გამოყენების გარეშე, იმიტომ რომ ის ეხება საყოველთაოდ გაზიარებულ გრძნობებს, რომლებიც არ ცნობენ ეთნიკურ განსხვავებებს, რელიგიურ განსხვავებებს“.

და მართლაც, არქივში მოძიებული აფხაზური ხალხური სიმღერების ჩაწერასა და გამოცემას აფხაზური კულტურის მნიშვნელოვან შენაძენად მიიჩნევენ თბილისში მცხოვრები აფხაზები. საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აფხაზურენოვანი „მოამბის“ რედაქტორი ესმა კოკოსკერია წლებია მუშაობს აფხაზებისთვის მნიშვნელოვანი საარქივო მასალების მოძიებასა და იმ სიცარიელის შევსებაზე, რომელიც ომის შედეგად გაჩნდა, თუმცა „ფოლკრადიოს“ მიერ გამოცემული კომპაქტდისკი ესმა კოკოსკერიასთვის კიდევ იმის გამოცაა მნიშვნელოვანი, რომ სიმღერების სათაურების დაზუსტებაზე მუშაობისას, მოულოდნელად მამის, ივანე კოკოსკერიას, ჩანაწერები შერჩა ხელში:

„პირველად ვნახე მინაწერები საარქივო დისკზე, რომელსაც ეწერა, რომ სიმღერას ასრულებს ივანე კოკოსკერია, ანუ მამაჩემი. მეორე სიმღერა კი სრულდება მამაჩემის ხელმძღვანელობით, ანუ, ჩემდა სამწუხაროდ, ახლაღა გავარკვიე, რომ თურმე მამაჩემს ჰყავდა თავისი გუნდი და რომ ამ გუნდს ხელმძღვანელობდა. აი, ასეთი საშინელია ჩვენი ტრაგიკული რეალობა, რადგანაც, სამწუხაროდ, სოხუმში ამ ჩანაწერებს ვერასოდეს აღმოვაჩენდით“.

ეთნომუსიკოლოგი და პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ოთარ კაპანაძე, ამბობს, რომ დისკის გამოცემით გამდიდრდა როგორც აფხაზური, ასევე ქართული კულტურა, რადგანაც საყოველთაოდ ცნობილია ქართული და აფხაზური ფოლკლორული მუსიკის ურთიერთგავლენა, რომელიც უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.

ნამდვილად ვიცით, რომ აფხაზეთში არქივი დამწვარია. ამიტომ ყველა ამდაგვარი პროექტი თუ ქმედება მიმართულია იქითკენ და ჯდება ჩვენ მიერ გამოცხადებულ სამშვიდობო პროცესში, რასაც ჰქვია აფხაზეთის, როგორც ეთნოსის, მისი კულტურის შენარჩუნება...
მარინა სალუქვაძე

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქართულს აქვს დიდი გავლენა აფხაზურზე - პირველ რიგში იგულისხმება ორხმიანობის გასამხმიანების პროცესი, თუმცა კატეგორიულობისგან თავს ვიკავებ და ვამბობ, რომ პირუკუ გავლენა აფხაზურისა ქართულზე ჯერჯერობით გამოსაკვლევია. თუმცა არსებობს ზოგიერთი აფხაზური სიმღერა, რომელიც შეიძლება მოვძებნოთ, ვთქვათ, ლეჩხუმში, სვანეთში ან იმერეთში, რომელსაც ასრულებენ და არ ახსოვთ, რომ აფხაზურია, ანუ იმდენად საერთო მუსიკალური კანონზომიერებები არსებობს“, უთხრა ოთარ კაპანაძემ რადიო თავისუფლებას.

აფხაზური ხალხური მუსიკის საქართველოს არქივებში მოძიებასა და გამოცემას შერიგებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, რომლის წარმომადგენელი მარინა სალუქვაძე ამბობს, რომ აფხაზები ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებენ მათი ისტორიისა და კულტურის თუნდაც ფრაგმენტების გადარჩენაზე:

„ნამდვილად ვიცით, რომ აფხაზეთში არქივი დამწვარია. ამიტომ ყველა ამდაგვარი პროექტი თუ ქმედება მიმართულია იქითკენ და ჯდება ჩვენ მიერ გამოცხადებულ სამშვიდობო პროცესში, რასაც ჰქვია აფხაზეთის, როგორც ეთნოსის, მისი კულტურის შენარჩუნება - ზრუნვა როგორც ენაზე, ასევე გადარჩენილ კულტურულ მემკვიდრეობაზე“.

„ფოლკრადიოს“ მიერ მოძიებული და აღდგენილი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები რომ ძვირფასი და მნიშვნელოვანია აფხაზებისათვის, ამას ადასტურებს „აფხაზური სახლის“ დამფუძნებელი ირმა ოსია, რომელიც ყოველწლიურად სტუმრობს მშობლიურ მხარეს და კარგად იცის, თუ რა რეაქცია ექნებათ აფხაზეთში, როცა საქართველოს ეროვნულ არქივში მოძიებულ აფხაზური ხალხური მუსიკის ნიმუშებს ჩაიტანს.

„ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ამის მსგავსი აფხაზებისთვის ჯერ არ გაკეთებულა. შეიძლება ეს არის ერთი წვეთი, მაგრამ ოქროს წვეთია. მართალია, დღეს დაძაბული ვითარება გვაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება, ეს დისკი კი იქნება მშვიდობის საწინდარი“, უთხრა ირმა ოსიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG