Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„1325“ - ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის


12 თებერვალს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გამართულ ფორუმზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის, „1325“-ის, სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. არიან თუ არა კონფლიქტით დაზარალებული ქალები ჩართულნი სამშვიდობო პროცესში? რამდენად უწყობს ხელისუფლება ხელს მათ ჩართულობას ამ პროცესში? - ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორედ ეს საკითხები განიხილეს.

„1325“ – ეს არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა როლის გაზრდას გულისხმობს. რეზოლუცია 2000 წელს მიიღეს და მას გაეროსა და ნატოს წევრი ყველა ქვეყანა იზიარებს. ქალთა ჩართულობა სამხედრო ძალებში - ეს რეზოლუციის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მისიაა. ქალებისა და ბავშვების დაცვა კონფლიქტურ ზონებში, მათთვის უფლებების მინიჭება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა - ეს ის საკითხებია, რომელთაც „1325“ უზრუნველყოფს. საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო პირველი ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც 2011 წლის დეკემბერში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და სწორედ ამ გეგმის მიხედვით გაიწერა და დაიგეგმა, არასამთავრობო სექტორისა და თავად დაზარალებულთა მონაწილეობით, ის აქტივობები, რომლებიც სამშვიდობო თუ უსაფრთხოების პროცესში ქალთა ჩართულობას გულისხმობს. ​აქტივობების განხორციელება საკოორდინაციო ჯგუფს დაევალა, რომელიც როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შედგება. სამოქმედო გეგმის მუშაობის ვადა 2015 წლის ბოლოს იწურება. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, ქალთა საინფორმაციო ცენტრის თაოსნობით, 12 თებერვალს იმისთვის შეიკრიბნენ, რომ გეგმის შესრულების მიღწევები თუ ხარვეზები გაეცნოთ როგორც ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის, ისე პრემიერ-მინისტრის თანაშემწისთვის ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

აუცილებელია სკოლებში ბავშვებისთვის დაინერგოს ფსიქორეაბილიტაციის კურსები. ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ სკოლებში და რატომ? იმიტომ, რომ კონფლიქტის ზონებში სკოლების უმეტესობა დგას ისეთ ადგილას, საიდანაც კარგად ჩანს რუსი სამხედროების საგუშაგოები...
მარიამ ბუჩუკური

მარიამ ბუჩუკური შიდა ქართლიდან, სოფელ ტირძნისიდანაა. ის ხელმძღვანელობს სათემო ფონდს „მშვიდობისა და განვითარებისათვის“, აქტიურად არის ჩაბმული „1325“-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობათა ხორცშეხმის პროცესში და ზუსტად იცის კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და ბავშვებს რა აწუხებთ. მარიამი მათ პრობლემებს ყოველდღიურად ადევნებს თვალს, კარგად ესმის, რა უჭირთ ამ ადამიანებს და ამბობს, რომ მისგან, როგორც პირველწყაროსგან, მოსმენილი ამბები ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის ბიძგი უნდა იყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. მარიამ ბუჩუკური, პირველ რიგში, კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების შესახებ ლაპარაკობს:

„აუცილებელია სკოლებში ბავშვებისთვის დაინერგოს ფსიქორეაბილიტაციის კურსები. ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ სკოლებში და რატომ? იმიტომ, რომ კონფლიქტის ზონებში სკოლების უმეტესობა დგას ისეთ ადგილას, საიდანაც კარგად ჩანს რუსი სამხედროების საგუშაგოები და ბავშვები და მასწავლებლები ხშირად ადევნებენ თვალს მათ გადაადგილებას. მაგალითად, სოფელ ფლავში, როდესაც შეიმჩნევა რუსი სამხედროების ინტენსიური გადაადგილება, მასწავლებლები ბავშვებს უსაფრთხოების მიზნით სახლებში უშვებენ. ეს ძალიან ცუდი აღსაქმელია მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, დიდებისთვისაც“.

დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა ფსიქორეაბილიტაცია - ეს არის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, მაგრამ, როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, განვლილი სამი წლის მანძილზე ამ მიმართულებით თითქმის არაფერი გაკეთებულა. ის იმედს გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წლიდან სამოქმედო გეგმის შესრულებაზე მეთვალყურეობა პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს გენდერული თანასწორობის საკითხებში დაევალა, დარჩენილი თვეების განმავლობაში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. გარდა ამისა, ელენე რუსეცკი თავად ქალთა მხრიდან აქტიურობის გაზრდასა და ამ მხრივსახელმწიფოს ხელშეწყობაზე საუბრობს, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობაზე:

ელენე რუსეცკი
ელენე რუსეცკი

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეზოლუციის სამოქმედო გეგმის შესრულებისას ქალები უფრო მეტად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების პროცესსა და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, სადაც მოლაპარაკების მხარეები სამოქალაქო საზოგადოების აზრს მოისმენენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა საჭიროებების გათვალისწინება, როდესაც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი საჭიროებები“.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ის უწყება, რომელიც, ერთი მხრივ, იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებსაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის სამოქმედო გეგმა აქვთ მიღებული, ეხმარება ამ გეგმის უკეთ შესრულებაში და, მეორე მხრივ, აკეთებს შეფასებით ანალიზს, თუ როგორ ხორციელდება ის. თამარ თავართქილაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან სწორედ სამოქმედო გეგმის შეფასებას იძლევა და იმ სამთავრობო უწყებაზე საუბრობს, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა გეგმის რეალიზების პროცესში.

„სამოქმედო გეგმის შესრულებასთან მიმართებით ყველაზე დიდი პროგრესი თავდაცვის სამინისტროს აქვს. და ეს გამოიხატება გარკვეული ღონისძიებებისა და მექანიზმების დანერგვაში, რათა უსაფრთხოების სექტორში იყოს ასახული ქალთა საჭიროებები და სამხედრო დანაყოფებში მოხდეს გენდერის მეინსტრიმინგი. სამინისტროს აქვს შემუშავებული გენდერული თანასწორობის შიდა სტრატეგია და მუშავდება სამოქმედო გეგმა. ანუ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავდაცვის სამინისტროს უფრო მეტი პროგრესი აქვს, ვიდრე გეგმის თანახმად ჰქონდა აღებული ვალდებულება“, - ამბობს თამარ თავართქილაძე.

ხშირ შემთხვევაში, როცა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე დგება საქმე, პრობლემა იქმნება იქ, სადაც ამ კონკრეტული აქტივობის შესრულება უკვე ფინანსებთან არის დაკავშირებული...
სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ის ადამიანია, რომელსაც მომდევნო თვეებში აქტიურად მოუწევს რეზოლუციის სამოქმედო გეგმის ზედმიწევნით შესრულებასა და შესრულების პროცესში ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობა. სოფო ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აპირებს ინტენსიურად იმუშაოს როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე კონფლიქტით დაზარალებულებთან, რათა პირადად მათგან მოისმინოს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც შემდეგ საფუძვლად დაედება მომდევნო სამოქმედო გეგმის შექმნას. ის ამბობს, რომ მომდევნო სამოქმედო გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს დეტალურად გაწერილი ბიუჯეტირების სქემა:

„ხშირ შემთხვევაში, როცა გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე დგება საქმე, პრობლემა იქმნება იქ, სადაც ამ კონკრეტული აქტივობის შესრულება უკვე ფინანსებთან არის დაკავშირებული. და აქვე გამოითქვა ის შენიშვნაც, რომ ხშირ შემთხვევაში არის დასახული ძალიან ზოგადი მიზანი და ამოცანა, - მაგალითად, როგორიც არის დაზარალებულების რეაბილიტაცია, - თუმცა ეს ზოგადი მიზანი არ არის გაწერილი უკვე დეტალური აქტივობების სახით. ეს საკითხები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული მომავალ სამოქმედო გეგმაში“.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს გაეროში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც რეზოლუციის ხელმომწერი ქვეყნები სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ. მათ შორის იქნება საქართველოც.

XS
SM
MD
LG