Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ვინ აგებს პასუხს ვადაგასულ სურსათზე, რომელიც მაღაზიებში იყიდება


„ერთ-ერთ ცნობილ მაღაზიში ერთჯერადი ყავა ვიყიდე და როდესაც სახლში მივიტანე, ვნახე, რომ 3 თვის ვადაგასული იყო. მაინც მოვამზადე და გემოც ცუდი ჰქონდა“, - განაცხადა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ამ მომხმარებლის მსგავსად, სასურსათო ბაზარზეპროდუქტის შეძენის შიში იმის გამო, რომ სურსათი შესაძლოა ვადაგასული იყოს ან სტანდარტებთან შეუსაბამო პირობებში ინახებოდეს, ბევრ მომხმარებელს აქვს. ისინისახელმწიფოსგან კონტროლის გამკაცრებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ითხოვენ.

მომხმარებლის უფლებების დაცვის საზოგადოება პროექტს „გაიგე, რას ჭამ“ საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით, თითქმის 1 წელია ახორციელებს.

ფონდის პროგრამების მენეჯერი ვახტანგ კობალაძე ამბობს,რომ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სასურსათო ბაზარზე არსებული პროდუქტის სინჯებს ლაბორატორიულად იკვლევენ, შედეგებს ასაჯაროებენ და მომხმარებლებს უფასო ადვოკატირებას უწევენ.

ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა, სამართლებრივი კუთხით, საკუთარ უფლებებს ვერ იცავს, ხოლო ნაწილი საკითხის მოგვარებას რეალიზატორთან პირდაპირ დიალოგით ცდილობს.

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო სასურსათო ბაზარზე არსებული პროდუქციის ხარისხს და რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები ქვეყანაში? სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ კახეთის ბაზარზე არსებული პროდუქციის შემოწმებისას დარღვევები ძირითადად ეტიკეტისა და სურსათის ვადების კუთხით ვლინდება.

გიორგი მესხიშვილის თქმით, დაზარალებული მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმი სააგენტოს არ გააჩნია და ის მხოლოდ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქტის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებას ახერხებს. მესხიშვილი თვლის, რომ მომხმარებელმა საკუთრი უფლებები ამ კუთხით თავად უნდა დაიცვას.

საქართველოში არსებობს კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც მომხმარებელთა ინფორმირებას და ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, თუმცა ყველა მხარე თანხმდება, რომ კანონი ვერ ან არ მუშაობს.

ამიტომ დღეს მომხმარებელი თავად არის ვალდებულიგაიგოს და აკონტროლოს, რას ჭამს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG