Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია კახეთში


სტიქიამ კახეთში ყვარლის, გურჯაანისა და თელავის რაიონების მოსახლეობის ნაწილიდააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ახაშენსა და ყვარლის რამდენიმე სოფელში. განადგურებულია ათეულობით ჰექტარი ვენახი და საზამთროს ბაღი. კახეთის გუბერნატორი ამბობს, რომ სეტყვის საწინააღმდეგოდ 120-მდე ჭურვი გაისროლეს. რას ჰპირდებიან დაზარალებულებს?

კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მანამდე კი, 22 ივლისის ღამით მოსული ძლიერი წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად, 3 მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სხვადასხვა სახის ზიანი და ზარალი მიიღო. ზოგს საცხოვრებელი სახლები დაეტბორა, ზოგიც მოსავლის გარეშე დარჩა.

მაგალითად, თელავის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაისეტყვა.განადგურებულია საზამთროს ბაღები, სიმინდის ყანები და ვენახები. დაზარალებულები მთელი დღის განმავლობაში საკუთარი მიწის ნაკვეთებში იყვნენ შეკრებილი და ადგილზე ელოდებოდნენ კომისიის წევრებს, რომლებმაც ზარალის ოდენობა და ხარისხი უნდა დაადგინონ. მანამდე კი თავად ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალი დიდია. ყვარლის სოფლებში გვითხრეს, რომ მათ მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდათ და ახლა ხელისუფლების იმედზე არიან. ლაპარაკია ბანკის ვალებზეც.

ყვარელში თუ სეტყვა იყო, გურჯაანის რაიონი ძლიერმა წვიმამ და ქარმა დააზარალა. წვიმამ მდინარე ახაშენის ხევის ადიდება გამოიწვია, რომელმაც, თავის მხრივ, სოფელ ახაშენში სამი უბანი დატბორა. დაზარალებულია 40-მდე ოჯახი. მათ სახლების პირველი სართულები დაეტბორათ. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ.

დაზარალებულ რაიონებში ადგილზე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, სპეციალური კომისიის წევრები ყველა დაზარალებულ ოჯახში მივლენ და ზარალს დაითვლიან. გუბერნატორი ამბობს, რომ ვისაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, მათ ზარალი ავტომატურად აუნაზღაურდებათ, ხოლო ვისაც დაზღვეული არ ჰქონდა, მათ შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ მთავრობაში გადაიგზავნება.

წელს კახეთის რეგიონში ეს იყო ყველაზე მასშტაბური სტიქია, თუმცა გადაუღებელმა წვიმებმა გაზაფხულზე ლაგოდეხის მოსახლეობასაც ავნო.

22 ივლისის სტიქიამრამდენი ლარით დააზარალა რეგიონი, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ღვარცოფულ მდინარეებზე პრევენციული სამუშაოები დროულად ჩაატარონ, თორემ საფრთხე მათ სიცოცხლესაც დაემუქრება.

აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში მთიდან ჩამომავალი მდინარეების უმეტესობა ღვარცოფულის სტატუსს ატარებს. მოსახლეობაც სწორედ ამ მდინარეების ადიდების შედეგად ზარალდება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG