Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაკეტილი აკვაპარკები კახეთში - დასვენების რომელი ობიექტებია რეგიონში


თელავში, ალაზნის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, განთავსებული აკვაპარკი წელს არ გახსნილა. არადა, გასულ წელს აქ თავს უამრავი დამსვენებელი იყრიდა. 2011 წელს გახსნილი დასასვენებელი და საცურაო კომპლექსი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი. იქ მხოლოდ დაცვის წევრს თუ შეხვდებით. როდის გაიხსნება დალუქული ჭიშკარი მომხმარებლებისთვის, ჯერ არავინ იცის. აკვაპარკის მენეჯერი ლელა მეკოკიშვილი ამბობს:

„მთელი თელავი მირეკავს და პასუხს ვერ ვეუბნები. მე მიზეზებს ვერ გეტყვით, თუმცა გარკვეული საკითხები არსებობს, რის გამოც აკვაპარკის გახსნა ვერ ხერხდება. არც უფროსია აქ, რომ მან გააკეთოს განმარტება. იმედები არის, რომ შეიძლება გაიხსნას აგვისტო-სექტემბერში“, - განაცხადა ლელა მეკოკიშვილმა.

ერთ თვეზე მეტია, რაც 10 წლის ელენეს საზაფხულო არდადეგები დაეწყო. ის დასასვენებლად ქალაქგარეთ მშობლების მოუცლელობის მიზეზით ვერ მიდის და ზაფხულის გატარება სახლში უწევს. ელენეს თქმით, გასულ წელს თელავის აკვაპარკში მეგობრებთან ერთად მიდიოდა და ზაფხულის ცხელ დღეებს სწორედ იქ ატარებდა. იმის გამო, რომ წელს პარკი არ გახსნილა, მოზარდი თავს კომპიუტერით, წიგნების კითხვითა და თუთიყუშთან თამაშით ირთობს:

„სახლში მხოლოდ წიგნს ვკითხულობ. ხანდახან აიპოდით ვერთობი, ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ნადიკვრის პარკში მივდივარ. იქ ახალი ატრაქციონია - „კამიკაძე“. ძალიან საწყენია, რომ წელს აკვაპარკი არ გაიხსნა“.

იმის გამო, რომ თელავში აკვაპარკი აღარ ფუნქციონირებს, ადგილობრივებს თავისუფალი დროის გატარება და განტვირთვა „ნადიკვრის პარკში“ უხდებათ. ეს პარკი უფასოა და იქ შესვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა იქ ფიზიკური გართობის საშუალებები ნაკლებად არის. თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრია ყუშიტაშვილი იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასვენებას თელავში აპირებენ, ნადიკვრის, კულტურისა და დასვენების პარკს, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს, წინანდლის მუზეუმსა და ლოპოტას კომპლექსს სთავაზობს.

„ჩვენს მსმენელს, რომელიც ზაფხულის გატარებას თელავში გეგმავს, შეუძლია უქმეები აქვე დაგეგმოს. მას შეუძლია ნადიკვრით სარგებლობა, სადაც ატრაქციონებიც არის. ვფიქრობ, საინტერესო საღამოებს გაატარებენ“.

თელავის მსგავსად, წელს აკვაპარკი არც ლაგოდეხში გახსნილა. თელავისგან განსხვავებით, ამ ობიექტზე არც დაცვის წევრები დაგხვდებიან. კახეთი დასასვენებელი კომპელქსების სიმრავლით არ გამოირჩევა. ჩვენ მიერ გამოკითხული ლაგოდეხელები ამბობენ, რომ კახეთში ყველაზე ღირებული ლოპოტას კომპლექსია, თუმცა მათი უმრავლესობა გვეუბნება, რომ აქ დასვენება ძვირია და ადგილობრივებისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი:

„ახალგაზრდები ყვარლის ტბაზე მივდივართ ხოლმე, რადგან ლაგოდეხთან ახლოს არის, თანაც, გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კახეთში ლოპოტაც არის, თუმცა იქ დასვენება ძალიან ძვირია. ისე, სიღნაღშიც მივდივართ ხოლმე“.

„ლაგოდეხშიც შეიძლება დასვენება. მე პირადად არ ვყოფილვარ არც ყვარლის ტბაზე და არც ლოპოტას ტბაზე, თუმცა ამბობენ, რომ ძალიან ძვირია“.

ვისაც უკვე გადაწყვეტილი გაქვთ თავისუფალი დრო ზღვაზე, მთაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში გაატაროთ, გაგიმართლათ. მათ კი, ვინც კახეთიდან წასვლას ვერ ახერხებს, ძირითადად მუნიციპალიტეტებში არსებული დასასვენებელი პარკები უმასპინძლებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG