Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაბელების საქმეზე“ სასამართლო გრძელდება


თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 მაისისთვის გადაიდო ე. წ. „კაბელების საქმეზე“ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღაჩინოსნების საქმის განხილვა. სხდომა ამჯერადაც დახურულ რეჟიმში წარიმართა. 15 მაისამდე სასამართლომ მხარეების მიერ 6 მაისს დაყენებულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დაცვისა და ბრალდების მხარეები მტკიცებულებათა ნუსხაში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.

ე. წ. „კაბელების საქმეზე“ 6 მაისის სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 4 მოქმედი და 1 ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე ბრალდების მტკიცებულებათა ნუსხიდან ექსპერტიზის დასკვნის ამოღებას ითხოვს, დასკვნისა, რომელსაც ძირთადად ემყარება პროკურატურის ბრალდება და რომელიც, ადვოკატთა განცხადებით, ეფუძნება იმ დოკუმენტებს, რომლებიც საქმეში არ არსებობს:

„შუამდგომლობებში შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ პროკურატურის პოზიცია დაცვის მხარის გარკვეული შუამდგომლობების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ უნდა იქნეს გაზიარებული. ვფიქრობთ, რომ ექსპერტიზის დასკვნისა და აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის დროს უხეშად იქნა საკანონმდებლო ნორმები დარღვეული, ამიტომ აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ვითხოვთ“.

თავის მხრივ, პროკურორ ნინო აღლემაშვილის მიერ სხდომის დაწყებამდე გაკეთებული კომენტარის თანახმად, პროკურატურა კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს:

„წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მხარეთა შუამდგომლობები ოპონენტი მხარეების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. დღეს ჩვენ სასამართლოს შევთავაზებთ ჩვენს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული დაცვის მხარის შუამდგომლობა. პოზიციას რაც შეეხება, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ პოზიცია არის იმ არგუმენტების ერთობლიობა, რომელიც ეფუძნება კანონს და მტკიცებულებებს“.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც მთავარი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს და რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავა 4 მილიონ 100 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით.

სასამართლოს პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. 6 მაისის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ამ პოლიტიკური აქტის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება:

„ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე რამდენიმე თვეა სრულიად უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ციხეში არიან, საპყრობილეში არიან. ეს 5 კაცი არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური ტყვე, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი თავის ადგილს იპოვის და მერე, ბუნებრივია, სერიოზულად დადგება საკითხი პროკურატურის და, კონკრეტულად, ივანიშვილის“.

ე. წ. „კაბელების საქმეს“ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოხსნოდა, რაც მოხდა კიდეც, და პროცესის ობიექტური დასასრულის იმედი გამოთქვა:

„არასწორი იყო გადაწყვეტილება, რომ საქმეს დაედო გრიფი „საიდუმლო“. ამიტომაც გასული წლის დეკემბერში მომზადებული ჩვენი რეკომენდაცია ეხებოდა საქმისთვის გრიფის მოხსნას, რაც განხორციელდა კიდეც. ალბათ, ყველა მხარეს სასამართლოზე მიეცემა შესაძლებლობა მოხდეს იმ მტკიცებულებების შეფასება, რაც არსებობს, და იმედი მაქვს, საქმეს ძალიან მალე ობიექტური დასასრული ექნება“.

6 მაისის სასამართლო სხდომაზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის დაყენება ვერ მოესწრო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ვიდრე არ ამოიწურება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, დაცვის მხარეს არ შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის განმარტებით, ამ შუამდგომლობასთან ერთად, როგორც კი საშუალება იქნება, დადგება საქმის შეწყვეტის შუამდგომლობაც. მანამდე კი ე.წ „კაბელების საქმეზე“ სასამართლო განხილვა 15 მაისს განახლდება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG