Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ჟურნალისტ ისმაილოვას საქმეზე მომჩივანი ამბობს, რომ უკან გაიტანა საჩივარი


ხადიჯა ისმაილოვა, 2013 წელი
ხადიჯა ისმაილოვა, 2013 წელი

აზერბაიჯანში პირი, რომელიც მომჩივანია დაპატიმრებული გამომძიებელი ჟურნალისტისა და რადიო თავისუფლების თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე, ამბობს, რომ პროკურატურას ოფიციალურად მიმართა საჩივრის უკან გატანის თხოვნით.

ტურალ მუსტაფაევმა რადიო თავისუფლებას 7 აპრილს უთხრა, რომ საჩივარი შარშან ემოციური სტრესის მდგომარეობაში შეიტანა და ახლა ისმაილოვასთან შერიგება სურს.

ისმაილოვა 5 დეკემბერს დააპატიმრეს, მუსტაფაევის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის თაობაზე ეჭვის საფუძველზე.

ისმაილოვა, რომლის საქმიანობამ მთავრობის არაერთი წევრის კორუფციული ქმედებები გამოააშკარავა, ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიმართ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

ჯერჯერობით გაურკვეველია, შეწყვეტენ თუ არა პროკურორები საქმეს და, თუ შეწყვეტენ, გათავისუფლდება თუ არა ისმაილოვა. თებერვალში მას დამატებითი ბრალდებებიც წაუყენეს, მათ შორის - გადასახადებისთვის თავის არიდება, უკანონო ბიზნესსაქმიანობა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ისმაილოვას წინასწარ პატიმრობას 24 მაისს ეწურება ვადა. მის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფაქტი დაგმეს საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა - ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის ნაწილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის მცდელობისა გააჩუმოს დამოუკიდებელი აქტივისტები და ჟურნალისტები.

38 წლის ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლების მოწოდებებით გამოვიდნენ ასევე დასავლეთის ქვეყნების მთავრობები. სხვა აქტივისტები და ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მისი პატიმრობა ეფუძნება შეთითხნილ, პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებს.

ალიევი უარყოფს ბრალდებას, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებს არღვევენ და მედიის თავისუფლებას ზღუდავენ. ის ასევე უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას.

დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე, ისმაილოვას სამშობლოს ღალატში საჯაროდ დასდო ბრალი ალიევის ადმინისტრაციის უფროსმა რამიზ მეჰდიევმა.

მოგვიანებით, დეკემბერში, რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს შენობაში პოლიცია შევიდა და გამომძიებლებმა მისი დახურვის ბრძანება გასცეს. რადიო თავისუფლების ათობით ჟურნალისტი პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა, მათ საქმიანობასთან დაკავშირებით.

მარტში ბაქოს სასამართლომ მოულოდნელად ჩაატარა სხდომა და ისმაილოვას წინასწარი პატიმრობა 24 მაისამდე გაუგრძელა. მაშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ისმაილოვასთვის თებერვალში წაყენებული ბრალდებები დაუკავშირეს რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურისთვის იმის დაბრალებას, რომ ის ქვეყანაში უკანონოდ მაუწყებლობდა 2008 წლის შემდეგ.

ისმაილოვამ სასამართლოს უთხრა, რომ მისთვის წაყენებული ეს ახალი ბრალდებები „შეთითხნილი“ და პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

რადიო თავისუფლების მთავარმა რედაქტორმა ნენად პეიჩმა მაშინ შემდეგი განაცხადა:

„რადიო თავისუფლების საწინააღმდეგო საქმეს, რომელიც ხადიჯას წინააღმდეგ საქმესაც უკავშირდება, რეალობაში არანაირი საფუძველი არა აქვს. აზერბაიჯანელები თანდათან იგონებენ ამბებს. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სააგენტოების მემორანდუმები, რომლებიც აღიარებს ჩვენს სამაუწყებლო უფლებებს, გვაქვს საგადასახადო დოკუმენტები და სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული აუდიტი - ყველაფერი, რაც საჭიროა. ყველა ეს ბრალდება უნდა მოიხსნას და ხადიჯა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“.

გასულ თვეში აშშ-მა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მისი ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვისადმი ერთგულების დემონსტრირება იქნებოდა პატიმრების გათავისუფლება - მათ შორის, ისმაილოვას, უფლებადამცველი წყვილის ლეილა და არიფ იუნუსებისა და ადამიანის უფლებების დამცველი იურისტის ინტიყამ ალიევის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG