Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეკორდსმენი მწერლის ფარსი ტირანიაზე


გამომცემლობა „აგორას“ აქვს დრამატურგიული სერია „ავანსცენა“, რომელიც ფრანგული ინსტიტუტის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოიცემა. ამ სერიის ქვეშ აქამდე დაიბეჭდა მოლიერის, კამიუს, სარტრის, ამელი ნოტომისა და სხვათა პიესები. წელს კი გამოიცა ჟიულ რომენის „კნოკი“, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი გამორჩეული და მრავალმხრივ საყურადღებო პიესა. ჟიულ რომენი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია ლუი ანრი ფარიგული, ლიტერატურის ისტორიაში შესულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექსტის ავტორი. მისი რომანი „კეთილი ნების ადამიანები“, რომელიც 1932-დან 1947 წლამდე პერიოდში იწერებოდა, არც მეტი არც ნაკლები, 27 ტომისაგან შედგება. დღევანდელ აჩქარებულ ეპოქაში, გარდა ლიტერატურის მკვლევარისა, მეეჭვება ვინმემ დაუდოს გული ასეთი უზარმაზარი ნაწარმოების თავიდან ბოლომდე კითხვას, და მით უმეტეს, უფრო ძნელი წარმოსადგენია ასეთი რამ თავიდან ბოლომდე სხვა ენაზე ითარგმნოს, თუმცა ჩვენს რეკორდსმენ ავტორს დარჩა ისეთი ტექსტებიც, რომელთა მიმართ ყურადღება არანაირად არ შენელებულა, და მათ შორისაა ეს პიესაც, რომელიც გადმოაქართულა გიორგი ეკიზაშვილმა. ქართველი მკითხველისთვის უცნობ ამ ავტორზე და მის პიესაზე სასაუბროდაც ცხადია ის მოვიწვიეთ. სხვათა შორის, სანამ სტუდიაში შევიდოდით, რადიო თავისუფლების სამზარეულოში, ჭიქა ყავასთან, ბატონმა გიორგიმ, ანუ როგორც მას ყველა იცნობს და მიმართავს, ბატონმა ჟორჟმა გამიმხილა, რომ ეს პიესა მან თავდაპირველად 27 წლის წინ თარგმნა და ერთ-ერთ ცნობილ რეჟისორს შესთავაზა დასადგმელად, შედეგად კი ის მიიღო, რომ არც პიესა დაიდგა და თარგმანიც დაკარგა. იგი მხოლოდ ცოტა ხნის წინ მიუბრუნდა ამ ტექსტს და მაინც მოიტანა ქართველ მკითხველამდე.

გიორგი ეკიზაშვილი
გიორგი ეკიზაშვილი

გიორგი ეკიზაშვილი: „წიგნს ვკითხულობდიო, წერს და პირველი ფრაზა დაიწყო სიტყვით „ჟიულ“, და დამთავრდა სიტყვით „რომენ“. ეტყობა კითხულობდა რომის ისტორიას, რადგან ჟიულ არის იულიუსი და რომენ - რომაელები. მოხდა გადაძახილი ამ ორ სიტყვას შორის, რაღაცამ გაიჩხაკუნა მწერლის ტვინში და - ჟიულ რომენ! და ამის შემდეგ ცნობილია, როგორც ჟიულ რომენი, მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი გახლავთ. ოცდაშვიდტომიანი რომანი აქვს, ამითაა ცნობილი, მაგრამ, როცა ჟიულ რომენს ამბობენ, პირველი მოდის მაინც, და თან მათრახივით, შოლტივით გაზუზუნებული - კნოკ! - კნოკი. გავიხსენებ ერთ-ერთ ბრწყინვალე ეპოქას კაცობრიობის კულტურის ისტორიაში: რენესანსი და მე-16 საუკუნე, როდესაც დღის სინათლე იხილა ვინმე ნიკოლო მაკიაველის ცნობილმა წიგნმა „IL PRINCIPE“ ანუ პრინცი, ანუ თავადი, ზოგჯერ ითარგმნება როგორც „ხელმწიფე“. აქ ლაპარაკია მეთოდზე, თუ როგორ შეიძლება აიყვანო მასა, კოლექტივი, ადამიანები რაღაც ერთი იდეით და დაუმტკიცო ყველას, რომ შენ ხარ მათი პედაგოგი, შენ ფლობ ჭეშმარიტებას და ყველა უნდა გისმენდეს აღტაცებული, ტაშს გიკრავდეს და თავს გიქნევდეს. 1933 წელს მოვიდა ძალაუფლებაში ჰიტლერი. 1923 წელს დაიწერა და დაიდგა პირველად „კნოკი“ თეატრის სცენაზე... ნათელმხილველი მწერალი. „კნოკი“ - სატირა, „კნოკი“ - იუმორი, „კნოკი“ - სასაცილო, „კნოკი“ - ლაღი, მაგრამ კარგი მკითხველი იგრძნობს, რომ უკან რაღაც დგას, რომ ასე იბადებიან ტირანები, ასე იწყება ტირანია...“

პიესის სრული სახელწოდებაა „კნოკი ანუ მედიცინის ზეობა“. ესაა იგავი თაღლით ექიმზე, რომელიც ახერხებს თავის ბრმადმორჩილ პაციენტებად აქციოს მთელი მოსახლეობა იმ კანტონისა, სადაც ექიმადაა გამწესებული. იგი ახერხებს ერთ დიდ ლაზარეთად აქციოს აქამდე ლაღი და უზრუნველი ცხოვრებით მცხოვრები მხარე, დაუქვემდებაროს იგი წოლით რეჟიმს. სამხედრო საქმის შემდეგ, რომ დავუკვირდეთ, ალბათ სწორედ მედიცინაა ის პროფესია, რომელიც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს ასე უშუალოდ ეხება. ექიმი იმ გენერალივითაა, რომელსაც შეუძლია დაგხვრიტოს ან შეგიწყალოს. კარგი ექიმი ის კეთილი გენერალია, რომელიც ებრძვის მტრის ჯარს, სახელად ბაცილები, ვირუსები, ეპიდემიები. ამიტომ, თუ გინდა გადარჩე, უნდა დადგე ამ გენერლის გვერდით და მისი ყველა ბრძანება უსიტყვოდ შეასრულო. ალბათ სწორედ ეს პარალელი დაიჭირა ჟიულ რომენმა და მიხვდა, რომ დიქტატორის ტიპაჟისა და მისი მეთოდების პროეცირება ყველაზე დამაჯერებლად სწორედ თაღლითი ექიმის სახეზე მოხერხდებოდა.

გიორგი ეკიზაშვილი: „მთავარი დამრტყმელი ფრაზა წიგნის: „ყველა ჯანმრთელი არის ავადმყოფი, მაგრამ არ იცის, რომ ავად არის“. პოტენციურად ავადმყოფობა ყველაშია, მაგრამ ასე, რომ ყველას თავში ჩავუდოთ ერთი აზრი, რომ „მე ავად ვარ“, აქ უკვე ისმის მოლიერის ხმა, მოლიერის ტონალობაშია დაწერილი. მოლიერიც ასევე სატირა იყო მედიცინაზე, მაგრამ სხვა გაგებით. აქ უფრო სატირაა ადამიანის მიმნდობლობაზე, ადამიანის მიამიტობაზე. ეს კეთილი თვისებაა თავისთავად - ნდობა, მაგრამ როცა ნდობას თან არ ახლავს გაცნობიერებული გაანალიზება იმისა, რას ენდობი, მაშინ ხდება სწორედ საშინელება, მაშინ ადამიანი ხდება მასის წევრი, რომელიც ტაშით ხვდება იგივე კრეონტებს, იგივე კალიგულებს, იგივე ნერონებს და კიდევ პატარ-პატარა წვრილფეხა ტირანებს. კნოკი ვინაა? ისაა ფანატიკურად შეყვარებული ადამიანი თავის საქმეში, მედიცინაში. აი, ესაა, რომ ადამიანი ენდობა მეცნიერებას, ენდობა მედიცინას, თანაც მით უმეტს ექიმს, მაგრამ, როცა მედიკოსი ამბობს იურისპრუდენციიდან წამოსულ სლოგანს, რომ, დაე, დაემხოს მთელი სამყარო, მაგრამ იზეიმოს კანონმა, და როცა მედიკოსი ამბობს, დაე, დაემხოს სამყარო და განქარდნენ ადამიანები, მაგრამ იზეიმოს მედიცინამ, - ვის უნდა სამყაროს გარეშე კანონი და ადამიანების გარეშე მედიცინა? ეს არ არის მედიცინა. ეს არ არის ექიმი და პაციენტი. სხვა რაღაცაა აქ. მერე რას მოინდომებს კნოკი, ვინ იცის, კიდევ სად წაიყვანს დამონებულ და დაბეჩავებულ, ავადმყოფ ადამიანებს“.

ეს იყო უნანიმიზმი, რომლის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, ფუძემდებელი არის სწორედ ჟიულ რომენი: რომ ადამიანი კოსმოსშია ჩართული, ადამიანი ჩართულია კაცობრიობაში. ერთხელ ქუჩაში გავედი და ვიგრძენი, რომ ყველაფერი ეს მე ვარ...
გიორგი ეკიზაშვილი

იმ კანტონში, სადაც ექიმი კნოკი თავის რეჟიმს ამყარებს, მანამდე მსახურობდა ექიმი პარპალედი. იგი პირდაპირი გაგებით ყიდის თავის ადგილს კნოკზე, რადგან მოსახლეობა ძალიან იშვიათად მიმართავს მას და შემოსავალიც მცირე აქვს. ამ გარიგებისას, საუბარში იგი იგებს, რომ კნოკი არაა დიპლომირებული ექიმი, რომ მან მედიცინა ბავშვობაში რეცეპტების კითხვის სიყვარულით ისწავლა და მერე, სადღაც გემზე ექიმად მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარპალედმა კნოკის თაღლითობის ამბავი იცის, სამი თვის შემდეგ კანტონში ჩამოსული კნოკისაგან კუთვნილი თანხის ასაღებად, იგი მაინც მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. ლაზარეთად გადაქცეული ქალაქი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ექიმ პარპალედსაც კი უჩნდება გადაულახავი სურვილი კნოკის პაციენტი გახდეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე აბსოლუტური დიქტატურის დამყარების ნიშანია.

ამ პიესის კონცეფციის ფონზე მით უფრო საინტერესოა ის, რომ ჟიულ რომენის შემოქმედებითი ხედვა სულ სხვანაირად ყალიბდებოდა და ვითარდებოდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ახალგაზრდა ფრანგმა პოეტებმა, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ ჯგუფ „სააბატოში“ და სიმბოლიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდნენ, ახალ მიმართულებას დაუდეს საფუძველი.

გიორგი ეკიზაშვილი: „ეს იყო უნანიმიზმი, რომლის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, ფუძემდებელი არის სწორედ ჟიულ რომენი: რომ ადამიანი კოსმოსშია ჩართული, ადამიანი ჩართულია კაცობრიობაში. ერთხელ ქუჩაში გავედი და ვიგრძენი, რომ ყველაფერი ეს მე ვარ და ამ ყველაფერს, მანქანებს, სახლებს, ადამიანებს რაღაც გვაერთიანებსო. ინდივიდები ვართ, ჩვენი ინდივიდუალიზებული ბედი გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს ვხვდებით ამ სამყაროში. და არის რაღაც, რაც გვაერთიანებს, ესაა კეთილი ნება, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ადამიანების კეთილი ნება ვერ ახდენს ისტორიული მოვლენების მსვლელობაზე ზემოქმედებას. მაგრამ რჩება მაინც რაღაც, რჩება, "CAMARADERIE", ამხანაგობა, თბილი ურთიერთობა, რაღაც ერთობა ადამიანებს შორის, - ეს რჩება მუდამ და იდეალების ერთობა“.

აი, იდეალების ასეთ ერთობაზე წერდა თავის ლექსებს და გრანდიოზულ რომანს ჟიულ რომენი, მაგრამ ამავე დროს წერდა იმაზეც, თუ რა ხდება, მაშინ, როცა ადამიანების „კეთილ ნებას“ ბოროტი ნება გადასწონის. წერდა იუმორით, სარკაზმით, მაგრამ ბევრი დიდი მწერლის მსგავსად, ამ ხერხს სათქმელის გასამძაფრებლად იყენებდა. ასე რომ, როგორც საუბრის ბოლოს გვითხრა ბატონმა ჟორჟმა:

„წავიკითხოთ ასე, ვიმხიარულოთ ამ წიგნით, და მერე დავფიქრდეთ“.

XS
SM
MD
LG