Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

90 წლის ჯიმი კარტერი პრეზიდენტობას იხსენებს


2011 წლის 26 აგვისტო: კარტერი ფხენიანში ჩადის
2011 წლის 26 აგვისტო: კარტერი ფხენიანში ჩადის

2001 წელს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „განთიადამდე ერთი საათით ადრე.“ წიგნი პულიცერის ჯილდოზე წარადგინეს. ყოფილი პრეზიდენტისთვის მემუარებს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა: „ფერმაში გავიზარდე. იქ მხოლოდ აფრო-ამერიკელი მეზობლები მყავდა. გათენებამდე ერთი საათით ადრე ირეკებოდა ზარი. ის აღვიძებდა ხალხს, რათა რიჟრაჟზე ყველა სამუშაოდ გასულიყო. ცხენებისა და ხარების მომვლელებს დღეში დოლარს უხდიდნენ. ეს „დიდი დეპრესიის“ დროს ხდებოდა. მაშინ დოლარად საჭმელს და ტანსაცმელს იყიდდით. წიგნის დაწერა ამ მოგონებამ შთამაგონა.“

„ბავშვობაში ვისწავლე, რომ ფიზიკური შრომა ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია. დილიდან მინდორში ვმუშაობდი. ორნახევარ მილს ფეხით გავდიოდი, მიწის თხილს ვაგროვებდი, პარკებში ვყრიდი და ვყიდდი. დღეში მიწის თხილის 20 პარკს ვყიდდი და ერთ დოლარს მაძლევდნენ. მაშინ მხოლოდ 6 წლის ვიყავი.“

„ჩემი მეგობრები, მეზობლები და ყველა, ვისთანაც მინდორში ვმუშაობდი, აფრო-ამერიკელი იყო. ბავშვობიდან გავიგე, როგორ ცხოვრობდნენ ღარიბები. ის პერიოდი ამერიკის ისტორიაში „დამოუკიდებლობისა და თანასწორობის“ ხანა იყო. ჩვენ და აფრო-ამერიკელები ერთმანეთისგან დამოუკიდებლები ვიყავით, მაგრამ არა თანასწორნი. ამ გამოცდილებამ დამანახვა, თუ რას ნიშნავდა ადამიანის უფლებების დაცვა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. გუბერნატორობისა და მოგვიანებით პრეზიდენტობისას ვეცადე, ზოგიერთი ჩემი მოსაზრება რეალობად მექცია.“

ბავშვობის წლებმა კარტერის პოლიტიკური შეხედულებები ძირეულად შეცვალა: „დავრწმუნდი, რომ არსებული სისტემა უნდა შეცვლილიყო. პოლიტიკაში, ალბათ, არასოდეს ჩავერთვებოდი, ჯორჯიის საჯარო სკოლების საბჭოს თავმჯდომარეობა რომ არ გადამეწყვიტა. დავინახე, რა საფრთხეს შეიცავდა ჯორჯიის საჯარო სკოლებში არსებული პრაქტიკა. საბჭო ამბობდა, ჯორჯიის საჯარო სკოლაში ერთი შავკანიანი ბავშვიც რომ წავიდეს, საგანმანათლებლო სისტემას მთლიანად დახურავენო. ამიტომ გადავწყვიტე საჯარო სკოლების საბჭოს თავმჯდომარეობა. შავკანიან ბავშვებს არ ჰქონდათ განათლების მიღების თანასწორი უფლება. მე ამ ტენდენციის შეცვლას ვცდილობდი.“

„საბოლოოდ, შტატის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელმაც პირველად ისტორიაში შავკანიანებს, თეთრკანიანების მსგავსად, სასკოლო ავტობუსები გამოუყო. ეს დადებითი სიახლე იყო, მაგრამ კანონმდებლებმა მოითხოვეს, შავკანიანი ბავშვების ავტობუსების გვერდები შავად შეეღებათ - ყველას უნდა სცოდნოდა, რომ იქ „შავი ბავშვები“ ისხდნენ.“

კარტერმა ჯორჯიის პოლიტიკაში უფრო აქტიურად ჩართვა გადაწყვიტა და 1962 წელს შტატის სენატში იყარა კენჭი. 1965 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც არჩევნებში რასობრივ დისკრიმინაციას კრძალავდა. ეს კარტერისთვის ისტორიული მომენტი იყო: „თავდაპირველად ჯორჯიის შტატი ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონს არ დაემორჩილა. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ აღნიშნული კანონი კონსტიტუციური იყო და ყველა შტატს, მათ შორის ჯორჯიას, მისი განხორციელება დაავალა.“

„1971 წელს გუბერნატორის არჩევნებში გავიმარჯვე. როდესაც ხალხს პირველად მივმართე, ვთქვი, რომ ამერიკაში რასობრივი დისკრიმინაცია დასრულდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ჟურნალმა „ტაიმმა“ ყდაზე ჩემი სურათი დაბეჭდა. 1970-იან წლებშიც კი ჩემი გამოსვლა რევოლუციურ ნაბიჯად მიიჩნიეს.“

კარტერი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ბოლო წუთამდე არ ჰქონია: „როდესაც შტატის სენატში ვიყრიდი კენჭს, გუბერნატორობა აზრად არ მომსვლია. როცა გუბერნატორი გავხდი, პრეზიდენტობაზე არც კი მიფიქრია. მაგრამ როდესაც დემოკრატებმა 1972 წლის არჩევნები კატასტროფულად წააგეს და ქვეყანამ ნიქსონი აირჩია, გადავწყვიტე, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩავრთულიყავი.“

1976 წლის არჩევნებში გამარჯვებამდე, კარტერი თეთრ სახლში ნამყოფიც კი არ იყო. ის ამბობს, რომ ამ გარემოებამ პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე საქმიანობა გაუადვილა: „მთავრობა მოსახლეობასთან არაერთხელ შერცხვა. ვიეტნამის ომთან დაკავშირებულმა ტყუილებმა და უოტერგეიტის სკანდალმა წინასაარჩევნო კამპანია შედარებით გამიადვილა. ამომრჩეველს დავპირდი, რომ ყოველთვის სიმართლეს ვიტყოდი. მე ღრმა სამხრეთიდან მოვდიოდი და ის, რომ ვაშინგტონთან და თეთრ სახლთან არაფერი მაკავშირებდა, დიდი უპირატესობა იყო.“

„ფრიც მონდეილი ვიცე-პრეზიდენტად იმიტომ ავირჩიე, რომ არ ვიცოდი, როგორ მუშაობდა ვაშინგტონი. ფრიცს ვაშინგტონში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და მისი მეგობრებიც გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ. ალბათ, უკეთესი პრეზიდენტი ვიქნებოდი, ვაშინგტონი უკეთ რომ მცოდნოდა. ჯორჯიიდან ჩამოსული ადამიანისთვის, რომელმაც თეთრი სახლი პირველად ნახა, პრეზიდენტობის პირველი ხანები უცნაური იყო.“

კარტერის ერთ-ერთი მიღწევა ისრაელისა და ეგვიპტის ლიდერებს შორის დიალოგის დაწყება გახლდათ. ის ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე მისი მიზანი ისრაელსა და მის მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარება იყო: „როცა პრეზიდენტი გავხდი, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შუამავლობა გადავწყვიტე. 1977 წლის იანვარში ფიცი დავდე და ივნისში უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა მიზნის მისაღწევად.“

„როდესაც ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათს თეთრ სახლში პირველად შევხვდი, მან დამაიმედებელი გაცხადებები გააკეთა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ოთხი ომი იყო მომხდარი. სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება მიამიტურ სურვილს ჰგავდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ისრაელისა და ეგვიპტის ხალხს მშვიდობა სურდა.“

„მოგვიანებით, კემპ დევიდში, ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით. გადავწყვიტეთ, რომ დეტალებზე ისრაელისა და ეგვიპტის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებს ემუშავათ. მაგრამ აქამდე მისასვლელად დიდი მუშაობა დაგვჭირდა. კემპ დევიდში დავრწმუნდი, თუ რამდენად შეუთავსებელი ადამიანები იყვნენ სადათი და [ისრაელის პრემიერ-მინისტრი] მენახემ ბეგინი. ისინი ყოველი შეხვედრისას მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობდნენ და არ მალავდნენ, თუ როგორ არ მოსწონდათ ერთმანეთი.“

„ისინი ათი დღე აღარ შევახვედრე ერთმანეთს. ამ ხნის განმავლობაში მე სათითაოდ ვხვდებოდი მათ და ერთმანეთის აზრებს ვუზიარებდი. ათი დღის შემდეგ სადათი და ბეგინი, ეს ორი უკიდურესად რელიგიური და თავდადებული ადამიანი, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას დათანხმდა.”

1980 წელს კარტერი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. თეთრი სახლიდან წამოსვლისას, მან აღმოაჩინა, რომ მისი ბიზნესი დახურვის პირას იყო. კარტერი ჯორჯიაში დამარცხებული და თითქმის გაკოტრებული დაბრუნდა: „როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, ჩემი სარფიანი ბიზნესი ერთ-ერთ კერძო კომპანიას მივანდე და ვუთხარი, რომ პრეზიდენტობისას არ მინდოდა ჩემს კომპანიაზე რაიმე მცოდნოდა. არ მინდოდა, რამე ისეთი გამეკეთებინა, რაც ჩემს ბიზნესს წაადგებოდა. ამას პრეზიდენტები საკმაოდ ხშირად აკეთებდნენ.“

„არჩევნების წაგების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კომპანიას დიდძალი ვალი ჰქონდა. ვფიქრობდი, რომ იმ მიწების გაყიდვა მომიწევდა, რომლებიც ჩემს ოჯახს 1833 წლიდან ეკუთვნოდა. მეშინოდა, სახლის გაყიდვაც არ დამჭირვებოდა. მაგრამ შემდეგ წიგნი დავწერე, ბიზნესი გავყიდე და ჩემი ოჯახი გაკოტრებას გადაურჩა.“

კარტერი თავის პრეზიდენტობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მან ამერიკას მშვიდობა მოუტანა: „მე ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვიცავდი. არაერთ ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას შევუწყვე ხელი, მოვაგვარე ურთიერთობა ჩინეთთან და საერთაშორისო პოლიტიკაში საფუძველი ჩავუყარე ცვლილებებს. ჩემი ინიციატივით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძი ადამიანის უფლებები გახდა.“

1 ოქტომბერს პრეზიდენტი კარტერი 90 წლის გახდა. ასაკის მიუხედავად, ის ბევრს მოგზაურობს და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ როცა დაკავებული განრიგი ამის საშუალებას აძლევს, ყოველ კვირა დღეს საკვირაო სკოლაში მიდის და გაკვეთილებს ატარებს.

XS
SM
MD
LG