შაბათი, 23 აგვისტო, 2014 თბილისის დრო 05:33

რუბრიკები / მუსიკა, მუსიკა

ჯიმი ჰენდრიქსი - 70

ჯიმი ჰენდრიქსი, ნიუ-იორკი, 1969 წელიჯიმი ჰენდრიქსი, ნიუ-იორკი, 1969 წელი
x
ჯიმი ჰენდრიქსი, ნიუ-იორკი, 1969 წელი
ჯიმი ჰენდრიქსი, ნიუ-იორკი, 1969 წელი

მულტიმედია

აუდიო
1967 წლის 1 ივნისს ლონდონში, ები როუდის 3 ნომერში, დიდი წვეულება გაიმართა, მხიარულებითა და ხალისით სავსე. 100 კაცამდე მაინც იქნებოდა მოპატიჟებული, ერთმანეთზე სახელოვანნი და გამოჩინებულნი:  ედგარ ალან პო, უილიამ ბეროუზი, ოსკარ უაილდი, ბერნარდ შოუ, ლუის კეროლი, აინშტაინი, ზიგმუნდ ფროიდი, მარლენ დიტრიხი, მერილინ მონრო, კარლ მარქსი და მრავალი სხვა. ინდოეთიდან მაჰათმა განდისაც კი ელოდნენ, მაგრამ ბოდიშის მოხდით, ვერ ჩამოვალო, შემოთვალა. მოგეხსენებათ, სადაც სიამეა და მოლხენა, იქ უსიმღეროდაც არ იქნება, ჰოდა, ამ დიდებულ სტუმრებს სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების ბენდი ართობდა. ნადიმის მხიარული ჟრიამული სამი დღე-ღამე გაგრძელდა. უფრო დიდხანსაც გასტანდა, მაგრამ ერთი დაუპატიჟებელი სტუმარი გამოჩნდა და გიტარაზე ისეთი დაუკრა, რომ მასპინძელ მუსიკოსებს გუნება გვარიანად წაუხდინა.
  
ზემოხსენებულში, რა თქმა უნდა, „სერჟანტ პეპერის“ ალბომის გარეკანზე შეკრებილი საზოგადოება, დაუპატიჟებელ სტუმარში კი ჯიმი ჰენდრიქსის კონცერტი ვიგულისხმე, რომელიც „სერჟანტ პეპერის“ გამოცემიდან სულ რაღაც სამ დღეში ლონდონში შედგა. იმ წელს, როცა ნისლიან ალბიონზე იერარქიული პირამიდის სათავეში „ბიტლზი“ ბრძანდებოდა, მას „როლინგები“, „ენიმალსი“, „კინკსები“ და ჯგუფი „ჰუ“ მოსდევდა. ჰოდა, ჭაბუკის მოსასმენად სევილის თეატრში ბრიტანული როკმუსიკის მთლად ბურჯები და ჭეშმარიტი არისტოკრატები შეიკრიბნენ: პოლ მაკარტნი და ჰარისონი ბრაიან ეპსტაინთან ერთად აივანზე, ხოლო წინა რიგებში მიკ ჯაგერი, ერიკ კლაპტონი, პიტ ტაუნსენდი და ჯეფ ბეკი მოკალათდნენ. თავად ჰენდრიქსმა კი, ყურებს გაუფრთხილდითო და, ყველასთვის მოულოდნელად, „სერჟანტ პეპერის“ თემაზე აღგზნებული, აღვირახსნილი იმპროვიზება წამოიწყო. „სერჟანტ პეპერის“ ჯიმისეულ შესრულებას თავად ავტორიც ხშირად იხსენებდა ხოლმე: ბგერის ახალი სიმაღლეებიდან გამესაუბრა, ჩემივე სიმღერაში ისეთი იდეები დამანახვა, წარმოდგენაც რომ არ მქონდაო.



1967 წლის 4 ივნისის კონცერტს კიდევ დავუბრუნდები, მანამდე კი ერთ-ორ სიმღერას გავიხსენებ,  ჰენდრიქსმა იმ ლონდონურ საღამოს რომ შეასრულა. მაგალითად, The Wind Cries Mary-ს, რომელიც ჯიმიმ მეგობარ გოგოს, ბრიტანელ კეტი ეჩინგემს მიუძღვნა. სამი წელი იყვნენ ერთად, თუმცა ვაი ეგეთ ყოფნას. კეტი საშინლად ეჭვიანი გახლდათ, თუმცა სანერვიულო, იცოცხლე, მართლაც რომ ჰქონდა. ჯიმი ლამაზმანებთან გაარშიყებას არ თაკილობდა და, ტურნეებში მყოფი, ღამის გასათევს ყველგან მარტივად პულობდა. ჰოდა, ჰქონდათ გაუთავებელი გარჩევები და აყალ-მაყალი, საქმე ფიზიკურ გარჩევებამდეც კი მისულა. ერთხელ მუსიკოსს კეტის მომზადებული კერძი ემწარა და დიასახლისი გვარიანად გამოლანძღა. ნაწყენი გოგო სახლიდან გაიქცა, ჰენდრიქსმა კი სიმღერა მიუძღვნა.

   

პირველი ალბომიდან ჰენდრიქსმა Foxy Lady, Manic Depression, Hey Joe, Are You Experienced და Purple Haze შეასრულა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მეძვირფასება და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საგიტარო თხზულებაა როკმუსიკის ისტორიაში. სახელწოდებასაც საინტერესო წარსული აქვს. ბევრი მიიჩნევდა, რომ ჯიმიმ „ლსდ“ იგულისხმა, თუმცა თავად ავტორი სიმღერის შექმნისათვის, ისევ და ისევ, ბრიტანეთს უმადლოდა. როგორც ამბობდა, ლონდონში ერთხელ მეტად უცნაური სიზმარი უნახავს, თუ როგორ დასეირნობდა იასამნისფერ ნისლში გახვეული, თავად „Purple Haze“ კი ამერიკელი მწერლის ფილიფ ხოსე ფარმერის ფანტასტიკურ რომანში, „ღამის სინათლეში“ ამოუკითხავს.

  

დაბოლოს, კვლავ ლონდონურ კონცერტს დავუბრუნდები. რაც იმ საღამოს ჯიმიმ იკადრა, უფრო სწორად კი, კოლეგა გიტარისტებს აკადრა, მარტივად ხასიათდება: 1967 წლის 4 ივნისს ჰენდრიქსის გამოჩენა მეხის გავარდნას თუ შეედრებოდა, ალბიონელთა მუსიკალური იდილია უხეშად დაარღვია და ბრიტანული როკმუსიკის კედლები იერიქონივით დაანგრია. იმ საღამოს კლასიკური სტილის გიტარისტის სამყაროც თავდაყირა დადგა, ინსტრუმენტი აქამდე გაუგონარი ენამჭევრობით ალაპარაკდა და არტიკულირებული ფრაზებით ამეტყველდა. ამგვარი პიროტექნიკის თავი კი დარბაზში მყოფ არც ერთ ბრიტანელ გიტარისტს არ ჰქონდა, თუმცა მოსმენილის გაგება-გააზრება არ გასჭირვებიათ. ისტორიამ ამ კონცერტის ერთი შთაბეჭდილება შემოინახა, რომელიც ჯგუფ „The Whos“-ს გიტარისტს, პიტ ტაუნსენდს ეკუთვნის: “ბრიტანელ მუსიკოსებს აქამდე გვეგონა, რომ როკმუსიკის დაკვრა გვეხერხებოდა. მწარედ ვცდებოდით. ეს მხოლოდ ამერიკელ ჯიმი ჰენდრიქსს შეუძლია”.



ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული