Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 აპრილი და ჯერაც დაუცველი სახელმწიფო ენა


დედაენის ძეგლი თბილისში
დედაენის ძეგლი თბილისში

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 38 წლის წინ,1978 წლის 14 აპრილს, ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო დემონსტრაციაში და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლში შესატანი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენები კარგავდნენ სახელმწიფო ენის სტატუსს. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება საქართველოს უმაღლეს საბჭოს 1978 წლის 14 აპრილს უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ თბილისში გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტის ეზოდან მთავრობის სახლამდე, რის შედეგადაც საბჭოთა მთავრობამ უკან დაიხია და ქართულ ენას შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი. რა მოხდა 38 წლის წინ თბილისში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოს სახელმწიფო ენა?

„საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“ - ვკითხულობთ საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუციის პირველი თავის მესამე მუხლში. ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა საქართველოს ანექსიისა და საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგაც. „საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა“ - წერია 1937 წლის საბჭოთა კონსტიტუციაში (მე-13 თავი, 156-ე მუხლი) და ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 1978 წლის აპრილამდე, ვიდრე არ გამოქვეყნდა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 თავის 75-ე მუხლის პროექტი:

„საქართველოს სსრ რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებუ- ლებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველი ღონისძიებით განვითარებისათვის“.

„უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას“, ცხადია, არ ნიშნავდა იმას, რომ ქართული რჩებოდა სახელმწიფო ენად, იგი უთანაბრდებოდა საქართველოში არსებულ სხვა ენებს, რადგანაც 75-ე მუხლის მეორე აბზაცში ასევე ეწერა, რომ, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია ყველა იმ ორგანოსა და დაწესებულებაში რუსული, აგრეთვე სხვა ენების თავისუფალი ხმარება, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს.

სწორედ საბჭოთა კონსტიტუციის 75-ე მუხლის დამღუპველი შინაარსის შესახებ ილაპარაკა აკაკი ბაქრაძემ 1978 წლის 11 აპრილს მწერალთა კავშირში გამართულ ღია კრებაზე:

„თუ ეს პროექტი მიღებული იქნება ამ სახით, ამით საფუძველი ეყრება ქართველი ერის გარუსების საქმეს... როდესაც აქ თავს იმართლებენ იმით, რომ რუსულიე ნა არ არის მოხსენებული სახელმწიფოებრივ ენად, ეს სულ სხვა მდგომარეობაა. რუსულ ენას არავინ ემუქრება, მის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლიათ ისეთ დიდ ენებსაც, როგორიცაა ფრანგული და ინგლისური, მაგრამ რიცხობრივად ისეთ პატარა ენას, როგორიც ქართულია, ეს უდიდეს საფრთხეს უქმნის“.

ქართული საზოგადოების გულისწყრომა გასცდა როგორც მწერალთა კავშირის, ასევე უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების კედლებს და ქუჩაში გადაინაცვლა. როგორც 38 წლისწინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილე, ცნობილი დისიდენტი ვახტანგ ძაბირაძე იხსენებს, სიახლე მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის:

„ვინმე გამოკვეთილი ორგანიზატორი არ ყოფილა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. - „იყო მუხტი, რომელმაც თავისთავად მოახდინა საპროტესტო აქციის ორგანიზება. იყო აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე და სხვა უამრავი ადამიანი, რომლებიც ხმამაღლა გმობდნენ სიახლეს. ასე ნელ-ნელა შემზადდა 14 აპრილი. როდესაც მთავრობის სასახლისკენ მივდიოდით, შუახნის ხალხი, ვინც მოსწრებული იყო 1956 წლის მოვლენებს, გვეუბნებოდა, არ წახვიდეთ, გესვრიანო, მაგრამ ყველაფერი რომ დამთავრდა და უკან ვბრუნდებოდით, გვხვდებოდნენ როგორც გმირებს, რომ შევძელით და შევინარჩუნეთ ენა“.

გადამწვეტი გამოდგა 14 აპრილს გამოხატული პროტესტი, რომელიც დილის 10 საათზე დაიწყო: უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტების მსვლელობას რუსთაველისკენ გზადაგზა შეუერთდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ უკან დაიხია, მოგვიანებით კი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 14 პრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული ამბობს, რომ 14 აპრილი სიმბოლური თარიღია და მას ბუნებრივად ახლავს გარკვეული საზეიმო რიტუალები.

„მაგრამ როდესაც ეს თარიღი ფუძნდებოდა როგორც „დედაენის დღე“, მაშინ არნოლდ ჩიქობავას ჰკითხეს აზრი და ბატონმა არნოლდმა ბრძანა, თანახმა ვარ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება არა ზეიმის, არამედ დედაენის წინაშე ანგარიშგების დღეო. ჩვენ, მეცნიერები, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ამ დღისათვის ის სიახლეები წარმოვადგინოთ, რომლებიც სახელმწიფო ენის კვლევისა და ფუნქციონირების სფეროში გვაქვს“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.

ავთანდილ არაბულის თქმით, 14 აპრილს მეცნიერებათა აკადემია შეხვდა კონფერენციით, რომელიც სახელმწიფო ენის ციფრული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მიეძღვნა. გარდა ამისა, გამოიცა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მესამე ტომი. რაც შეეხება გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფო ენას უქმნის საფრთხეებს, ავთანდილ არაბული ამბობს, რომ, კონსტიტუციაში ჩაწერის გარდა, სახელმწიფო ენის დაცვას სჭირდება ენობრივი პოლიტიკისა და მეურნეობის წარმოება საკანონმდებლო და ინსტიტუციური უზრუნველყოფით, რაც გათვალისწინებულია კიდეც 2015 წლის 22 ივნისს პრალამენტის მიერ მიღებული კანონით სახელმწიფო ენის შესახებ:

„ეს არის საკანონმდებლო ნორმები, რომელთა მიხედვითაც უნდა დარეგულირდეს სახელმწიფო ენის ფუნქციონირება. დღეისათვის სრული ქაოსია ამ თვალსაზრისით და ბევრი რამე გვაკლია. ნამდვილად გაუარესებულია მდგომარეობა იმასთან შედარებითაც კი, ვიდრე იყო საბჭოთა პერიოდში“.

ავთანდილ არაბულის თქმით, კანონით ასევე გათვალისწინებულია, მაგრამ ჯერ არ შექმნილა საზედამხედველო სტრუქტურა - სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება, ადევნოს თვალი ენის ფუნქციონირებას და მოახდინოს რეაგირება დარღვევებზე, თუმცა, ცნობილი მიზეზების გამო, ამ კანონის მოქმედება ვერ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზთა კრების“ დამფუძნებლის მალხაზ პატარაიას თქმით, ეთნიკურ ქართველებს წართმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG