ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 05:18

პოლიტიკა / საქართველო

ყველამ თავის სერვერს მიხედოს

იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანიიუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი
x
იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის ახალი მინისტრი თეა წულუკიანი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
იუსტიციის სამინისტრო უარს აცხადებს მართოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების კომპიუტერული ქსელები და სერვერები. იუსტიციის მინისტრის განმარტებით,  გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამასთან, მინისტრის თქმითვე, ცვლილება  უარყოფითად არ აისახება საქართველოს კიბერუსაფრთხოების ხარისხზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

საქართველოს პარლამენტსა და მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს ქსელურ მომსახურებას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სმარტ ლოჯიკი“ უწევს. იუსტიციის სახლშია განთავსებული პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტისა და სამინისტროების სერვერებიც. ამგვარი ცენტრალიზაციის მიზნად ორი წლის წინ, როცა „სმარტ ლოჯიკი“ იქმნებოდა, სხვათა შორის, დასახელდა სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა, თუმცა იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა სერვერებისა და ქსელების ცენტრალიზებულ მართვას სულ სხვა კუთხიდან შეხედა:

„ქვეყნის სწორი, სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ჩვენმა უწყებამ შეწყვიტოს სხვა უწყებების სერვერების, ქსელების, პროგრამებისა და კომპიუტერების მართვა, რადგან არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების ერთი შტოს წარმომადგენელი უწყება აკონტროლებდეს ხელისუფლების სხვა შტოს ან შტოებს“.
ვინც ახორციელებს სერვერის მომსახურებას, მას შეუძლია დაბლოკოს, წაიკითხოს და განახორციელოს ნებისმიერი ოპერირება. არსებული ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულმა უწყებამ აკონტროლოს ყველაფერი ...

იუსტიციის მინისტრამდე, ამგვარი ვითარების გამო უკმაყოფილება პარლამენტის აპარატის ახალმა უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ გამოთქვა. სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მარაქველიძემ განაცხადა, რომ არაორდინარულია, როცა პარლამენტის ელექტრონულ საქმიანობას აღმასრულებელი ხელისუფლება აკონტროლებს:

„ვინც ახორციელებს სერვერის მომსახურებას, მას შეუძლია დაბლოკოს, წაიკითხოს და განახორციელოს ნებისმიერი ოპერირება. არსებული ვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულმა უწყებამ აკონტროლოს ყველაფერი, რაც ელექტრონული მიმართულებით პარლამენტში ხორციელდება. მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს პარლამენტსა და ცივილიზებულ ქვეყანას ეკადრება. პარლამენტი არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არც ერთ სხვა შტოს არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს ის, რაც პარლამენტში ხდება". 

თუმცა, ზურაბ მარაქველიძის ამ განცხადების პასუხად, იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არც სამინისტრო და არც „სმარტ ლოჯიკი“  პარლამენტისა და სხვა უწყებების გაკონტროლებით დაკავებული არ ყოფილა. ოთარ კახიძემ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რადიო თავისუფლებას უთხრა:

„როგორც იუსტიციის სახლი იყო მოწინავე ოფისი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებისთვის და აერთიანებდა ერთ სივრცეში არაერთ მომსახურებას, იგივე მიმართულება იყო აქაც აღებული. „სმარტ ლოჯიკი“ (SMART LOGIC) სთავაზობდა საკუთარ მომსახურებას, რომელიც არანაირად არ გულისხმობს ფოსტის კითხვას და სხვა ტიპის კონტროლს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქსელი მუშაობდეს გამართულად, რომ დაზოგილი იყოს სახსრები. ფინანსები მართლაც მნიშვნელოვნად დაიზოგა, რადგანაც ყველა უწყებას აღარ სჭირდებოდა ცალ-ცალკე IT სამსახურები. ამას ითავსებდა SMART LOGIC“.
შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება - ერთ სტრუქტურას უფრო მარტივად და უფრო კოორდინირებულად ემართა ქვეყნის სტრატეგიული IT მიმართულებების ზოგადი უსაფრთხოება, მაგრამ, ალბათ, ყოველივე ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს ...

როგორც ჩანს, „სმარტ ლოჯიკის“ შექმნით სახსრები მართლაც დაიზოგა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმითაც, მისი ინიციატივის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა იქნება საჭირო:

„პარლამენტს იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და შეძლოს ქსელების, კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვა, საწყის ეტაპზე დასჭირდება 400 ათასი ლარის ინვესტირება და შემდეგ ყოველწლიურად დამატებით 800 ათასი ლარის ხარჯვა“.

თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არ შეასუსტებს სახელმწიფო დაწესებულებების კიბერუსაფრთხოების ხარისხს, რადგანაც მასზე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სულ სხვა უწყება - „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“  - ზრუნავს. ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს სააგენტოს უშუალოდ მთავრობის მეთაურის დაქვემდებარებაში გადაცემასაც, თუმცა, მისივე თქმით, ყოველივე ეს მომავლის საქმეა, ისევე როგორც პარლამენტის მიერ მონაცემთა ბაზისა და ქსელის დამუკიდებლად მართვა, რადგანაც, ფინანსებთან ერთად, საჭიროა სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტების მოძებნა, რაც, საინფორმაციო ტექნოლოგიების ექსპერტის ნოდარ დავითურის თქმით, წლების წინ, როცა „სმარტ ლოჯიკი“ შეიქმნა, კიდევ უფრო მეტად ჭირდა:

„იმ პერიოდში, როცა სწრაფად უნდა მოგვარებულიყო უსაფრთხოების პრობლემა, შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება - ერთ სტრუქტურას უფრო მარტივად და უფრო კოორდინირებულად ემართა ქვეყნის სტრატეგიული IT მიმართულებების ზოგადი უსაფრთხოება, მაგრამ, ალბათ, ყოველივე ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და მის შესამცირებლად საჭირო იქნება დროთა განმავლობაში მართვა განაწილდეს სხვადასხვა სტრუქტურაში, თუმცა იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც სპეციალისტების მაინცდამაინც დიდი სიმრავლე არ გვაქვს“.

მაგრამ, როგორც იტყვიან, გადაწყვეტილება მიღებულია. იუსტიციის სამინისტროს შემდეგ ჯერი იმ სახელმწიფო უწყებებზეა, რომლებსაც საკუთარი ქსელებისა და სერვერების ავტონომიურად მართვა სურთ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
30.10.2012 18:12
სადავო საკითხია. ეს სისტემა ბევრ შემთხვევაში მოუქნელია და მოძველებული ინფორმაციით იყო სავსე. მე პირადად მივესალმები.

ავტორი: Toy´s
30.10.2012 13:24
საინტერესო აზრი აქვთ სამისინსტროსა და პარლამენტს.
სახელმწიფო სერვერების უსაფრთხოება და დაცვა არის სახელმწიფოს ცენტრალური მოვალეობა და არცერთ ქვეყანაში არ ხდება ამ უსაფრთხოების გარანტიების დეცენტრალიზაცია.
არცერთ ქვეყანაში არაა, რომ ყოველ სამინისტროს მისი საკუთარი დამცავი სისტემა ან ფირმა ჰქონდეს, რომელიც გარანტირებს სერვერების დაცვას.
ეს საქმე ყველგან, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის სახელმწიფოს დამცველი უწყების ეგიდის ქვეშ და ცენტრალურად კონტროლირდება ამ დამცავი უწყების მიერ. ის ფირმები და პიროვნებები, რომლებიც დაკავებული არიან სერვერების მოვლით და აქვთ ადმინისტრატორის უფლება ამორჩეულნი არიან სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ექვემდებარებიან (კონტროლირდებიან) სწორედაც ამ სამსახურის მიერ. ეს არის იმის გარანტია, რომ კრიტიკულ შემთხვევაში იცოდე თუ ვინაა პასუხისმგებელი და ვის შეიძლებოდა ხელი მისწვდომოდა ამა თუ იმ ინფორმაციაზე.
როცა ამგვარი საქმე, როგორიცაა სახელმწიფო მნიშვნელობის სერვერების კონტროლ-მოვლა დეცენტრალიზებულად და პლურარისტული პრინციპით ხდება, როცა ნებისმიერი უწყება - იქნება ეს სამინისტრო თუ დეპარტამენტი - თავადვე ირჩევს სერვერების მომსახურეთა კადრებს, თავადვე აკეთებს ამ ფირმებზე თუ პირებზე ზედამხედველობას (ანუ მოდურად - აუდიტს), მაშინ ხდება ის, რომ სახელმწიფო მნისვნელობის ინფორმაციებზე ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა, უფრო მეტად მრავალრიცხოვან და ეფექტურად არაკონტროლირებად პირებს თუ ფირმებს. ეს რათქმაუნდა ხელს უშლის ინფორმაციის გაჟონვის პრევენციას და საერთოდ არაკონტროლირებადს ხდის ინფორმაციის დამცავ აპარატს.
და საერთოდ - სერვერები და მომსახურეობა სხვადასხვა უწყებებსა და სამინისტროებს შორის უნდა იყოს კომპარტირებადი. არ შეიძლება რომ ერთ უწყებას ერთი სისტემა და მეორეს სხვა ჰქონდეს - ეს უბრალოდ აბსურდია.

მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტარები არ იქნებიან ასე გულუბრყვილონი და კიბერნეტიკულად გაუნათლებელნი, რომ ეს ელემენტარული წესები გაითავისონ.

სხვა საკითხია ის, რომ საქართველოში მაგალიტად ერთი უწყება თუ სამინისტრო არ ენდობა მეორეს და ყველაფერში ვიწრო პარტიულ-პოლიტიკური ინტენცია ხდება საეჭვოდ.
ამ პრობლემას უნდა მოგვარება და იმით, რომ მართლაც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური და მხოლოდ კონსტიტუციის მიმართ ერთგული შინაგანი დაცვის სამსახური უნდა შეიქმნას და ამ სამსახურის კონტროილის უფლება ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდოს საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც ყველა პარტიის, კოალიციის თუ ფრაქციების წარმომადგენლობით დაკომპლეტდება და კონსტიტუციაზე დაიფიცებს, რომ მოწეული ინფორმაცია ამ საპარლამენტო ჯგუფის შიგნით დარჩება.

ყველამ საკუტარ თავს მიხედეთ და ყველას კისერი გიტეხიათო - აი ეს არაა მინისტრისათვის შესაფერი პასუხი და პრობლეის გადაწყვეტის ოპცია.

ავტორი: Koperfild საიდან გვწერთ: Tbilisi
29.10.2012 23:32
არ ვეთანხმები ამ გადაწყცეთილებას...ეს არამარტო თანხებს ზრდის არამედ კიბერშეტევის წინააღმდეგ ბრძოლასაც აძნელებს... ყველას ცალ-ცალკე მოუწევს საკუთარი უსაფრთხოების დაცვა. კიბერუსაფრთხოება ამით აუცილებლად შესუსტდება.... შეისაძლებელია ყველა დაწესებულებას საკუთარი ქსელი ქონდეს რომელიც არ გაკონტროლდება, მაგრამ აუცილებელია რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება გაერთიანებული იყოს ერთ მთავარ სერვერზე რომელიც სათანადოთ იქნება დაცული კიბერშეტევისგან....
არ მესმის დემოკრატიას როგორ ემუქრება ეს როდესაც ამერიკას იგივე კონცეფციის სისტემა აქვს....(პენტაგონი უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოებას)
ჯარისკაცებმა ცალ-ცალკე რომ იბრძოლონ უკეთეს შედეგს მიიღებენ, თუ ერთად და შეთანხმებულად?!...