Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ჯარი ქალაქ თიქრითში ისლამისტებს უტევს


ერაყის არმიამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რათა თიქრითიდან, სადამ ჰუსეინის მშობლიური ქალაქიდან, განდევნოს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები. ერაყის ჯარს საჰაერო მხარდაჭერას უწევს აშშ-ის არმია და ისლამისტების პოზიციებს ბომბავს.

ქალაქი თიქრითი, რომელიც ბაღდადიდან 140 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ივნისში აიღეს. მას შემდეგ ერაყის ძალებმა რამდენჯერმე სცადეს ქალაქის დაბრუნება, თუმცა უშედეგოდ. ახლა კი ერაყის უშიშროების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აპირებენ გადამწყვეტი შეტევა მიიტანონ ქალაქზე.

ერაყის ძალები აპირებენ თიქრითს ორი მხრიდან - დასავლეთიდან და სამხრეთიდან -შეუტიონ, თუმცა მათ წინსვლას ხელს უშლის ნაღმები, გზისპირა ხელნაკეთი ბომბები და ჩასაფრებული სნაიპერები. სამაგიეროდ, მათ მხარესაა აშშ-ის ავიაცია, რომლის დახმარებითაც ერაყელებმა და ქურთებმა შეძლეს ისლამისტი ექსტრემისტებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ერაყის უშიშროების ძალებისა და ქურთების სახალხო ლაშქარ „პეშმერგას“ მიერ მოსულის წყალსაცავის აღება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ექსტრემისტებთან ბრძოლაში.

ობამას თქმით, იყო საშიშროება, რომ ტიგროსის მდინარეზე მდებარე წყალსაცავი მეამბოხეებს დაეზიანებინათ, ამას კი კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა და, სხვა უბედურებებს შორის, საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს ბაღდადში.

ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ აუცილებელია „ისლამური სახელმწიფოს“ შეკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე მთელ რეგიონს შეექმნება. მან თქვა: „ „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს უქმნის ყველა ერაყელს და მთელ რეგიონს. ისინი ამტკიცებენ, რომ წარმოადგენენ სუნიტების ინტერესებს, მაგრამ ხოცავენ სუნიტ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეწინააღმდეგებიან უცხოელთა ძალებს, მაგრამ სინამდვილეში ქირაობენ უცხოელ მებრძოლებს, რათა გაავრცელონ თავიანთი სიძულვილის იდეოლოგია. ერაყელი ხალხი უნდა გაერთიანდეს და დაიწყოს მათი განდევნა ოკუპირებული მიწებიდან, როგორც ეს მოსულის წყალსაცავთან ვნახეთ“.

პარალელურად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა განაცხადა, რომ იწყებს მასშტაბურ ოპერაციას ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად ნახევარი მილიონი ადამიანისათვის. დახმარება ძირითადად იეზიდ და ქრისტიან ერაყელებს სჭირდებათ, რომლებიც ძალადობას გაექცნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ჩრდილოეთ ერაყში. ოპერაცია 20 აგვისტოს დაიწყება. თავდაპირველად, ერაყის ქურთებით დასახლებულ ქალაქ ირბილში ავიაცია ოთხი დღის განმავლობაში ჩააფრენს კარვებს და სხვა საჭირო ნივთებს. ამას მოჰყვება სახმელეთო კოლონა, რომელიც იქ თურქეთიდან და იორდანიიდან შევა.

XS
SM
MD
LG