Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აიათოლა ალი ხამენეი: ირანის ბირთვული იარაღი „მითია“


აიათოლა ალი ხამენეი
აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი „მითს“ უწოდებს შეხედულებას, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ამ „მითზე“ მან 19 აპრილს ისაუბრა, როცა კვლავ წაუყენა მძიმე ბრალდებები ტრადიციულ მეტოქეს - შეერთებულ შტატებს.

ირანის უზენაესი ლიდერი ამტკიცებს, რომ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის აშშ და არა ირანი. „მითი ირანის ბირთვულ იარაღზე შექმნეს ამერიკელებმა, ევროპელებთან და სხვებთან ერთად, იმ მიზნით, რომ ირანი საფრთხედ წარმოსახონ. არა! საფრთხეა თვითონ ამერიკა“, -

ეს სიტყვები ირანის რელიგიურმა ლიდერმა წარმოთქვა სამხედრო სარდლებისადმი მიმართვისას, მაშინ როცა ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები აპირებენ მომავალ კვირაში განაახლონ მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მის შესაზღუდად და, სანაცვლოდ, ირანისათვის დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად.

ირანმა და ექვსეულმა, რომელშიც შედიან შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია, წლევანდელი 30 ივნისი განსაზღვრეს საბოლოო ვადად ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე შესათანხმებლად. მიმდინარე თვეში მხარეებმა ჩარჩო-შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც ცნობილია, დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება.

აიათოლა ალი ხამენეი, რომელზეც არის დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება ყველა სახელმწიფოებრივ საკითხში, აცხადებს, რომ არც ემხრობა და არც ეწინააღმდეგება ჩარჩო-შეთანხმებას და დაელოდება საბოლოო შეთანხმების მიღწევას. აქამდე ხამენეის - ისევე როგორც სხვა ირანელ ოფიციალურ პირებს - ნათქვამი აქვს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციები საბოლოო შეთანხმების გაფორმებისთანავე, მყისვე უნდა მოიხსნას, მაშინ როცა შეერთებული შტატები სანქციების ეტაპობრივ გაუქმებას ემხრობა.

19 აპრილს, ირანის ტელევიზიაში ნაჩვენები მიმართვისას, აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ირანს სამხედრო ძალით ემუქრებიან და შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გაზარდონ „თავდაცვისთვის მზადყოფნა“.

„ამერიკის რეჟიმი არის დღეს მსოფლიოსთვის უდიდესი საფრთხე თავის ჩარევით ყველგან, მსოფლიოში, სადაც კი მოესურვება, ყოველგვარი კონტროლის, ყოველგვარი რელიგიური თუ მორალური ვალდებულების გარეშე - ჩარევით, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას. ამერიკამ მსოფლიო სახიფათო გახადა. ჩვენს რეგიონში სიონისტური რეჟიმი არის ის, ვინც საფრთხეს ქმნის და ის არის ამერიკის ერთგული ფინია“, - განაცხადა ირანის რელიგიურმა ლიდერმა.

ხამენეის 19 აპრილის გამოსვლა მიჩნეულია გამოხმაურებად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ მარტინ დემპსის განცხადებაზე, რომელიც მან გასულ კვირაში გააკეთა. გენერლის თქმით, თუ ირანთან დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდა, ძალაში რჩება სამხედრო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის ხელში არ აღმოჩნდეს ბირთვული იარაღი.

ხამენეიმ თავის გამოსვლაში გააკრიტიკა აგრეთვე შეერთებული შტატების მხარდაჭერა საჰაერო დარტყმების მიმართ, რომლებიც საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ხორციელდება იემენში შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. ამასთან, თეირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ეხმარება ამ მეამბოხეებს - ჰუთიტებს. მათ შარშან დაიპყრეს იემენის დედაქალაქი სანა და კონტროლი დაამყარეს ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე. ჰუთიტების შესაჩერებლად საჰაერო კამპანია დაიწყო გასულ თვეში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შვეიცარიაში მოლაპარაკების ფონზე.

ირანის უზენაესი ლიდერის გამოსვლის კონტექსტში საყურადღებოა კიდევ ერთი განცხადება. ის ამ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა ირანის რევოლუციური გვარდიის სარდლის მოადგილემ ჰოსეინ სალამიმ. როგორც მან თქვა, რა შეთანხმებაც უნდა დადონ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებმა, უცხოელ ინსპექტორებს არ შეუშვებენ ირანის სამხედრო ობიექტებზე. არადა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში როგორც წერია, ირანს მოსთხოვენ ნებისმიერ საეჭვო ობიექტზე შეუშვას გაეროს ატომური სააგენტოს წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG