Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკება ოპტიმიზმის გარეშე


საიდ ჯალალი, ირანის წარმომადგენელი და კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.
საიდ ჯალალი, ირანის წარმომადგენელი და კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.
ექვსი ბირთვული სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლები ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში შეიკრიბნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამსჯელოდ. იმის გამო, რომ მოლაპარაკება ირანის საკითხზე უკვე 10 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, ანალიტიკოსები არც ამ შეხვედრიდან ელიან რაიმე გარღვევას.

ბირთვული ექვსეულის წარმომადგენლები ალმა-ათაში მთელი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომლის მიმართაც მხარეთა პოზიციებს შორის ამავე ფორმატის მოსკოვის ივნისის უშედეგო შეხვედრაზე დიდი ნაპრალი გამოჩნდა. თუმცა მოლაპარაკებაში ჩართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის თანაშემწე მაიკლ მანი ვარაუდობს, რომ ალმა-ათის შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ბიძგს მისცემს თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული 10-წლიანი ჩიხური ვითარებიდან საბოლოო გამოსავლის მოძებნას:

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეთრინ ეშტონი, E3+3-ის (ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ის) წარმომადგენლებთან ერთად, მოწოდებულია, დიპლომატიის გზით გადაიჭრას ირანის ბირთვული პრობლემა. ირანს უნდა ესმოდეს, რომ მოლაპარაკებებში კონკრეტული და არსებითი პროგრესის მიღწევა გადაუდებლად საჭიროა, ხოლო ალმა-ათის შეხვედრა რეალურ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ სერიოზულ მოლაპარაკებებში მონაწილეობით კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგას ნდობის მოსაპოვებლად, რამაც შესაძლოა გვაპოვნინოს გზა გრძელვადიან, ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.“
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთავაზება, ჩვენი ახალი წინადადება არა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას შეესატყვისება, არამედ ის ასევე უპასუხებს თავად ირანის იდეებსაც...
მაიკლ მანი

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ზესახელმწიფოები აპირებენ შესთავაზონ ირანს ზოგიერთი სანქციის შემსუბუქება, სახელდობრ, ირანის ოქროთი და ძვირფასი მეტალებით ვაჭრობასა და ასევე ზოგიერთი სახის საეთაშორისო საბანკო ოპერაციებზე. მაიკლ მანს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის თანაშემწეს, არ დაუზუსტებია დეტალები ამ შეთავაზებისა, თუმცა მიანიშნა, რომ იგი ირანს გარკვეული „მოქნილობის გამოჩენის“ შესაძლებლობას მისცემს:

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთავაზება, ჩვენი ახალი წინადადება არა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას შეესატყვისება, არამედ ის ასევე უპასუხებს თავად ირანის იდეებსაც.“

ამ შეთავაზებების პასუხად, ბირთვული სახელმწიფოები მოელიან, რომ ირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრების პროცესზე, რაც შესაძლოა ატომური ბომბის შექმნით დასრულდეს.

ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას და უარყოფს ბრალდებებს, თითქოს იგი ატომური იარაღის შექმნას ესწრაფოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ ირანის დელეგაციის წევრს, მაჰმუდ მოჰამედსაც აქვს მომზადებული წინადადებები, რომლებსაც იგი ალმა-ათის მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესთავაზებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG