Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიის რესპუბლიკა, როგორც საქართველოს საფრანგეთი


გამომცემლობა "აზრმა" წელს დაბეჭდა ირაკლი მახარაძის "გურიის რესპუბლიკა", ქვესათაურით "გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში".

ირაკლი მახარაძე უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია და ყველა ეს წიგნი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მკვლევარის გამორჩეული უნარით უხვი დოკუმენტური მასალის საფუძველზე გააცოცხლოს ისტორიები, დახატოს ობიექტური სურათი, გვაჩვენოს აღწერილი მოვლენების კონტექსტები. ასეთივეა ეს წიგნი, რომელსაც - არც მეტი, არც ნაკლები - 470 სქოლიო ერთვის და სქოლიოთა უმრავლესობა იმ წყაროებს მიუთითებს, საიდანაც კონკრეტული ფაქტია მოყვანილი თუ ციტატა დამოწმებული. მხოლოდ ამ სრულიად სხვადასხვა და იშვიათ წყაროებზე თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმის დასანახად, თუ რამოდენა შრომა გასწია ავტორმა, რათა ამ უცნაური და დღემდე ნაკლებად ცნობილი ფენომენის - გურიის რესპუბლიკის - წარმოქმნის წინაპირობები, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-ფსიქოლოგიური ფონი კარგად ეჩვენებინა და დეტალურად აღეწერა საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიმდინარე პროცესები. ირაკლი მახარაძე პროფესიით კინორეჟისორია და წიგნის კითხვისას კინორეჟისორის თვალი იგრძნობა. აუარება მასალის ოსტატურად დამონტაჟების უნარი წიგნს გაუნელებელი ინტერესით გაკითხებს. დღეს "გურიის რესპუბლიკის" ავტორი ჩვენი სტუმარია და საუბარი დავიწყეთ იმით, თუ როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა და როგორ მიდიოდა მასზე მუშაობა.

ირაკლი მახარაძე
ირაკლი მახარაძე

ირაკლი მახარაძე: „ამ წიგნის შექმნის იდეა გაჩნდა, დაახლოებით, 15-16 წლის წინათ, როდესაც ვეძებდი მასალებს გურულ მხედრებზე და ფირალებზე. გასაგებია, როდესაც გურულებზე ეძებ მასალებს, თან მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე, შეუძლებელია ერთხელ მაინც არ შეგხვდეს ტერმინი "გურიის რესპუბლიკა", და ძალიან დამაინტერესა და ამ რამდენიმე ხნის წინათ მივხვდი, რომ უამრავი მასალა მქონდა შეგროვებული, რომელიც არ მქონდა გამოყენებული, და გადავწყვიტე, რომ დამეწერა წიგნი გურიის რესპუბლიკის შესახებ, იმიტომ რომ ჩემთვის გაუგებარი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში ამ თემაზე რატომ არავის არაფერი უთქვამს. არ ვგულისხმობ ერთი-ორ სტატიას, რომელიც იყო კომუნისტების დროს "საბჭოთა სამართალში" დაბეჭდილი და, თუ არ ვცდები, ბენია ჩხიკვიშვილი, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საერთოდ არ იყო მოხსენიებული. გასაგებია, რატომ. იმიტომ რომ ის იყო სოციალ-დემოკრატი, რომელიც 1924 წელს, აჯანყებისას, საფრანგეთიდან უკან დაბრუნდა და, სხვებისგან განსხვავებით, კი არ თანამშრომლობდა წითლებთან და ბოლშევიკებთან, არამედ მათ ებრძოდა. ის დაიჭირეს და დახვრიტეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეიძლებოდა გურიის რესპუბლიკაზე საუბარი კომუნისტებსაც გამოეყენებინათ თავიანთ სასარგებლოდ: აი, ცარისტულ რუსეთს როგორი წინააღმდეგობა გაუწია ერთმა პაწაწინა კუთხემ. და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საჭიროა გაიგონ, რომ ეს არ არის სეპარატიზმი, როგორც ზოგჯერ ქირქილებენ ხოლმე, ეს იყო ამ კუთხის ხალხის ნება, გამოვლინება, რომ თავისუფლად ეცხოვრათ“.

თავისუფლად ცხოვრების სურვილი სრულიად გასაგები რამაა, მაგრამ რამ გაამძაფრა გურულებში ეს ვნება იქამდე, რომ უზარმაზარი იმპერიის საზღვრებში მოქცეულებს საკუთარი ჯუჯა რესპუბლიკის ჩამოყალიბების იდეა გაუჩნდათ? ეს იყო მძიმე პოლიციური რეჟიმი, უკიდურესი სიღატაკე, მიწის სივიწროვე, მაღალი საიჯარე გადასახადები, ხელისუფლებასთან შეკრული ეკლესია... და ყოველივე ამის ფონზე ჩნდება რევოლუციური იდეები, რომელთა ქადაგებას უმეტესწილად "დასელები" აწარმოებენ, და ამ იდეებს "მკვირცხლი და ფხიზელი გურულები" მალე უღებენ ალღოს. ამ ყოველმხრივ დამთრგუნველ რეჟიმს ისინი ეფექტურ პასუხს უძებნიან: ბოიკოტს. გლეხები ერთმანეთის გვერდით დგებიან, ფიცს დებენ და უარს აცხადებენ გადასახადების გადახდაზე, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, არ იღებენ ეკლესიის მსახურების ქადაგებას მორჩილებაზე, რადგან ხვდებიან, რომ ამ ქრისტიანულმა მორჩილებამ ფერი ცუდად იცვალა. თუკი მათ შორის ვინმე პირს გატეხავს, ის ბოლომდე გარიყული რჩება. მეტიც, შეიძლება სიკვდილმაც უწიოს. ანუ ბოიკოტის მშვიდობიან ფორმასთან ერთად თანაარსებობას იწყებს ტერორი - ტერორი მოღალატეების მიმართ, ტერორი რეჟიმის წარმომადგენლებისადმი, ტერორი ბრძოლისთვის საჭირო თანხების თუ იარაღის მოსაპოვებლად. გურული სიფიცხე, ერთი მხრივ, წინააღმდეგობის უნარს აათკეცებს მათში, მეორე მხრივ კი, ეს სიფიცხე საშინელ სისასტიკეში გადადის. ეს შუქ-ჩრდილები წიგნში შესანიშნავადაა ნაჩვენები. საბოლოო ჯამში, ბევრი სისხლის ფასად გურულები სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც აღწევენ იმას, რომ თავად მართონ საკუთარი კუთხე. და სწორედ ამ მომენტიდან განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რა ხდება მათი პრიორიტეტები. მოვუსმინოთ კვლავ ირაკლი მახარაძეს.

ირაკლი მახარაძე: „უნდოდათ, რომ ნორმალურად ესწავლათ. როცა შეეკითხა მეფის ნაცვლის წარმომადგენელი, თქვენ რუსული არ გინდათო? უპასუხეს: როგორ არ გვინდა, ჩვენ რუსულიც გვინდა ვიცოდეთ და სხვა ენაცო. მერე უნდოდათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო უკლებლივ ყველას, და გურულები პირველები არიან, ვინც "ციცები", ანუ ქალები, დაუშვეს არჩევნებში. 1917 და 1920 წლებში აშშ-ში და რუსეთში დაუშვეს მხოლოდ არჩევნებში ქალების მონაწილეობა, ხოლო შვეიცარიაში - 1973 წელს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გურულები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ასეთი რამ გააკეთა. მერე კიდევ: სასამართლო სისტემა მათ ჰქონდათ უმაღლეს დონეზე აყვანილი და საინტერესოა, რომ იყო ასეთი დიპლომატი და მოგზაური, ლუიჯი ვილარი, რომელიც მოგზაურობდა საქართველოში 1905 წელს, მას წიგნიც აქვს გამოცემული, სადაც ერთ თავს ასევე ჰქვია - "გურიის რესპუბლიკა", აღწერს, რომ ვორონცოვ-დაშკოვს როდესაც შეხვდა თბილისში, მან უთხრა ასეთი რამ: გურულების სასამართლო უკეთესად ასრულებს მართლმსაჯულებას, ვიდრე ჩვენიო. ახლა ეს რომ ვინმე სხვას ეთქვა, ვიტყოდი, "რაცხას ბჟუტურობს", მაგრამ ნამდვილად ასეთი რამ ხდებოდა. მერე, სწავლა-განათლება! სპეციალურად შეიმუშავეს, ამისთვის იყო გამოყოფილი კომისია, რომელიც თბილისში ჩავიდა, შემდეგ ჩავიდა ქუთაისში, იქ რაღაც კრებები მოაწყვეს, რათა გადაეწყვიტათ, რანაირად ესწავლათ ბავშვებს. მოზღვავება იყო ბავშვების ისეთი, რომ ვერ აუდიოდნენ, ამიტომ მიდიოდა სკოლების გამალებული მშენებლობები. გურიაში ყოველთვის ეტანებოდნენ სწავლა-განათლებას. უკანასკნელს გაიხდიდა გურული გლეხი, რომ თავისი შვილისთვის რამე ესწავლებინა. აქ შეჯიბრებაც იყო გურულებს შორის: ჩემმა ბაღანამ არ უნდა ისწავლოს და მეზობლის ბაღანამ ისწავლოს, მიიღოს განათლებაო? ესეც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ გლობალურად, როგორც აღნიშნავენ, დავიმოწმებ რუსულ გაზეთებს, გურია გამორჩეული იყო იმით, რომ იქ უფრო მეტი სკოლა იყო, ვიდრე რუსეთის ნებისმიერ გუბერნიაშიო. იყო ასეთი ჟურნალისტი, კონსტანტინე გვარამაძე, რომელმაც გურიას უწოდა "საქართველოს საფრანგეთი". და ბახვის მანიფესტი 1905 წელს! - როდესაც კრიმ-გირეისთან, მეფისნაცვალის წარმომადგენელთან, მოხდა შეხვედრა, რა გინდათ თქვენო, შეეკითხა ის, და წარუდგინეს უზარმაზარი არზა. მას დაჰყვებოდა ცნობილი ეთნოგრაფი და პოლიტიკური მოღვაწე აპოლონ წულაძე - მერე გააქრეს ბოლშევიკებმა - და მან გადაულაპარაკა, ამათ ჩვენ კი არა, საფრანგეთის რესპუბლიკა ვერ დააკმაყოფილებს, ისეთი რაღაცები უნდათო. კი, გასაგებია, რომ შეიძლება გადამეტებულად ბევრი უნდოდათ, მაგრამ თავისი ამბავი მაინც რაღაც ვარიანტში გაიტანეს, ცოტა ხნით მაინც იგემეს თავისუფლება“.

ყოველთვის მინდოდა მიმეტანა ის მესიჯი მკითხველამდე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი მოწინააღმდეგე გიდგას წინ. იმიტომ რომ, თუ არ იბრძოლებ, უფრო მაგრად ჩაგქოლავენ და გურულების მაგალითზე მე ეს ძალიან კარგად ვნახე...
ირაკლი მახარაძე

ძალიან საინტერესოა ის გამოხმაურებები, რასაც მაშინ გურულების ეს წინააღმდეგობა და მათი თვითმმართველობა იწვევდა. აი, თუნდაც ლევ ტოლსტოი, რომელიც გამოეხმაურა ამ მოვლენას და გურულებს რჩევა-დარიგებებიც კი მისცა. საინტერესოა დანარჩენი საქართველოს დამოკიდებულება გურიის რესპუბლიკისადმი. ჩანს, სხვა კუთხეები როგორ ცდილობდნენ გვერდში დასდგომოდნენ გურულებს, როგორ ცდილობდა ქართული საზოგადოება, მოახლოებული საფრთხე აერიდებინა მათთვის, როგორ ერთვებოდნენ ისინი დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. ასეთი დელეგაციების ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძეც იყო ხოლმე, რომელსაც ერთ ასეთ კრიზისულ მომენტში ასეც კი უთქვამს, "ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო", ვაჟა-ფშაველას კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო. მიუხედავად ასეთი მძიმე ფონისა, გურულების ამ ისტორიას, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მათი იუმორის გამოვლინებების გარეშე ჩაევლო და მათი ხასიათის ეს თვისებაც კარგად ირეკლება წიგნში. ერთი სიტყვით, ირაკლი მახარაძის ამ ნაშრომში ბევრ საყურადღებოს ამოიკითხავთ. დაბოლოს, მაინც რაზეა ეს წიგნი, საუბრის ბოლოს ვკითხე ავტორს.

ირაკლი მახარაძე: „ყოველთვის მინდოდა მიმეტანა ის მესიჯი მკითხველამდე, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი მოწინააღმდეგე გიდგას წინ. იმიტომ რომ, თუ არ იბრძოლებ, უფრო მაგრად ჩაგქოლავენ და გურულების მაგალითზე მე ეს ძალიან კარგად ვნახე. მე არ ვამბობ, რომ ხელში უნდა ავიღოთ თოფი და ტყეში გავვარდეთ ფირალებად და იქიდან ვიბრძოლოთ. არა, მაგრამ როგორც გურულები ებრძოდნენ და ჩვენ კარგად გვაჩვენეს, რომ შედეგი მოაქვს ამას, დაახლოებით ასეთ კონტექსტში უნდა ვიმოქმედოთ ჩვენც“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG