Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება რუსეთში 2013 წელს და შემდეგ?


2012 წელი თითქოს რუსეთში ცვლილებების წელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვინც დიდ ძვრებს მოელოდა, მოტყუვდა. რას მოიტანს 2013? ჩვენს კოლეგას, ბრაიან უიტმორს, ამის თაობაზე თავისი ვარაუდები აქვს. 2012 წელი რუსეთის ცენტრებში საპროტესტო გამოსვლებით ხასიათდება. ეს იმის ნიშანია, რომ საშუალო ფენას ცვლილებები სურს. მაგრამ წლის ბოლოსკენ საპროტესტო მუხტი მინავლდა. ოპოზიციამ ვერ მოახერხა პრეზიდენტად ახლად არჩეული პუტინისთვის საგრძნობი დარტყმის მიყენება, მაგრამ პუტინიც ვერ წავიდა ისე შორს, რომ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილები სრულად დაადუმოს. ბრიტანეთში გამომავალი „ეკონომისტის“ მიმომხილველი ედუარდ ლუკასი თვლის, რომ პუტინის ეპოქის დასასრულს არ მივახლოვებივართ, მაგრამ მისი დასასრულის დასაწყისთან კი ვდგავართ. სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს ამ ტენდენციას და მათზე ლაპარაკობს ჩვენი კოლეგა, ბრაიან უიტმორი. პირველი ნავთობს და გაზს, მათ ექსპორტს, მათგან შემოსულ მოგებას და შერყეულ კეთილდღეობას ეხება. რუსეთის ეკონომიკის შესახებ სტერეოტიპული შეხედულება არსებობს, რომ ის ამ ორ სვეტს ეყრდნობა, ნავთობსა და გაზს. უიტმორი ფიქრობს, რომ 2013 წლის განმავლობაში ეს ორივე, ასე ვთქვათ, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, რომელიც ახლა ერთ ბარელზე 90 და 100 დოლარს შორის მერყეობს, ერთობ არამყარია. მისი საგრძნობი ვარდნა კატასტროფულ შედეგს მოასწავებს რუსეთის ეკონომიკისთვის. ენერგეტიკისა და ეკონომიკის ექსპერტების თანახმად, რუსეთის ბიუჯეტი მხოლოდ მაშინ დარჩება წონასწორობაში, თუ ნავთობის ფასი ითამაშებს 100 და 110 დოლარს შორის. ხუთი წლის წინ რუსეთის ბიუჯეტის ბალანსი 50-55 დოლარის პირობებშიც იყო შესაძლებელი. ახლა კი გაზის ბაზარზე დომინანტის როლს რუსეთი ვეღარ თამაშობს, რადგან მას კონკურენციის გაწევა დაუწყეს ენერგიის ახალმა წყაროებმა, როგორიცაა ფიქლის გაზი და თხევადი ბუნებრივი აირი. ეროვნული უშიშროების საკითხების მკვლევარი, პროფესორი ნიკოლას გვოზდევი, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო კოლეჯში მსახურობს, ფიქრობს, რომ ეს რუსეთს დიდ სიძნელეებს შეუქმნის:

„რუსებს იგივე პრობლემები გაუჩნდებათ, რაც საუდის არაბეთს ჰქონდა 1980-იან წლებში, ენერგომატარებლების ფასების დაცემის სახით“.
გაზის და ნავთობის ფასების ერთმანეთისგან დაშორებამ, თხევადი აირის დიდი რაოდენობით გამოჩენამ მსოფლიო ბაზარზე, ფიქლის გაზის წარმოების ზრდამ - ამ ყველაფერმა შეამცირა რეჟიმის შესაძლებლობა ...
ედუარდ ლუკასი

ეს რთული პერიოდი, როცა „პეტროდოლარები“ ამაგრებდა რუსეთის ეკონომიკას და საპოხის როლს ასრულებდა პუტინის პოლიტიკური მანქანისთვის, თავისი დასასრულისკენ მიდის. 2013 წლის საკვანძო შეკითხვაც ეს არის, თვლის უიტმორი, როგორ უპასუხებს ამ გამოწვევას პოლიტიკური სისტემა. იმ პირებმა, ვისაც რუსეთის ეკონომიკაში სიტყვა ეთქმის, პრემიერის მოადგილე არკადი დვორკოვიჩმა და ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა, ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესახებ და ტრადიციულ ენერგომატარებლებზე მისი სახიფათო დამოკიდებულებისგან განთავისუფლების საჭიროებაზე არაერთხელ ილაპარაკეს. პუტინიცა და მედვედევიც გამოდიოდნენ ამგვარი მოწოდებებით, მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვის დონეზე რჩებოდა. უიტმორი თვლის, რომ ამ მიდგომას განხორციელება უჭირს რუსეთის ელიტის გავლენიანი ფიგურების, მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრის, პუტინის ძველი ახლობლის, იგორ სეჩინის მსგავსი ძალების წინააღმდეგობის გამო. მაგრამ ამ უმოქმედობის მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ, თვლის ანალიზის ავტორი და აზუსტებს, რომ ეკონომიკის დივერსიფიკაციას უნდა მოჰყვეს დეცენტრალიზაცია, ეკონომიკის სხვა, ალტერნატიული ცენტრების შექმნა. თუ ეს მოხდა, პოლიტიკური ძალუფლების ახალი ცენტრებიც შეიძლება შეიქმნას, აცხადებს ედუარდ ლუკასი:

„გაზის და ნავთობის ფასების ერთმანეთისგან დაშორებამ, თხევადი აირის დიდი რაოდენობით გამოჩენამ მსოფლიო ბაზარზე, ფიქლის გაზის წარმოების ზრდამ - ამ ყველაფერმა შეამცირა რეჟიმის შესაძლებლობა, იქონიოს შემოსავალი ბუნებრივი რესურსებისგან. ამ შემოსავლების მოგროვება და განაწილება კი ამ მოდელისთვის ცენტრალურია“.

ბუნებრივი რესურსების შემცირებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის უქონლობის პირობებში, რუსეთის ხელისუფლებამ, ჩანს, გადაწყვიტა, რომ რეფორმირება სჭირდება სოციალური კეთილდღეობის სისტემას. მაგრამ ასეთი ცვლილებები პოლიტიკურ რყევებს იწვევს, მით უმეტეს, ისე ვითარებაში, როცა პუტინის მთავარი მხარდამჭერები პროვინციის ღარიბი მოსახლეობა და მუშათა კლასია. კრემლს დღემდე უწევს ბრძოლა იმ ძალასთან, რომელმაც 2005 წელს პროტესტს მიმართა სოციალური კეთილდღეობის ქსელის რეფორმირების გამო.
ახალგაზრდების ხელშეწყობას და ცვლილებას სჭირდება ინსტიტუციური მექანიზმები. თუ ეს არ არსებობს, ჩნდება პრობლემა, რადგან ახალგაზრდა თაობა იმედგაცრუებულია ...
ნიკოლას გვოზდევი

მეორე ფაქტორი, რომელიც ანალიზის საგნად აქცია ბრაიან უიტმორმა, არის კონფლიქტი თაობებს შორის რუსეთის ხელისუფლებაში, საერთოდ, რუსეთის პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში. როცა პუტინი 2000 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ის „კა-გე-ბე-ს“ ყოფილი აგენტი იყო, ახალგაზრდა ენერგიული ლიდერი, მით უმეტეს, თავის წინამორბედ, ბორის ელცინთან შედარებით. ათ წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე. პუტინი და მისი თაობა, საფიქრებელია, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებს სულ მცირე 2018 წლამდე, შეიძლება 2024- მდეც. და იმ დროისთვის მმართველი წრის საშუალო ასაკი 70-ს მიაღწევს. ასე რომ, არ არის გამორიცხული თაობებს შორის დაპირისპირება - ამ მმართველ, უკვე ხანში შესულ და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველ თაობას, ახალგაზრდებს შორის, თვლის უიტმორი, რომლის ნათქვამს განამტკიცებს გვოზდევი:

„ახალგაზრდების ხელშეწყობას და ცვლილებას სჭირდება ინსტიტუციური მექანიზმები. თუ ეს არ არსებობს, ჩნდება პრობლემა, რადგან ახალგაზრდა თაობა იმედგაცრუებულია, აღარ სწამს, რომ სისტემაში წინსვლა მოელის. და თუ ყველა გზა ჩაკეტილია, ეს დაძაბულობას ქმნის“, ამბობს გვოზდევი, რომლის აზრითაც, სახიფათო ვითარება იქმნება, როცა ახალგაზრდების ენერგია ცდილობს შეიჭრას ხელისუფლებაში, ჩაენაცვლოს სხვებს.

თუ როგორ განვითარდება ეს თაობათა შორის უთანხმოება, ასევე გამოჩნდება 2013 წელს, ფიქრობს ბრაიან უიტმორი, რომელიც იხსენებს, რომ თავისი პრეზიდენტობის დროს დმიტრი მედვედევმა ინციატივა გამოიჩინა და კრემლში მიიწვია ახალგაზრდა, როგორც იქ უყვართ თქმა, კადრები. ამით, ანალიტიკოსების აზრით, მედვედევმა თაობათა შორის განხეთქილებას პოლიტიკური ელემენტი შემატა. სოციოლოგმა ოლგა კრიშტანოვსკაიამ „ნეზავისიმაია გაზეტას“ უთხრა, რომ თაობათა შორის ნამდვილი განხეთქილება მოხდა მედვედევის მეოხებით, როცა მან ადმინისტრაციაში ზემოხსენებული ნაბიჯი გადადგა. კრიშტანოვსკაიას თანახმად, კონსერვატული, ასაკოვანი ნაწილი ელიტისა გააღიზიანა ამ ნაბიჯმა და მან პუტინის მხარე დაიკავა. ახალგაზრები მედვედევს ამოუდგნენ მხარში იმ იმედით, რომ მათ დააწინაურებდნენ, თუ ის დარჩებოდა თანამდებობაზე. სოციოლოგის დაკვირვებით, მედვედევის მიერ მოყვანილი ხალხი უფრო გახსნილია და მეტი პლურალიზმის ნიშნებს ავლენს. მისივე თქმით, ზოგიერთი მიმომხილველი თვლის, რომ ეს ლიდერები ოპოზიციას ფინანსურ დახმარებასაც კი უწევენ. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაიბადა, თავს არათუ არ უწოდებს პოსტსაბჭოთას, მას თავი „არასაბჭოთად“ მიაჩნია. მათ, უთხრა მოსკოვის კარნეგის ცენტრის მკვლევარმა მაშა ლიპმანმა ჩვენს რადიოს, თავი სახელმწიფოს ვასალად აღარ მიაჩნიათ, ისინი თავისუფლად მოაზროვნეები არიან - ეს ის თაობაა, რომელიც რუსეთის გამოღვიძებას მოიტანს და ეს პროცესი გარდაუვალიაო.
XS
SM
MD
LG