Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიდის აგვისტოს ომის გამოძიება


ფადი ელ აბდალა
ფადი ელ აბდალა

გასულ კვირას თბილისს სტუმრობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები, რომლებმაც საინფორმაციო შინაარსის შეხვედრები გამართეს მედიის, სამოქალაქო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებთან. საქართველოში ვიზიტის მიზანი ჰააგის სასამართლოს მუშაობის პრინციპებისა და გამოცდილების გაცნობა იყო - მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა 2016 წლის იანვრის ბოლოს მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიების დაწყების ნებართვა. გამოძიების პერიოდი, რომელიც ჰააგის სასამართლომ განსაზღვრა, 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. გამოძიების მიმდინარეობისა და თბილისში ვიზიტის შესახებ რადიო თავისუფლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერს, ფადი ელ აბდალას ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა იყო საქართველოში თქვენი ჩამოსვლის მთავარი მიზანი?

ფადი ელ აბდალა: მთავარი მიზანი ამ ჯერზე ჩვენი საქართველოში ჩამოსვლისა იყო შეხვედრა მედიასთან, მმართველი გუნდისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების არსი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ხალხს მივაწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია, თუ ვინ ვართ, როგორ მიდის პროცესი და რა გაკეთდა ამ დროისათვის. არ გვინდა, რომ ხალხში უსაფუძვლო იმედი და არასწორი მოლოდინები არსებობდეს.

რადიო თავისუფლება: გამოძიების ეტაპზე მინდა გკითხოთ - რა ვითარებაა დღეს, რა ეტაპზეა პროცესი და რას უნდა ელოდოს საქართველოს მხარე ამ გამოძიებისგან?

ფადი ელ აბდალა: სისხლის სამართლის საერთაშორისოსასამართლოს პროკურორმა, როგორც ცნობილია, გამოძიება ოფიციალურად გასულ იანვარში დაიწყო და ახლა პროკურორის ოფისის გუნდი მტკიცებულებებს აგროვებს. არსებობს სხვადასხვანაირი გზები როგორც მტკიცებულებების მოგროვებისა, ისე, ზოგადად, გამოძიების წარმართვის. ეს მთელ რიგ გარემოებებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული, მაგრამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება კონფიდენციალური უნდა იყოს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროკურორი ჩათვლის, რომ მტკიცებულება საფუძვლიანია, შეიძლება კონკრეტული პირის მიმართ საქმე აღიძრას, თუმცა ესეც შეიძლება არ გახდეს საჯარო.

რადიო თავისუფლება: თქვენ არასამთავრობო სექტორი ახსენეთ. შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ არიან ისინი ჩართულები ამ პროცესში ან როგორ თანამშრომლობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან?

ფადი ელ აბდალა: არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ შემთხვევაში დაახლოებით ისეთივეა, რაც მედიისა - იყოს კარგად ინფორმირებული ICC-ის შესახებ. მედიას ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელსაც ინფორმაციას აწვდის, ხოლო სამოქალაქო სექტორს ხშირად დამატებით სხვა კავშირებიც აქვს. მას შეუძლია მოიცვას საზოგადოების ძალიან კონკრეტული ნაწილი და ასეთ კონტაქტს ხანდახან ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, შეიძლება მათ უკვე ჰქონდეთ გზა გაკვალული და ნდობა მოპოვებული კონკრეტულ თემთან.

ფადი ელ აბდალა
ფადი ელ აბდალა

რადიო თავისუფლება: საქართველოს მთავრობის ჩართულობაზე რას გვეტყვით? მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიების პროცესში პროკურორ ფატუ ბენსუდას სრული მხარდაჭერის პირობა მისცა. საინტერესოა, თუ თანამშრომლობს დღეს საქართველოს მთავრობა გამოძიებასთან, თუ უწევს გარკვეულ დახმარებას?

ფადი ელ აბდალა: დიახ, საქართველოს მთავრობა ყოველთვის აცხადებდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის მზაობას და, არსებითად, სწორედ ამ დახმარების შემადგენელი ნაწილი და დასტურია ჩვენი აქ ყოფნაც და გამართული შეხვედრებიც. გამოძიებაზე კი ისევ და ისევ, მისივე კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ის წარმატებით გაგრძელდეს, მეტს ვერაფერს გეტყვით.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება გამოძიების ხანგრძლივობაზე გკითხავთ - რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს?

ფადი ელ აბდალა: საკმაოდ რთულია ამის წინასწარ თქმა სხვადასხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ გამოძიება უამრავ გარემოებას უკავშირდება. პროცესი შესაძლოა გართულდეს, შესაძლოა, პირიქით, ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი გამოჩნდეს. გააჩნია რამდენად იოლად მოაგროვებენ საჭირო მტკიცებულებებს. თუმცა ეს პროკურორის ოფისის სტრატეგიაზეც იქნება დამოკიდებული - ჯერ ერთ შემთხვევას გამოიძიებს და იქნება შედეგი, შემდეგ მეორეს თუ როგორ. ამიტომ გვიჭირს დავასახელოთ ზუსტი დრო, თუ რამდენ ხანს შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს.

რადიო თავისუფლება: ე. წ. რეპარაციაზე, ზიანის ანაზღაურებაზეც, გვითხარით რამდენიმე სიტყვა. რას უნდა ელოდონ გამოძიებისგან საჩივრების ავტორები, აგვისტოს ომის მსხვერპლნი?

ფადი ელ აბდალა: ყველაზე მთავარი რამ, რაც ამ ეტაპზე უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, თუ კონკრეტულ პიროვნებას დამნაშავედ ცნობენ. რადგან ამ ეტაპზე კონკრეტული ინდივიდების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს, ძალიან ადრეა ჯერ ამაზე საუბარი. მაგრამ, ზოგადად, ისიც უნდა განვმარტოთ, რომ რეპარაცია ყოველთვის არ ნიშნავს ზიანის ფინანსურ ანაზღაურებას, ფულად კომპენსაციას. ეს შეიძლება იყოს სიმბოლური ანაზღაურებაც - როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური. ამის გადაწყვეტა მხოლოდ სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებს შეუძლიათ ისევ და ისევ პირის დამნაშავედ ცნობის შემდეგ და იმ რესურსების გათვალისწინებით, რისი შესაძლებლობაც იმ მომენტისათვის იქნება.

რადიო თავისუფლება: და რა სასჯელი შეიძლება ელოდეთ დამნაშავეებს?

ფადი ელ აბდალა: თუ ისეთი შემთხვევაა, რომ პირის მიმართ საქმე აღძრულია და ის დამნაშავედ იქნა ცნობილი, სასჯელის მაქსიმუმი 30 წლით თავისუფლების აღკვეთაა, ხოლო თუ მოსამართლეები გადაწყვეტენ, რომ საქმეში არსებობს გამონაკლისი დამამძიმებელი გარემოებები, მაშინ განაჩენი, შესაძლოა, იყოს თავისუფლების აღკვეთა სიცოცხლის ბოლომდე.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობაზეც გკითხავთ.

ფადი ელ აბდალა: რუსეთი მონაწილეობდა წინასასამართლო გამოძიებაში. პროკურორის ოფისის წარმომადგენლებიც იყვნენ რუსეთში, აანალიზებდნენ ვითარებას, ხოლო მას მერე, რაც გამოძიება ოფიციალურად დაიწყო, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან, მაგრამ, ისევ და ისევ გამოძიების კომფიდენციალურობიდან გამომდინარე, საჯაროდ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ დისკუსიის შესახებ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG