Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აღარ ეძებს ინტერპოლი ზურაბ ადეიშვილს


საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ინტერპოლის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარის გაუქმებამ. მთავარი პროკურატურა ირწმუნება, რომ ინტერპოლმა ის ფაქტის წინაშე დააყენა და საკითხში ჩარევა შეუძლებელი იყო. მომხდარი აკვირვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ოპოზიციური ფლანგი კი ხელისუფლების უნიათობასა და პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობს.

მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლის წერილი 9 აპრილს მიიღო, თუმცა უწყებას ამის შესახებ არაფერი უთქვამს 14 აპრილამდე, ვიდრე ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სხვა გზებით არ გავრცელდა. სამშაბათ საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავარი პროკურატურა იუწყება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიიღო და არც დამატებითი არგუმენტაციისა თუ დოკუმენტაციის წარდგენა მოუთხოვია.

„შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის“, – ვკითხულობთ 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში და აქვე მთავარი პროკურატურა ძებნის შეწყვეტის ძირითად საფუძველსაც ასახელებს:

„ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი“.

ამის შემდეგ მთავარ პროკურატურას დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია და უწყებაში მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერც რადიო თავისუფლებამ შეძლო. ექსპერტების ვარაუდით, ლტოლვილის სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყანა შესაძლოა იყოს უნგრეთი, სადაც ზურაბ ადეიშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა, თუმცა ვარაუდები უკავშირდება უკრაინასაც, სადაც ის, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დამოუკიდებელი მრჩევლის სტატუსით მუშაობს.

ინტერპოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მედიის გარდა, მეტ განმარტებას ელოდება საპარლამენტო უმრავლესობაც. როგორც, მაგალითად, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, თუკი დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია არ გავრცელდება, მთავარ პროკურატურას განმარტებების გაკეთება პარლამენტში მოუწევს.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. ყოველივე ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპოლის მიერ გადადგმული ნაბიჯი აკვირვებს:

„ჩვენმა მთავრობამ, რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. ადეიშვილიც მივეცით პასუხისგებაში – იყო ძებნაში, არის ძებნაში და რჩება ძებნაში და ასევე ყველა ის დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს დანაშაულებრივი სისტემა. ეს რომ ყოფილიყო არასაკმარისი ან არაარგუმენტირებული, ინტერპოლი, რა თქმა უნდა, არ დასვამდა ადეიშვილს წითელ ცირკულარზე“.

იმას, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი სწორად გააკეთა, არ ეთანხმებიან პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა, აღნიშნა, მთავარ პროკურატურას კომპეტენტურობა და დამოუკიდებლობა აკლია:

„პროკურატურა საჭიროებს რეფორმირებას, – უმოკლეს დროში, უსწრაფესად, – კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას და, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, პოლიტიკიდან აბსოლუტურად გამიჯვნას და მის სრულ დეპოლიტიზებას“.

პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიის ლიდერები თვლიან, რომ ინტერპოლის გადაწყვეტილებამ საქართველოში პოლიტიკური დევნის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მართალია, წითელი ცირკულარის გაუქმება ამა თუ იმ პირის გამართლებას არ ნიშნავს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ინტერპოლის გადაწყვეტილება ძირითადად პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს ეფუძნება. ამ პრინციპის მტკიცედ დაცვას ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი მოითხოვს. დავით ჯანდიერის თქმით, პროცესი დინამიკურია და ინტერპოლი აკვირდება ყველაფერს მას შემდეგაც, რაც ამა თუ იმ პირის მიმართ ის წითელი ცირკულარით გამოაცხადებს ძებნას. მათ შორის, ექსპერტის თქმით, ყურადღება ექცევა ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას ამა თუ იმ საქმესთან ან ბრალდებულთან მიმართებით.

„წითელ ცირკულარში ჩასმა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სამუდამოა. მისი მოხსნა შესაძლებელია არა მხოლოდ იმავე თხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე, – თუკი, ვთქვათ, პირი დაკავებულ იქნა, - არამედ ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად ჩაითვლება, თუკი შესაბამისი პირის საკითხი აღარ აკმაყოფილებს პირობებს, რომლებიც არსებობდა ძებნის გამოცხადების დროს... არ არის პირდაპირი მითითება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჯდება იმ ზოგად კონტექსტში, რომელსაც ინტერპოლი აფასებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერმა.

შეეძლო თუ არა ხელისუფლებას გაეკეთებინა მეტი იმისათვის, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად დავით ჯანდიერი დამატებით ინფორმაციას საჭიროებს, კერძოდ: იყო თუ არა სათანადო კომუნიკაცია ინტერპოლთან და რამდენად აქტიურად და დამაჯერებლად ცდილობდა ხელისუფლება დაეცვა თავისი პოზიციები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG