Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მსოფლიოს პრესა ბევრს წერდა საბერძნეთისა და ევროზონის კრიზისის თემაზე.

ბელგიის „სტანდარტი“ იმედგაცრუებულია არა მხოლოდ ათენის, არამედ საერთაშორისო კრედიტორების გამოც. „ყველა მხარისთვის სამარცხვინო წარუმატებლობაა ის, რომ ევროზონის წევრი მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ გადახდის უნარი აღარ აქვს. ევრო საბაზრო ინსტრუმენტი არ არის, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების პრინციპს ექვემდებარება. ის მილიონობით ევროპელის ნების გამოხატულებაა, ერთმანეთს დაუკავშირონ საკუთარი ბედი“, წერს ბელგიის „სტანდარტი“.

საკუთრივ საბერძნეთის გაზეთი „კათიმერინი“ ამ ქვეყნის მთავრობას განსჯის: „პრემიერ-მინისტრ ციპრასს არ გააჩნია უნარი მკაფიო გადაწყვეტილებები მიიღოს იმის შესაბამისად, თუ რა სჭირდება ქვეყანას რთულ ვითარებაში. საბერძნეთის დრამაში მონაწილეთა მიმართ ნდობა სერიოზულად დაეცა. ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების უუნარო მმართველი სახიფათოა მთელი სახელმწიფოსთვის. თავი დააღწიოს ზეწოლას რეფერენდუმის მოწყობის გზით, საბედისწერო შეცდომაა. დაუჯერებელია, რომ ბერძენი ხალხი ამ კატასტროფის მოწმე უნდა გამხდარიყო იმის გამო, რომ ქვეყნის მმართველობა უმწეოა“.

ხორვატიაში გამომავალი „ვეჩერნი ლისტი“ აღნიშნავს: „ციპრასის მთავრობა ვალშია ბერძენი ხალხის, საერთაშორისო „ტროიკის“ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ, ცხადად უპასუხოს კითხვაზე, თუ რა სურს. ამასთან, არ ჩანს, თუ რა გააკეთა საბერძნეთის მთავრობამ ეკონომიკის ზრდისთვის, საპენსიო ან დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმის გასატარებლად. აშკარაა, რომ რაც საბერძნეთში მოხდა, იდეოლოგიური პოლიტიკის შედეგია. მისი გატარება ხდება დოგმის მიხედვით, რომ ეკონომიკური და საფინანსო პრობლემები შორეულ პერსპექტივაში შეიძლება პოლიტიკური პრინციპებით მოგვარდეს. საბერძნეთის გაკოტრება იყო აუცილებელი, ამ თეზისის მცდარობაში რომ დავრწმუნებულიყავით? - შეკითხვას სვამს „ვეჩერნი ლისტი“.

ამერიკული გაზეთი „იუ-ეს თუდეი“ სტატიას იწყებს შეკითხვით: „ხომ არ იქნებოდა უკეთესი, საბერძნეთს დაეტოვებინა ევროზონა და კვლავ დრაჰმა შემოეღო?“- ამ შეკითხვას გაზეთი დადებითად უპასუხებს და განმარტავს: „ ამით ათენი შეძლებდა საკუთარი ეკონომიკის გაკონტროლებას. გადახდის უუნარობის ფაზის შემდეგ ის კვლავ შეძლებდა ფეხზე წამომდგარიყო. ბერძნული პროდუქტი და იქ დასასვენებლად ჩასვლა კვლავ მიმზიდველი იქნებოდა. ევროზონიდან გასვლა არ იქნებოდა იოლად გადასადგმელი ნაბიჯი, მაგრამ, სამაგიეროდ, ბერძნები შეძლებდნენ საკუთარი ბედი თვითონ განესაზღვრათ. ევროპის სხვა ქვეყნებს აღარ დასჭირდებოდათ დახმარების პაკეტებისთვის თანხების გაღება და ამით ცხად სიგნალს გაავრცელებდნენ, რომ ევროკავშირის კლუბში ის შეაღწევს, ვისაც საფინანსო სფეროს მოწესრიგება შეუძლია“.

ბრიტანეთის „ინდიპენდენტი“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მარცხად მიიჩნევს საბერძნეთის კრიზისს: „მომჭირნეობის პოლიტიკის ზეგავლენა საბერძნეთის მრეწველობაზე არასწორად განისაზღვრა. საბერძნეთის მრეწველობა უკანსვლას განიცდის, ამ დროს კი ფონდი კვლავ პენსიების შემცირებას და დამატებული გადასახადის გაზრდას ითხოვს. ნორმალურ პირობებში ასეთი სვლა მისასალმებელია, მაგრამ ამ მომენტში ეს საბერძნეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებდა და ვალები გაიზრდებოდა. მართალია, საბერძნეთმა საკუთარი საფლავი თვითონ გაითხარა - რამდენიმე მთავრობამ ბევრად მეტი გასცა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადასახადის გადამხდელებს ქვეყანა არ დაეტოვებინათ, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამის გამო მაინც არ ეპატიება არაკომპეტენტურობა და სიმხდალე“, წერს „ინდიპენდენტი“.

„ლა რეპუბლიკა“, რომელიც იტალიის დედაქალაქში გამოდის, თვლის, რომ „ალექსის ციპრასი საკუთარი რეფერენდუმის ტყვეა. კომპრომისი სულ ახლოს იყო, მაგრამ უნდობლობამ, პოლიტიკური გათვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს. ახლა მხოლოდ ორშაბათამდე ლოდინიღა დაგვრჩა, მანამდე არავითარ დიალოგი, არავითარი კომპრომისი“.

ბრიტანეთის „გარდიანის“ აზრით, საბერძნეთის მთავრობის სუსტი წერტილია ის ვალდებულება, რომელიც გამანადგურებელი მომჭირნეობის პოლიტიკის დასრულებაა და, ამავე დროს, ევროს ზონაში დარჩენა. რეალისტურად რომ შევხედოთ, ევროპელებისთვის ასეთი კომპრომისი არასოდეს ყოფილა შესაძლებელი. ევროპის ელიტისთვის საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე ისეთი საბერძნეთი, რომელიც წარმატებით იბრძვის მომჭირნეობის იძულებასთან. „გარდიანის“ აზრით, ეს იმიტომ, რომ ამით საბერძნეთი მისაბაძი გახდებოდა სხვა, ასევე მოვალე, სახელმწიფოებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG