Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2012 In Action


პეიჯები, პეიჯები, პეიჯები everywhere. ასეთი იყო 2012 ჯინეტში. ფეისბუკის ქართველმა მომხმარებლებმა განსაკუთრებით გასულ წელს აუღეს ალღო სოციალური ქსელის მოხმარებას ისე, რომ თვითონაც ეხალისათ და სხვისთვისაც მიეცათ იგივე შესაძლებლობა. ამას კი მოჰყვა ის, რომ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს პეიჯების გახსნა, რომლებსაც სულ რამდენიმე დღეში ათასობით, ათიათასობით ადამიანი შეუერთდა. მეტი აქტიური მომხმარებელი კი ნიშნავს მეტ ინტერაქციას და ასე დაიწყო გამოცოცხლება ჯინეტმაც, რომელსაც 2012 წელს უამრავი ახალი ვიდეო, ქარდი, დემოტივატორი, რეიჯი და მიმი შეემატა (ისინი, ვისთვისაც უცხოა ინტერნეტსლენგის ეს ტერმინები, განმარტებებს გზადაგზა, ამბის თხრობისას შეიტყობენ) - მაგალითად, ქართველი კოლუმბიაში, რომელმაც, „ჩიტის“ შეფასებით, „ყველა ზმნას აზრი შესძინა“, ან კიდევ „ტეჩნო guy”, რომელიც არის და იქნება და ა.შ.



„ჩიტი“ ინტერნეტში 2011 წელს გამოჩნდა. მისი გუნდი საკუთარ თავს „მედიაჰოლდინგს“ უწოდებს და ძირითადად იმითაა დაკავებული, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მყისიერი რეაქცია აქვს. მათი რეაქცია კი აისახება იუთუბისთვის მომზადებულ ვიდეოებში, ფეისბუკპოსტებში და, რაც მთავარია, დეზინფორმაციაში, რაც „ჩიტის“ არხს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, პოპულარული, ქართული იუთუბარხის წოდებას ანიჭებს. მაგალითად, ვიდეოს „ეცადე დაინახო მეტი“, რომელიც მეცხრე არხის სლოგანის პაროდიაა, 360 000 მეტი ნახვა აქვს, ჯამში კი, არხს - 764 000.

„ჩიტის“ რედაქტორი საბა ლეკვეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ „ჩიტი“ თავიდან, უბრალოდ, გასართობი პროექტი იყო, თუმცა მომავალში მის კომერციალიზაციასაც არ გამორიცხავს:

„მნიშვნელოვანია ის, რომ დავიწყეთ როგორც გასართობი მომენტი, ანუ, ზოგადად, როცა ვაკეთებთ ამ პროდუქტს, ვერთობით ხოლმე გადაღების პროცესში და ა.შ. მაგრამ თავისთავად ჩაფიქრებული გვაქვს, რომ შორეულ პერსპექტივაში ამ ბრენდს მონეტიზაცია გავუკეთოთ. შესაბამისად, გვინდა, რომ უფრო ცნობილი იყოს და უფრო მეტი ნახვები ჰქონდეს და ა.შ.“.

„ჩიტი“ თითქმის ორი წელია არსებობს, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული გასულ წელს გახდა. „ჩიტის“ რედაქტორი ამას პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურებას მიაწერს:

„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ საკმაოდ გაააქტიურა პოლიტიკური ცხოვრება და ისეთი ერთფეროვანი აღარ იყო, როგორც მანამდე, როცა გვიწევდა ერთსა და იმავე ტიპებზე საუბარი, და ამან განაპირობა, რომ მერე მოვახერხეთ და უფრო გაიზარდა თემები“.

როცა ცდილობ გაიხსენო რა ხდებოდა 2012 წელს ჯინეტში, აუცილებლად გაგახსენდება ფეისბუკპეიჯი, რომელიც, ძირითადად, ფეისბუკის ქართველი მომხმარებლების პოსტების, სტატუსების თუ კომენტარების დასქრინვით და მერე ამ სქრინების გავრცელებით იყო დაკავებული. „პიზდეცინტელექტუალიზმი“ - ესაა პეიჯი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მოახერხა ის, რომ მისი ლაიქერების ჩართულობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 50 %-ს გადააჭარბა. გვერდის შესახებ მისი შემქმნელი, ჯაბა შავიშვილი, ამბობს:

„მანამდე ჩემს პირად გვერდზე ვერთობოდი ცნობილი ადამიანების სასაცილო კომენტარებით. ზოგადად ეს სიტყვა ”ფორუმ.ჯი”-დან წამოვიდა: როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ინტელექტუალური რაღაც თქვა, სინამდვილეში კი ძალიან სასაცილო რაღაც გამოუვიდა. ამიტომ გადავწყვიტე ქეთა გაბიანის ერთ-ერთ პოსტზე, რომელშიც ის მემარცხენე ახალგაზრდებს უტევდა და მათ ავადმყოფებს უწოდებდა, შემექმნა გვერდი. დავდე ეს პოსტი და ნელ-ნელა ვნახე, რომ ხალხს მოსწონდა, 5 დღეში ათას ლაიქზე ავიდა, ნელ-ნელა იმატებდა და გადავწყვიტე ყოფილიყო. თან ჯინეტში პირველი აღმოჩნდა ასეთი ტიპის გვერდი, რომელიც ძალიან უყვართ და ხალისობენ“.

„აქედან ყველანი მივდივართ აღთქმულ მიწაზე“ - მთვრალი მოსე; „მგზავრის მესიჯები“ - ილია ოცდამეერთე საუკუნეში; „რუსუდან, შედი ბუტკაში“ - ჭიათურელი გიორგი სააკაძე; „ღვინოც, დუდუკიც, ქალებიც“ - ომარ ხაიამი. ეს ფრაზები არც მოსეს, არც ილიას, არც სააკაძეს და არც ომარ ხაიამს არასდროს უთქვამთ, თუმცა ჯინეტში ამას ამბობს ზარათუშტრა. „ასე იტყოდა ზარათუშტრა“ ფეისბუკ პეიჯია, რომელიც ამზადებს და ავრცელებს „ქარდებს“, ანუ იღებს ნებისმიერ ფრაზას და მას რომელიმე ცნობილ ადამიანს მიაწერს. აქედან მოდის გვერდის სახელიც, მისი შემქმნელისთვის ვინმე ცნობილი ადამიანის მიერ რამე მნიშვნელოვანის თქმა ყოველთვის ნიცშეს ამ პერსონაჟთან ასოცირდებოდა.

პეიჯი ინტერაქტიულია და საკუთარი ქარდის დამზადება ყველას შეუძლია, ამისთვის, უბრალოდ, საჭიროა შეხვიდეთ ფეისბუკზე, იპოვოთ პეიჯი და დაუკავშირდეთ საბოს, რომელმაც გვერდი იმისთვის შექმნა, რომ საკუთარი იდეები, რომლებიც წლების განმავლობაში უგროვდებოდა, ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო. საბოს სულ რამდენიმე თვე დასჭირდა იმისთვის, რომ ეს იდეები 26 ათას ადამიანამდე მიეტანა.

„რამდენიმე იდეა დავწერე სტატუსად ფეისბუკზე და საკმაოდ ბევრი ლაიქი აიღო, მოეწონა ხალხს, მეგობრებს. მერე ვიფიქრე, რატომაც არ გავაცნო ეს ცოტა უფრო ფართო აუდიტორიას, თუ მოეწონებათ-მეთქი. დავჯექი, ერთ დღეში ”კონცეფტი” ჩამოვყარე, როგორი უნდა ყოფილიყო, რა ფორმატის. ცოტა ”თრეშ ვარიანტი” გამომივიდა, ხელით ნაწერი და რაღაც ეგეთი... მსგავსი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. ამ მხრივ ცოტა განსხვავებულია სხვა ტექსტური, ვიზუალური კონტენტისგან, რაც ინტერნეტში იდება“.

საკუთარი იდეების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა საბოს გარდა კიდევ რამდენიმე ინტერნეტმომხმარებელმა გადაწყვიტა. თანაც, ინტერნეტში აუდიტორიის პოვნა არც ისე რთულია. საკმარისია, რომ მოიფიქრო რაღაც ახალი და იდეაც აუცილებლად იპოვის თავის ადგილს ქსელში. დავუშვათ, ავიღოთ ვინმე ცნობილი პიროვნება, - მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე, -ამოვჭრათ რამდენიმე ფრაზა მისი გამოსვლიდან და დავადოთ რომელიმე ცნობილი ჯგუფის სიმღერას, მაგალითად, Nirvana-ს Rape Me-ს. რაც გამოგვივა, ავტვირთოთ საუნდკლაუდზე და რამდენიმე დღეში 10 000-ზე მეტი მოსმენა გარანტირებული გაქვს. ასე მოიქცა Zur A, რომელმაც თავის საუნდქლაუდის არხზე ედუარდ შევარდნაძის გამოსვლების მიხედვით აგებული რამდენიმე სიმღერა გამოაქვეყნა.



2012 წელი არჩევნების წელი იყო და წინასაარჩევნო გარემომაც თავისი კვალი დატოვა ჯინეტში. მაგალითად, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში შემოგვემატა ახალი მიმი ( ”ინტერნეტ მიმი” არის ნებისმიერი სახის მასალა ინტერნეტში, აუდიო, ვიდეო თუ ტექსტური ფორმატის, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები აიტაცებენ და გაავრცელებენ).



კონფორმიზმი, უმუშევრობა, სტუდენტური მანიფესტი - ეს ის თემებია, რომლებითაც ჯინეტმა ალტერნატივ სტუდიო გაიცნო. ალტერნატივ სტუდიო აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“, საქართველოს პრეზიდენტს, თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას და მათ სატირას უპირისპირებდა. ავტორები, რომლებიც ამ ვიდეოებზე მუშაობდნენ, ანონიმურად რჩებოდნენ. ისინი იუთუბზე ნიღბებით ჩნდებოდნენ და მათი ვინაობა დღემდე საიდუმლოდ რჩება. სწორედ ამიტომ მათსავე სტილში შეცვლილად გთავაზობთ სტუდიის ერთ-ერთი წევრის მოსაზრებებს პროექტის შესახებ:

„ალტერნატივ სტუდიოს შექმნის იდეა იყო, რომ საქართველოში არ არსებობდა გემოვნებიანი პოლიტიკური სატირა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გავაკეთეთ ალტერნატივ სტუდიო. თან ვხვდებოდი, რომ უკვე მოსაბეზრებელი იყო ის საპროტესტო ქმედებები, რაც ამ ცხრა წლის განმავლობაში კეთდებოდა პოლიტიკური მეინსტრიმის წინააღმდეგ. ამიტომ მივხვდით, რომ საჭირო იყო რაღაც სხვა გზები, რითაც შეიძლება დაუპირისპირდე ხელისუფლებას, ნებისმიერ პოლიტიკოსს ან ნებისმიერ მოძალადეს და ეს უნდა გააშარჟო. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიქმნა ალტერნატივ სტუდიო“.

ალტერნატივ სტუდიო ხშირად იღებდა რომელიმე პოლიტიკოსის გამოსვლას და, როგორც სტუდიის წევრები აცხადებენ, მონტაჟის დახმარებით ქმნიდა „მოდელირებულ რეალობას“. ასე შეიქმნა მათი ერთ-ერთი პოპულარული ვიდეო: „’ნაციონალური მოძრაობის’ გამოსამშვიდობებელი საღამო“, სადაც დავით ბაქრაძის გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ისე იყო დამონტაჟებული, რომ თითქოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობდა:



„ისე, როგორც დღემდე მოვედით ერთად, წავალთ ერთად, რომ დანარჩენი 5 მილიონი ქართველი იყოთ კმაყოფილი.“ სტუდიაში ფიქრობენ, რომ მათი „მოდელირებული რეალობა“ შეურაცხყოფას არ აყენებდა არავის და ამ ყველაფერს, უბრალოდ, იუმორით უყურებდნენ:

„მოდელირებული არ ნიშნავს, რომ ცილს ვწამებდით ადამიანებს ან რამე ფაბრიკაცია იყო. არ ნიშნავს, რომ რაღაცას ვაბრალებდით ტიპებს. ეს იყო, უბრალოდ, იუმორით გაკეთებული ჩვენი წარმოდგენა ამ ტიპზე, ამ პარტიაზე, ამ სიტუაციაზე, რაც ქვეყანაში ხდება“.

სტუდიაში ფიქრობენ, რომ ამ ეტაპზე მიზანს მიაღწიეს და მანიფესტებმა, ვიდეომონტაჟმა და სატირამ, რომელიც მათი მთავარი იარაღი იყო, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენა მოახდინა. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ამბობენ, რომ ალტერნატივ სტუდიოს არსებობა არ შეუწყვეტია:

„ამ ეტაპზე ალტერნატივ სტუდიომ თავის მიზანს მიაღწია და ახლა რომ გაჩუმებულია და ახლაც არავინ იცის, ვისი გაკეთებულია ეს პროექტი, ეს იმის მანიშნებელია, რომ თუ საჭირო გახდება, ამ პროექტის არსებობა ყოველთვის განახლდება, როდესაც ხალხს დასჭირდება“.


2012 წელს ჯინეტის მომხმარებელი საკმაოდ აქტიური იყო. ფეისბუკის ქართველი მომხმარებლების რიცხვიც საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. მანამ, სანამ ფეისბუკის ადმინისტრაცია ყალბი ანგარიშების გაუქმებას გადაწყვეტდა, საქართველოდან საიტზე 800 000-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული. თუმცა „დიდი წმენდის“ შემდეგ (იგულისხმება ყალბი ანგარიშების გაუქმება ), ეს რიცხვი 100 000-ზე მეტით შემცირდა. საერთოდ, 2012 წელს ქართველი მომხმარებელი ფეისბუკზე ისე აქტიურობდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ცნობილი ქართველი ინტერნეტმიმი როგორც ამ წელს, ასევე შემდეგს და იმის შემდეგსაც შეიძლება ფეისბუკზე შეხვდეს.



წლის ბოლოს ასევე უნდა გავიხსენოთ 2012 წლის ერთ-ერთი პოპულარული ქართველი მიმი, „2011 წელზე გაბრაზებული ახალგაზრდა“, და დაველოდოთ, რას იტყვის 2012 წლის შესახებ. ვინ იცის, იქნებ მისი ვიდეო 2013 წლის ერთ-ერთ ჰიტადაც იქცეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG