Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდემდე ვითმინოთ ქმედითი შრომის ინსპექციის არარსებობა?!


ერთ-ერთ წინა ბლოგში ვწერდი, რომ ჩვენს სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ მოქმედებს მრავალგზის დაპირებული, ქმედითი შრომის ინსპექცია. ყოველ შემთხვევაში, დასაქმებულებმა არ იციან, ვის მიმართონ, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. მთავრობა არ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს იმისთვის ასეთი ქმედითი ინსპექციის შესაქმნელად − შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკო არაერთი დაპირებისა. საუბარი იყო ინსპექციის თანამშრომლების გადამზადებაზეც, მაგრამ აქამდე ვერანაირი ხელშესახები შედეგი ვერ მივიღეთ. შრომის ინსპექცია გაუქმდა 2006 წელს, წინა მთავრობის მემარჯვენე, ე.წ. ნეოლიბერალური რეფორმების დროს (თუმცა, რამდენად ქმედითი იყო ის, რაც შევარდნაძის დროს არსებობდა ცალკე საუბრის თემაა) და დღემდე, ფაქტობრივად, არ არსებობს.

შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნას დიდი ხანია, ითხოვს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები. არასამთავრობო ჯგუფებიდან ამ მიმართულებით ყველაზე მეტად აქტიურობენ თბილისის სოლიდარობის ქსელი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ქსელი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მაგრამ იმ საზოგადოებრივი ჯგუფებისა თუ დონორების რაოდენობა, რომლებიც შრომის უფლებების დაცვაზე იზრუნებდნენ, აშკარად არასაკმარისია.

19 ნოემბერს ჭიათურის „პერევისის“ მაღაროში მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ორი მუშა: 26 წლის ზურაბ გამეზარდაშვილმა მხედველობა დაკარგა, ხოლო 50 წლის ტარიელ ბიწაძეს ცალი თვალი დაუზიანდა. ეს ცალკეული შემთხვევა არ არის. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მრავალი მძიმე საწარმოო ტრავმა აღინიშნა. მეტიც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ყოველწლიურად ათობით ადამიანი ეწირება. ბოლო ხუთ წელიწადში, გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 202 ადამიანი, ხოლო მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო 447-მა პირმა. გამოდის, რომ წელიწადში საშუალოდ 40-მდე ადამიანი იღუპება, 90-მდე პირი კი მძიმე ტრავმას იღებს.

სახელმწიფო ვერ იძიებს ისეთ ინციდენტებსაც კი, რომელთა შესახებაც არსებობს ეჭვი, რომ ფატალური შემთხვევისა თუ ტრავმის მიზეზად სამუშაო გარემოში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა იქცა; აღარაფერს ვამბობ შრომის კოდექსის სხვა, შედარებით მსუბუქ დარღვევებზე − დასაქმებულთა უფლებები საქართველოში ხომ ყოველდღიურად, სისტემატურად, უსინდისოდ ირღვევა.

საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებისა და გერმანიის ფრიდრიხ ებერტის სახელობის ფონდის მიერ, 2014 წელს ჩატარებული გამოკვლევით ირკვევა, რომ საქართველოს ხუთ რეგიონში (თბილისში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში), პროფესიული კავშირების მქონე ორგანიზაციებში, შრომის კოდექსი მასობრივად, უპრეცედენტო მასშტაბით ირღვევა. აი, რამდენიმე ყველაზე თვალშისაცემი და გავრცელებული დარღვევაც:

♦ კომპენსაცია სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაცემულა კერძო სექტორში მომუშავეთა 72%-ისთვის და სახელმწიფო სექტორის მუშაკთა 28 %-ისთვის;
♦ წინასწარ გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვეს კერძო სექტორში მომუშავეთა 52%. სახელმწიფო სექტორში ეს მაჩვენებელი 33%-ს შეადგენს;
♦ კერძო სექტორში, ზეგანაკვეთური გრაფიკით მომუშავეთა 37% და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 39% არ იღებს დამატებით ანაზღაურებას;
♦ კერძო სექტორში დასაქმებულთა 42%-ს სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის არ აძლევენ დამატებით ანაზღაურებას. სახელმწიფო სექტორისთვის იგივე მაჩვენებელი 57%-ია!
♦ ღამის ცვლაში მუშაობის დროს კერძო სექტორში დასაქმებულთა 75% არ იღებს არავითარ დამატებით ანაზღაურებასა თუ შეღავათს. ანალოგიური მაჩვენებელი სახელმწიფო სექტორში შეადგენს 53%-ს;
♦ ორგანიზაციის ადმინისტრაციის მხრიდან კერძო სექტორში დასაქმებულზე ამა თუ იმ სახის ზეწოლა შეადგენს 20 %-ს; და ა.შ.

ამ დარღვევების გარდა არსებობს უამრავი სხვა დარღვევაც: დასაქმებულებს ანაზღაურების გარეშე და წერილობითი ხელშეკრულების გაუფორმებლად ამუშავებენ გამოსაცდელი ვადით, დასაქმებულებს ისეთ დავალებებს ასრულებინებენ, რომლებიც არ შედის მათ სამსახურებრივ მოვალეობაში, დასაქმებულებს ამუშავებენ შესვენებების გარეშე და ა.შ. კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს საქართველოში სრულიად უუფლებო, მონურ პირობებში უწევს მუშაობა. არ არის დაცული შრომის ელემენტარული უფლებები იმისთვის, რათა ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს (აღარაფერს ვამბობ დაბალ ხელფასებსა და დასაქმების დაბალ მაჩვენებელზე).

შრომის ინსპექცია ხელფასის საკითხს ვერ მოაგვარებს. ეს ინდივიდუალური დამსაქმებლის, დასაქმებულის, პროფკავშირებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს (სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მინიმალური ხელფასის დადგენის მხრივ). შრომის ინსპექცია ვერც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის ფაქტებს გაარჩევს, ეს სასამართლოს პრეროგატივა უფროა. სამაგიეროდ, შრომის ინსპექციას შეუძლია, გააკონტროლოს შრომის კოდექსის ელემენტარული ნორმების დაცვა, რათა ადამიანი მონურ პირობებში აღარ მუშაობდეს. ეს იქნება პროგრამა-მინიმუმი, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელოთ და ურომლისოდაც ვერ დაგვერქმევა სამართლიანი საზოგადოება.

დღეს სახელმწიფო, სამწუხაროდ, არაფერს აკეთებს პრობლემის გამოსასწორებლად და, თუ არ ვაიძულეთ, არც მომავალში გააკეთებს. 21-ე საუკუნეში მონობა დაუშვებელია!

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG