Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს 11 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება


ქუთაისი
ქუთაისი

2016 წლის 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, ხმის უფლების მქონე ამომრჩევლები იმერეთში 11 ოლქში აირჩევენ მაჟორიტარ დეპუტატს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქუთაისი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა ხმების თანაბრობის პრინციპის მიხედვით, სამ მაჟორიტარულ ოლქად გაყო. ამასთან, ქუთაისს შემოუერთდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 4 სოფელი: კვახჭირი, ჭოგნარი, გოდოგანი და ნახშირღელე. უცვლელად რჩება წყალტუბოს, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ოლქები და მათ თითო-თითო მაჟორიტარი ეყოლებათ. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნაწილი ტყიბულის მუნიციპალიტეტთან ერთ ოლქად იქნება წარმოდგენილი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთი ნაწილი ვანის და მეორე ნაწილი ხონის მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება და მოსახლეობა ერთ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. გაერთიანდა ბაღდათ-ხარაგაულ-ზესტაფონის ნაწილი, სამ მუნიციპალიტეტს ერთი მაჟორიტარი ეყოლება. ასევე დამოუკიდებლად ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატი ზესტაფონს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 3 634 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის“ საერთაშორისო საზოგადოების ადგილობრივი ოფისის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი განმარტავს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ იმ ადგილების ნუსხა უნდა გამოაქვეყნოს, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს სააგიტაციო პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, მერიამ საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა მიაწოდოს ნუსხა იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას შეძლებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი იმ პირებს ჩამოთვლის, რომლებსაც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება არა აქვთ. გიორგი სანტურიანის განმარტებით, კანონით ეკრძალებათ პოლიტიკური აგიტაციის გაწევა საარჩევნო კომისიის წევრებს, მოსამართლეებს, პროკურატურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს. ამასთან, აგიტაცია ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში ან უშუალოდ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას

ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანია ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა. პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ახლად დაფუძნებული პოლიტიკური სუბიექტების ოფისები კი ძირითადად ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. მმართველ პოლიტიკურ ძალას და ოპოზიციურ პარტიებს სამ ოლქად დაყოფილ ქუთაისში ამ დრომდე არ წარუდგენიათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, თუმცა ოფისებში აცხადებენ, რომ კანდიდატები ყველა ოლქში ეყოლებათ.

ამომრჩეველთა ერთიან სიას, სადაც თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დრომდე აახლებს და, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებულ ინფორმაციას მიმდინარე წლის 15 ივლისს საბოლოო სახით გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG