Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული დერეფნის მოთხოვნა ხურვალეთში


სამშვიდობო აქცია ხურვალეთში
სამშვიდობო აქცია ხურვალეთში

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს დავით ქობულაშვილს ხელიდან სისხლი მოსდიოდა. ის მავთულხლართს მაშინ გამოედო, როცა მავთულხლართებს მიღმა დათა ვანიშვილს ფქვილის ტომარას აწვდიდა. დავით ქობულაშვილი ხურვალეთში პირველად იმყოფებოდა. მისი თქმით, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და დაითრგუნა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ჩავიდნენ და სამშვიდობო აქცია გამართეს. ისინი მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს გაესაუბრნენ და მას სხვადასხვა პროდუქტები ღობის მიღმა გადააწოდეს. დავით ვანიშვილმა მათთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის მესაზღვრეები უშლიან ღობესთან მიახლოებას, რამდენიმე დღის წინ კი სახლში ჩხრეკაც ჩაუტარეს იმ მიზეზით, რომ თითქოს 83 წლის მოხუცი სახლში ქართველ სტუმრებს მალავდა. ვანიშვილის განცხადებით, გუშინდელი დღე სოფლის სასაფლაოზე მარტომ გაატარა და გარდაცვლილი თანასოფლელების საფლავებს უვლიდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ხურვალეთიდან ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მოწოდებით მიმართეს. მათი აზრით, ისეთი ჰუმანიტარული საკითხი, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული პირებისა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მიერ ნათესავების საფლავების მონახულება, პოლიტიკური დისკუსიის საგანი არ უნდა იყოს და ადამიანებმა წელიწადში ერთხელ მაინც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა უნდა შეძლონ. აღდგომის დღესასწაულზე ათასობით დევნილმა ნათესავთა საფლავების მონახულება ვერ შეძლო, ასევე შეზღუდული იყო გადაადგილება სოფელ ხურვალეთისა და კირბალის სალოცავებისა და სასაფლაოებისკენ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი აცხადებს, რომ, მხარეების გარდა, ამ საკითხის გადაჭრაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ, რომ ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა მოხერხდეს. მისი აზრით, დღევანდელი აქცია მხარდაჭერის აქციაცაა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების უფლება.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მავთულხლართების სიახლოვეს პლაკატები გაშალეს, წარწერებით: „ვუპატრონოთ საფლავებს“, „აღდგომის გზა ხსნილია“, „ერთი დღე ბარიერის გარეშე“. ამ აქციის პარალელურად გორში ყოველგვარი ბარიერის გარეშე მთელი დღის განმავლობაში მოძრაობდა ავტომანქანების კოლონა, რუსეთის დროშებითა და საბჭოთა სიმბოლიკით. მანქანებში მსხდომი ადამიანები მედიის წარმომადგენლებთან კონტაქტს გაურბოდნენ. ისინი რუსული სანომრე ნიშნებით შემოვიდნენ და მზადება დაიწყეს 9 მაისის აქციებისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ამ დღეს გორში კომუნისტები და ევრაზიული კავშირის მომხრეები დიდი მანიფესტაციის ჩატარებას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG