Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაველის პრემია - აზერბაიჯანელ აქტივისტს


ჰაველის პრემიის გადაცემის ცერემონია
ჰაველის პრემიის გადაცემის ცერემონია

29 სექტემბერს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის ლაურეატის ვინაობა. წელს ის მიენიჭა აზერბაიჯანელ უფლებადამცველს ანარ მამადლის. აზერბაიჯანელი აქტივისტი ვერ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას იმ უბრალო მიზეზით, რომ ციხეშია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ჰაველის სახელობის პრემიის წლევანდელი ლაურეატის შესახებ სტრასბურგში გამოაცხადა საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ან ბრასორმა: „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა 2014 წლის პრემია მიენიჭა ბატონ ანარ მამადლის“.

აზერბაიჯანელ უფლებადამცველზე არჩევანი შეაჩერეს ნომინანტების ფინალური სამეულიდან. მამადლისთან ერთად ამ სამეულში მოხვდნენ ისრაელში დაფუძნებული ორგანიზაცია „ბეთსელემი“, რომელიც იცავს როგორც ისრაელელების, ისე პალესტინელთა უფლებებს, და იეზუიტების ლტოლვილთა სამსახურის მალტის განყოფილება, რომელიც ზრუნავს თავშესაფრის მაძიებლებზე. ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო, 79 ათასი დოლარის ოდენობით.

რახან ანარ მამადლი ციხეშია და ვერ დაესწრო დაჯილდოების ცერემონიას, მის ნაცვლად სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა მამამისმა, ასაფ მამადლიმ: „ანარი ფიქრობს, რომ მისი - აზერბაიჯანის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქის - კანდიდატურის წარდგენა მთელ მსოფლიოში ცნობილი მწერლისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზე არის დემოკრატიის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ამჟამინდელი პოლიტიკური რეპრესიების პირობებში. ანარი ამბობს, რომ ეს პრემია მას ანიჭებს მორალურ ძალას და ახდენს სოლიდარობის დემონსტრირებას არა მარტო მის და იმ ორგანიზაციის მიმართ, რომლის წევრიც ის არის, არამედ ციხეებში მყოფი ყველა უფლებადამცველის მიმართაც“.

ასაფ მამადლიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თვითონაც გადაუხადა მადლობა შვილისთვის ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიის მინიჭების გამო: „მეც, როგორც მამა, თქვენ მიმართ მადლიერებას გამოვხატავ. ჩემი შვილი და სხვა პოლიტპატიმრები უსამართლოდ იქნენ დაპატიმრებული თავიანთი მცდელობისთვის დემოკრატია დაემყარებინათ აზერბაიჯანში. იმედი მაქვს, რომ ამ საპატიო გზაზე სამართლიანობა გაიმარჯვებს“.

ჰაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ანარ მამადლი წელს მაისიდან იხდის 5,5-წლიან პატიმრობას. ბაქოში მოქმედი ორგანიზაციის, „არჩევნების სამეთვალყურეო და დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებელი დაკავებულ იქნა უკანონო მეწარმეობის, გადასახადებისათვის თავის არიდებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, თუმცა ეს ბრალდებები ბევრს მიაჩნია რეაქციად მამადლის ორგანიზაციის მიერ აზრებიაჯანში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კრიტიკულად შეფასებაზე.

არჩევნებში ხმების 84%-ზე მეტით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაშინ როცა წამყვან ოპოზიციონერ კანდიდატს 5%-ზე ოდნავ მეტი ერგო.

მამადლისთან ერთად აზერბაიჯანში გაასამართლეს მისი მოადგილეც, ბაშირ სულეიმანლი. მას 3,5 წლით პატიმრობა შეეფარდა.

ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზე წელს სულ 56 კანდიდატი იყო წარდგენილი. ევროპის წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - ამ პრემიას მეორე წელია გასცემს. 2013 წელს ის მიენიჭა ბელორუს უფლებადამცველს, ალეს ბელიაცკის.

XS
SM
MD
LG