Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაცლავ ჰაველის ბიუსტი კონგრესში


ამერიკის კონგრესში ვაცლავ ჰაველის ბიუსტი დაიდგა
ამერიკის კონგრესში ვაცლავ ჰაველის ბიუსტი დაიდგა

როცა ჩეხეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" 25 წლისთავს აღნიშნავდნენ, ამერიკის კონგრესის წევრები პატივს მიაგედბნენ ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტს, ცნობილ მწერალს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ვაცლავ ჰაველს.

ვაცლავ ჰაველის ბიუსტი კაპიტოლიუმში, სტიუარტ ჰოლში ვინსტონ ჩერჩილის, მარტინ ლუთერ კინგის, რაულ ვალენბერგის და სხვა გამოჩენილი ლიდერების გვერდით დაიდგა.

ცერემონიალს, სადაც ამერიკელმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა პატივი ჰაველის მემკვიდრეობას მიაგეს,კონგრესის სპიკერი - ჯონ ბეინერი უძღვებოდა.

“ის იყო მწერალი, რომელმაც კომუნისტები ერთადერთი იარაღით - სიმართლით ამხილა. ამისთვის ის სამჯერ მოხვდა ციხეში, უამრავჯერ დაიკითხა, მუდმივად უთვალთვალებდნენ, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა წერას და ნაწერებს მალავდა. როცა დასავლეთში გაქცევა შესთავაზეს მან უარი თქვა - მე, უბრალოდ გიჟი ჩეხი ვარ აქ დავრჩებიო,“ თქვა ბეინერმა.

„არავინ უნდა იქნას დავიწყებული, ვინც თავისუფლების ფასი გადაიხადა“ ვაცლავ ჰაველის მიერ 1990 წელს წარმოთქმული ამ სიტყვებით გაიხსენა ყოფილი პრეზიდენტი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა -ბოჰუსლავ სობოტკამ:

„ვაცლავ ჰაველის ბიუსტის გახსნით ჩვენ პატივს მივაგებთ არა მარტო მას, არამედ როგორც თვითონ იტყოდა, სათითაოდ ყველას, ვინც არ დაიჩოქა და თავისუფლებისთვის იბრძოლა. ვინც მიუხედავად პატიმრობისა, ტანჯვისა თუ სიკვდილისა, ხმა აიმაღლა ისევე, როგორც ჩეხმა მწერალმა და დრამატურგმა ვაცლავ ჰაველმა“

ჰაველის ხსოვნას ვაშინგტონში კიდევ რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა. კონგრესის ბიბლიოთეკაში ჰაველის მემკვიდრეობაზე და თავისუფლებისთვის მის ბრძოლაზე ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა - მადლენ ოლბრაიტმა და სენატორმა ჯონ მაკკეინმა ისაუბრეს.

“მთავარი გაკვეთილი, რაც შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ არის ის, რომ ისტორიის შესაცვლელად იარაღის ძალა არ არის აუცილებელი, არამედ საჭიროა ხმის ამაღლება, დიდი სურვილი და მსხვერპლი."

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰაველს ადამიანის უფლებების სპიკერი უწოდა:

“იმ უამრავ თვისებას შორის რაც ჰაველს განასხვავებდა მნიშვნელოვანია, რომ ის საუბრობდა არა მხოლოდ იმაზე, თუ რა იყო არასწორი მის ქვეყანაში, არამედ მისი მორალური ავტორიტეტის წყალობით ის ადამიანის უფლებების სპიკერი გახდა. ის იდგა მათ გვერდით, ვინ თავიანთ ქვეყნებში თავისუფლებისთვის იბრძოდა,“

რესპუბლიკელი ჯონ მაკეინისთვის ჰაველი ევროპაში ფუნდამენტური ცვლილებების მომტანი იყო:

“მთავარი გაკვეთილი, რაც შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ არის ის, რომ ისტორიის შესაცვლელად იარაღის ძალა არ არის აუცილებელი, არამედ საჭიროა ხმის ამაღლება, დიდი სურვილი და მსხვერპლი. ღმერთია მოწმე, რომ ჰაველმა დიდი მსხვერპლი გაიღო. ერთი რამ, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს არის ადამიანის უფლებების უნივერსალური პრინციპი. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ ან საიდან ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რა რეჟიმი არსებობს, ადამიანის უფლებები უნივერსალურია. ჰაველისგან ზუსტად ეს ვისწავლე.”

მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ჰაველის ბრძოლა ჩეხოსლოვაკიაში „ხავერდოვანი რევოლუციით“ დასრულდა. 1989 წელს ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პირველი არჩეული პრეზიდენტი გახდა, სლოვაკეთის დამოუკიდებლობის შემდეგ კი - ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი არჩეული პრეზიდენტი.

ჰაველის როკის, ჯაზისა და ბლუზისადმი სიყვარულის აღსანიშნავად კონგრესმენებმა ამერიკელი მუსიკოსი, ჯგუფ ZZ Top-ის გიტარისტი ბილი გიბონსი მოიწვიეს.

ამ დღისთვის გიბონსმა სიმღერის ტექსტი საგანგებოდ შეცვალა. „შენ არ იყავი ვალდებული გყვარებოდი, მაგრამ შემიყვარე“, ასე ჟღერდა მისი თავდაპირველი ვარიანტი, ცერემონიალზე კი გიბონსმა იმღერა „შენ არ იყავი ვალდებული შეგეცვალა, მაგრამ შეცვალე“...

XS
SM
MD
LG