Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია გორში მერის და გამგებლის იმპიჩმენტსაც აპირებს


გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 15 თებერვალს გაიმართება. შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს წევრებმა განცხადება კანცელარიაში უკვე შეიტანეს. რიგგარეშე სხდომაზე ახალი ოპოზიციური უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კიდევ 4 კომისიის თავმჯდომარეს აირჩევს. ახალი უმრავლესობის წევრები ჯერჯერობით კანდიდატურებზე არაფერს ამბობენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ილია მეტრეველს, ირაკლი ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენელს, წარადგენენ, ხოლო მის მოადგილედ იოსებ ფალელაშვილს, დამოუკიდებელ დეპუტატს, დაასახელებენ. რიგგარეშე სხდომის გამართვამდე კი მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ახალი უმრავლესობის წევრები მერის და მუნიციპალიტეტის გამგებლის იმპიჩმენტზე ალაპარაკდნენ. „ქართული პარტიის“ წარმომადგენელი, ლერი ლაფაჩი, აცხადებს, რომ ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ახალ უმრავლესობას დესტრუქციული ძალა უწოდა და მათი დაშლა ივარაუდა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მხოლოდ თანამდებობების დაკავების სურვილი აერთიანებთ.

ქალაქში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად მერს და საკრებულოს თანამშრომლობა მოუწევთ, მაგრამ ამ დაპირისპირებიდან ცხადი ხდება, რომ ეს არცთუ ისე მარტივი იქნება, რადგან ორივე მხარე კონფრონტაციულ რეჟიმს ირჩევს. გორის 15-კაციან საკრებულოს მერისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 10 ხმა სჭირდება. ახალ უმრავლესობას ჯერჯერობით 8 ხმა აქვს. ბურჯანაძის „გაერთიანებული ოპოზიციის“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა უნდობლობის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს და ამით კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარე დაიჭირეს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის თქმა ახლა ძნელია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი გორის საკრებულოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს აუცილებელია პოლიტიკოსებმა დაასაბუთონ და საზოგადოებას ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივები უთხრან. დღემდე ოპოზიცია არ ასახელებს იმ არგუმენტებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, ოქრუაშვილისა და ალასანიას პარტიების გამაერთიანებელი გახდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ რაიონის გამგებლის იმპიჩმენტი წარმოუდგენელია, რადგან მუნიციპალიტეტის საკრებულოში ძალთა ბალანსი მმართველი კოალიციის სასარგებლოა. თავზარაშვილის აზრით, გამგებლის მუშაობა დადებითად ფასდება და უნდობლობის საკითხის დაყენებას გამორიცხავს.

გორის 35-კაციან საკრებულოში გამგებლისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 24 ხმაა საჭირო, ოპოზიციას კი საკრებულოში მხოლოდ 11 წარმომადგენელი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG