Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის მერის დაბალი რეიტინგი


ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხედვით, სხვა ქალაქების მერებთან შედარებით, ყველაზე დაბალი რეიტინგი გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს აქვს. ჯირკველიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი აფასებს დადებითად, საშუალოდ - 31 პროცენტი, ხოლო უარყოფითად - 19 პროცენტი. ასევე დიდია ამ კითხვაზე პასუხის არმქონეთა რაოდენობა. 34-მა პროცენტმა არ იცის როგორ შეაფასოს გორის მერის საქმიანობა. გამოკითხვის პასუხების გამოქვეყნება სოციალურ ქსელებში დისკუსიის საგანი გახდა, ქუჩაში გამოკითხულთა აზრიც ორ ნაწილად იყოფა. გორელების ნაწილმა მერის გადადგომაც კი მოითხოვა.

კვლევის შედეგებს სკეპტიკურად აფასებს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი. იგი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვას არ ენდობა, თუმცა აცხადებს, რომ მისი საქმიანობის საშუალოდ შემფასებელთა დიდი რაოდენობაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალაქში გარკვეული პროექტები ხორციელდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც შეაფასეს. ოპოზიცია გორის მერის საქმიანობით უკმაყოფილოა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თამარ თედლიაშვილის თქმით, შემთხვევით არ დაიწყო საკრებულოში ოპოზიციამ გორის მერის იმპიჩმენტის პროცედურები, თუმცა ეს საკითხი ზოგიერთ წევრზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად ჩავარდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მინდია გოდერძიშვილის აზრით, მარტო ჯირკველიშვილის კი არა, მთლიანად საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ფასდება უარყოფითად, რადგან, მისი აზრით, ქვეყანაში არაფერი კეთდება.

სხვა აზრის არიან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები. გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ გამოკითხვით არ უნდა ფასდებოდეს მერის საქმიანობა.

კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივ ჟურნალისტებს მედიატურის მოწყობა და იმ ინფრასტრუქტურული ობიექტების დათვალიერება შესთავაზა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG