Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიკეთე მოაქვს ნატოს უელსის სამიტს?


გორში ნიმდის დემოკრატიის სკოლაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ დისკუსია გაიმართა. გორში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტე და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე ჩავიდნენ. მათ დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან და კურსდამთავრებულებთან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩამოყალიბების ისტორიაზე, დღევანდელ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ილაპარაკეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატოს უელსის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებებს და საქართველოს ადგილს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ამ გზაზე ქვეყანა პროგრესს განიცდის, რადგან, გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისით, ის უკვე ბალკანეთის ქვეყნების ჯგუფშია. გარდა ამისა ისიც ცნობილია, რომ ამ სამიტის შემდეგ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საუბარი შეეხო არსებით პაკეტს, რომელიც საქართველომ ნატოსგან მიიღო. პაკეტი გულისხმობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, წვრთნების ჩატარებას და ალიანსთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირს.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დარბაზში შეკრებილი საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. მთავარი კითხვები ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას ეხებოდა. სტუმრების განცხადებით, გაწევრიანება დიდწილად საქართველოს მზაობაზეა დამოკიდებული და აუცილებელია რეფორმების გატარება როგორც თავდაცვის, ისე პოლიტიკის მიმართულებით. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე აცხადებს, რომ საზოგადოება ინფორმაციას ძირითადად მედიით იღებს, მაგრამ აუცილებელია მათთან პირდაპირი და უშუალო კონტაქტი.

აღსანიშნავია, რომ ნატოსთან ინტეგრეციის პროცესის ნელი ტემპით სარგებლობენ ევრაზიის კავშირის მომხრეები, რომლებიც ხშირად ჩადიან გორის მუნიციპელიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში, მოსახლეობისთვის ჩააქვთ ჰუმანიტარული ტვირთი და მათთან შეხვედრებზე ევრაზიულ კავშირში შესვლაზე, რუსეთთან ინტეგრეციის უპირატესობებზე საუბრობენ.

შინდისის მცხოვრები ბათუ ქორჩილავა აცხადებს, რომ რეგიონებში ნატოს შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ , ამიტომ საზოგადოებასთან შეხვედრები უფრო ხშირად უნდა ხდებოდეს.

თათია უმეკაშვილი სტუდენტია, მისი აზრით, მსგავსი შეხვედრები რეგიონებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებშიც უნდა იმართებოდეს, რათა ახალგაზრდები უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ.

საზოგადოების ინფორმირების გარდა, განსაკუთრებით რეგიონებში, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის მომხრეებს საბჭოთა მეხსიერებიდან შემორჩენილი და ახლად დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევაც მოუწევთ, რათა საბოლოოდ დაარწმუნონ ეს ხალხი დემოკრატიული ღირებულებების უპირატესობაში. ეს ნატოს საინფორმაციო ცენტრშიც კარგად ესმით და რეგიონებში შეხვედრებს ააქტიურებენ.

XS
SM
MD
LG