Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარიდან კვლავ გადასაღებ მოედანს მიაშურებს


გიორგი ოვაშვილი
გიორგი ოვაშვილი

9 ივლისს გიორგი ოვაშვილი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმ „სიმინდის კუნძულის“ საკონკურსო ჩვენებამდე ქართველმა რეჟისორმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, შემდეგ კი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელ 15 წლის მარიამ ბუთურიშვილთან ერთად კარლოვი ვარის სასტუმრო „ტერმალის“ შესასვლელთან გაფენილ წითელ ხალიჩაზე, ცოცხალ დერეფანში გაიარა და, როგორც კინოკრიტიკოსები ამბობენ, თავისი ფილმის „მსოფლიო პრემიერას“ დაესწრო.

ქართველი რეჟისორის საათნახევრიანი ფილმი ძირითადად აფხაზურ ენაზეა, თუკი შეიძლება საერთოდ ხმოვანი ეწოდოს „სიმინდის კუნძულს“, ფილმს, რომელშიც დიალოგს მხოლოდ 3 წუთი ეთმობა. თუმცა ოპერატორის ემის მფლობელ ელემერ რაგალის მაღალი ოსტატობით ნაჩვენები განუმეორებელი ქართული ლანდშაფტი, კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილის მუსიკალური გაფორმება და მსახიობების ოსტატობა მკაფიოდ გადმოსცემს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მთავარ სათქმელს - მიწა ეკუთვნის შემოქმედს, ადამიანი კი შრომის, თვითგანჭვრეტის, სიკეთისა და ზოგჯერ ისეთი უაზრო თავგანწირვისთვისაა შექმნილი, როგორითაც ფილმის ბოლოს „სიმინდის კუნძულის“ ბინადარი მოხუცი აფხაზი იღუპება.

როგორც ზემო ითქვა, გიორგი ოვაშვილის საათნახევრიანი ფილმი არის კინო ნოველა აფხაზ მოხუცზე, რომელიც თავის პატარა შვილიშვილ გოგონასთან ერთად მდინარე ენგურის ადიდების შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე განმარტოვდება და გადაწყვეტს, ზაფხულის პერიოდში იქ სიმინდი მოიყვანოს. ან შეიძლება, განმარტოება უნდა იმისათვის, რომ, უბრალოდ, მოწყდეს რეალობას, დარჩეს საკუთარ თავთან, რაც არცთუ ისე იოლია იმის გამო, რომ კუნძული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მიწის დამუშავებას მის ახალ მფლობელს არც შეიარაღებული ბრაზიანი აფხაზები უშლიან და არც ჭოგრიტში მომზირალი ჭკუამხიარული ქართველი სამხედროები, კუნძულის შორიახლოს ხშირად ისმის სროლის ხმა და ყოველ წუთს იგრძნობა, რომ „უფლის მიწაზე“, როგორც მდინარის მოტანილ პატარა კუნძულს უწოდებს აფხაზი მოხუცი, მშვიდობა მყიფეა, მტრობა კი - გაუნელებელი.

გიორგი ოვაშვილის ფილმის, "სიმინდის კუნძულის" პლაკატი. მთავარ როლში მარიამ ბუთურიშვილი
გიორგი ოვაშვილის ფილმის, "სიმინდის კუნძულის" პლაკატი. მთავარ როლში მარიამ ბუთურიშვილი

უნდა ითქვას, რომ კარლოვი ვარიში გამართულ საკონკურსო ჩვენებას არ ესწრებოდა ფილმ „სიმინდის კუნძულის“ მთავარი გმირი, თურქი მსახიობი ტამერ ლევენტი, თუმცა ეს შესაძლოა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ერთგვარი ტაქტიკური სვლაც კი იყო, რათა ცნობილი მსახიობის ყოფნას პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე არ დაეჩრდილა არაპროფესიონალი მსახიობი, 15 წლის მარიამ ბუთურიშვილი, რომელმაც მართლაც საოცრად თვინიერი, მაგრამ ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გმირის დაუვიწყარი სახე შექმნა. მარიამ ბუთურიშვილი, რომელიც გიორგი ოვაშვილმა როლზე ყოველგვარი სინჯის გარეშე, სოციალური ქსელის მეშვეობით შეარჩია, სინამდვილეშიც თავისი გმირივით უთქმელი და მორიდებულია.

დაბოლოს, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს გიორგი ოვაშვილის ფილმის, “სიმინდის კუნძულის”, ინტერნაციონალური ხასიათი. ესაა პროექტი, რომლის გადამღები ჯგუფი 12 ქვეყნის პროფესიონალი კინემატოგრაფისტებით არის დაკომპლექტებული. “სიმინდის კუნძულმა” ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდ “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა და გადაღებებში, საქართველოს გარდა, ფრანგული, გერმანული, ყაზახური და შვეიცარიული მხარეა ჩართული. ამიტომ ცამდე მართალია ფილმის კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი, როცა ამბობს, რომ „სიმინდის კუნძულმა“ ლამის მთელი მსოფლიო გააერთიანა“.

ქართველ რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმს კარლოვი ვარის ფესტივალის შემდეგ უკვე ქართველი მაყურებელიც იხილავს. თუმცა წინ არის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვა და საერთაშორისო ჟიურის მიერ კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო მხატვრული ფილმის გამოცხადება. გამარჯვებულს 12 ივლისს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ბროლის გლობუსი“, გადაეცემა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი 11 ფილმიდან „სიმინდის კუნძული“ უდავოდ ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია, თუმცა გამარჯვების შანსებსა და შემდგომ წარმატებებზე წინასწარ არაფერს ამბობს გიორგი ოვაშვილი, ქართველი რეჟისორი, რომელიც სულ მალე ახალი პროექტის რეალიზებას - საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელი დღეების ამსახველი მხატვრული ფილმის გადაღებას შეუდგება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG